10 მაისი 30 წუთის საკითხავი
რა მნიშვნელობა აქვს ფერებს თქვენი ბრენდის შექმნასა და წარმატებაში?

ყველა წარმატებულ კომპანიას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აერთიანებს: განსაკუთრებული დამოკიდებულება ფერების მიმართ. ხშირად მარკეტოლოგები და დიზაინერები ირწმუნებიან, რომ კომპანიების წარმატებაში ფერები იმაზე მეტად მნიშნელოვანია, ვიდრე პროდუქტი, რომელსაც ქმნის. ადამიანებს, პირველ რიგში, ნებისმიერი რამ ვიზუალურად ამახსოვრდებათ, ვიზუალში კი, მთავარი ფერია. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით ავხსნათ, რატომ აქვს ფერებს მნიშვნელობა და რამდენად დიდ როლს ასრულებს ის ბრენდის წარმატებაში...

 

ერთი წუთით შეეცადეთ გაიხსენოთ, მსოფლიო ბაზარზე რომელი ფერებია დომინანტური… დიდი ალბათობით, თქვენ, პირველ რიგში, ცისფერი გაგახსენდათ. ჩამოვთალოთ ცნობილი კომპანიები, რომლებიც თავიანთი ბრენდის იდენტიფიცირებისთვის ცისფერს იყენებენ და ამაში ერთად დავრწმუნდებით: Facebook, Skype, Mazda, Ford, Visa, Nokia, Samsung, hp, Philips, Bank of America, Barclays და ა.შ. ასეთი კომპანიების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მათ შორის, საქართველოს მაგალითებზეც. ცხადია, ცისფერი არ არის ერთადერთი, თუმცა ის ყველაზე მეტად გავრცელებულია. საინტერესოა,  მათ ისეთი რა იციან, რაც ჩვენ არ ვიცით?

 

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: მათ იციან, როგორ დააკავშირონ თავიანთი პროდუქტის შინაარსი და ბიზნესი ფერებთან. ისევე, როგორც სახლის მშენებლობისას,  ბრენდის შექმნის ეტაპზეც, უმნიშვნელოვანესია იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ ყველა არსებული ხელსაწყო წარმატებული, ხოლო სახლის შემთხვევაში, მყარი და კომფორტული საცხოვრისის ასაშენებლად. ამ სტატიაში სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით, ამისთვის კი გამოვყოფთ ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ მუშაობს ბიზნესში ფერების ფსიქოლოგია.

 

რატომ არის ფერები ასეთი მნიშვნელოვანი?

 

გვითხარით, რა გაფიქრდებათ მაშინ, როცა სიტყვა „სიყვარული“ყურშიჩაგესმით? მნიშვნელობა არ აქვს პოზიტიურად უყურებთ ამ საკითხს, თუ ნეგატიურად, ნებისმიერ შემთხვევაში, სიყვარული  ძლიერ ემოციურ განცდებთანაა დაკავშირებული, განსხვავებით სიტყვა „დაცემისგან“.

ემოციას დიდი ძალა აქვს და, ეს ჩვენ მოგვწონს თუ არა, გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ ის გვკარნახობს არჩევანს. თუკი თქვენ ქმნით ბრენდს, აუცილებლად გენდომებათ, რომ, როგორც კომპანიამ, მომხმარებლებთან ემოციური კავშირი დაამყაროთ,. პრობლემა ისაა, რომ სამწუხაროდ, ლოგოს და შეფუთვის დახმარებით, თქვენ არ შეგიძლიათ კომპანიის დაარსების მთელი ისტორია მოყვეთ, თუმცა ფერების დახმარებით, შესაძლებლობა გაქვთ მომხმარებლების გულებამდე მოკლე გზა გაიკვალოთ.

 

ფერების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფსიქოლოგი და მკვლევარი ფაბერ ბირენი თავის წიგნში ასკვნის, რომ როგორც სიტყვა „სიყვარული“ და „დაცემა“ იწვევს განსხვავებულ განცდებს, ფერებიც ასევე რეაგირებს ადამიანების ემოციებზე. კიდევ უფრო საინტერესო კი ისაა, რომ სხვადასხვა ადამიანებში ერთსა და იმავე ფერს განსხვავებული ემოციების გამოწვევა შეუძლია, თუმცა ასეთ შემთხვევებს უფრო მეტად კულტურათა სხვაობებში ვაწყდებით. მაგალითად, ყვითელი ფერი ბრაზილიელებისთვის ბევრად უფრო ახლობელია, ვიდრე ფინელებისთვის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინიც კი ერთნაირად რეაგირებენ ფერებზე, რომლებსაც ბრენდები იყენებენ. კაცობრიობას ევოლუციის პროცესში ფერებთან მიმართებით საერთო ასოციაციები ჩამოუყალიბდა. მაგალითად, წითელი შუქი ყველასთვის ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდეს, ხოლო მწვანე ანიშნებს, რომ მოძრაობა ნებადართულია. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ მუშაობს. მაგალითად, ამერიკელებისთვის მწვანე ფერი ხშირად დოლართან ასოცირდება, რადგან მათი ფულის ერთეული სწორედ ამ ფერისაა, მაგრამ ქართველს რომ უთხრა „მწვანე დავხარჯეო“, დიდი ალბათობით ვერ მიხვდება რაზეა საუბარი.

ამ ქვეთავის შეჯამებისას უნდა ითქვას, რომ ბრენდის წარმატებისთვის ფერების სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესია, რადგან ემოციებს და ასოციაციებს იწვევს, რაც  თქვენს კომპანიას ადამიანებისთვის უფრო მეტად დასამახსოვრებელს ხდის.

 

როგორ შევარჩიოთ სწორი ფერი ჩვენი ბრენდისთვის?

 

ეს საკმაოდ რთული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესია. არასწორად შერჩეულმა ფერმა შესაძლოა უამრავი ფული და მომხმარებელი დაგაკარგვინოთ, სწორად შერჩეულმა კი, თქვენს მოლოდინსაც გადააჭარბოს. იმისთვის, რომ ბრენდისთვის სწორი ფერები შეირჩეს, პირველ რიგში, აუცილებელია თავად პროდუქტის იდენტიფიცირება. ნეირომეცნიერი ანტონიო დამასიო თავის კვლევებში ასკვნის, რომ უფრო მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ მომხმარებლები ბრენდის შესახებ, ვიდრე პროდუქტზე. თუკი ადამიანები ემოციურ კავშირს ამყარებენ რომელიმე კონკრეტულ ბრენდთან, მისი პროდუქტიც გამძაფრებულად მოსწონთ.

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ბრენდმა მომხმარებლებთან ემოციური კავშირის დამყარება შეძლოს. ფერებთან მიმართებით, ამას რამდენიმე ეტაპი აქვს. პირველ რიგში, თქვენი ბრენდის იდენტიფიცირებაა: ვისთვის არის ის? რა პროდუქტს აწარმოებთ? როგორი ხასიათი აქვს მას? ინოვაციურია თუ ტრადიციული? მდიდრულია თუ ხელმისაწვდომი?

 

ასევე, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ფერი, რომელსაც თქვენი ბრენდისთვის შეარჩევთ, უნდა იყოს მუდმივი. შესაძლოა თქვენ აირჩიოთ ცისფერი ან წითელი, რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ ფერების სხვადასხვა გრადაციები გამოიყენოთ, თუმცა ცისფერი არ უნდა იქცეს მწვანედ (ან ნებისმიერ სხვა ფრად) - ასეთი გადაწყვეტილება ერთგულ კლიენტებს დაგაკარგვინებთ.  კოკა-კოლა შექმნის დღიდან წითელ ფერთან ასოცირდება, ამიტომ ის უფრო მეტი იყიდება, ვიდრე შავ ან თეთრ ფერიანი კოკა-კოლა.

მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ შეძლებთ განსაზღვროთ, რომელი ფერების შერჩევაზე დაიწყოთ ფიქრი. მას შემდეგ, რაც გაიგებთ, ვისთვის იქმნება თქვენი ბრენდი, უკვე გადამწყვეტი ეტაპი იწყება. სხვადასხვა ფერი, როგორც უკვე ვთქვით, სხვადასხვა ემოციებს იწვევს. ჩვენ გეტყვით, რომელი რას გამოხატავს, რასთან ასოცირდება და შეგიძლიათ ამ მითითებებით იხელმძღვანელოთ.

 

  • წითელი - ვნებას, მნიშვნელოვანებას, ყურადღების მიპყრობას;
  • ფორთოხლისფერი - მეგობრულობას, მხიარულებას, ენერგიულობას;
  • ყვითელი - ბედნიერებას, ოპტიმიზმს, გაფრთხილებას;
  • მწვანე - ბუნებას, სტაბილურობას, კეთილდღეობას;
  • ცისფერი - სიმშვიდეს, სანდოობას, ღიაობას;
  • ლურჯი - პროფესიონალიზმს, დაცულობას, ოფიციალურობას;
  • იასამნისფერი - კრეატიულობას, მდიდრულობას;
  • ვარდისფერი - ფემინურობას, ახალგაზრდულობას, უმწიკვლობას;
  • ყავისფერი - უხეშობას, სიხისტეს, ძველმოდურობას;
  • თეთრი - სისუფთავეს, კეთილშობილებას, სიჯანსაღეს;
  • შავი - გავლენიანობას, თავდაჯერებულობას, საქმიანობას;

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს განსაზღვრებები მხოლოდ ესკიზია და გრადაციების მიხედვით იცვლება, თუმცა საორიენტაციოდ ყველაზე გამართულია და მრავალი მეცნიერის მიერ შესწავლილი. თქვენი კომპანიის ფერები შეიძლება შედგებოდეს ერთი, ორი ან, მაქსიმუმ, სამი ფერისგან. სამზე მეტი ფერის გამოყენება თქვენთვისვეა საზიანო, რადგან მომხმარებლებს უფრო მეტად აბნევთ და ურთულებთ დავალებას - დაიმახსოვროს თქვენი ბრენდი.

 

დაბოლოს, მას შემდეგ, რაც ფერებს შეარჩევთ, გახსოვდეთ, რომ ყველგან, სადაც კი პოზიციონირდებით, მხოლოდ და მხოლოდ ეს ფერები უნდა გამოიყენოთ. ამის მაგალითებია:

 

  • ლოგო;
  • საიტი;
  • მაღაზიის კუთხე, სადაც თქვენი პროდუქტი განთავსდება;
  • თანამშრომლების უნიფორმები;
  • რეკლამა და ა.შ.

დასასრულს, კიდევ ერთი კვლევის შედეგებს გაგიზიარებთ, რომლის მიხედვითაც, მამაკაცების 54% უპირატესობას ცისფერს ანიჭებს, 14%  - მწვანეს, შავის მომწონებელთა რაოდენობა კი 9%-ია. ქალების შემთხვევაში რჩეული ფერი ისევ ცისფერია, რომელიც 35%-ს მოსწონს, მეორე ადგილზე იასამნისფერია 25%-ით, მესამეზე კი - მწვანე.

 

იმისთვის, რომ თქვენი ბრენდის ფერი სწორად შეარჩიოთ, ძალიან მნიშვნელოვანია საქმეში მარკეტოლოგები და დიზაინერები ჩართოთ. მათ ყველაზე კარგად იციან, როგორ შეარჩიონ ფერები სწორად.

 

თუკი ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ ფერების მნიშვნელობაში, სტატიის ბოლოს ერთ კითხვას დაგვისვამთ: 0%-იანი მაწონის შეძენის სურვილის შემთხვევაში, რომელი ფერი იქნებოდა თქვენთვის მინიშნება - თეთრი თუ მწვანე?

 

ავტორი: დიმიტრი სანაია

კომენტარები