15 ივნისი 13 წუთის საკითხავი
ციფრული რეკლამის "აბრაკა დაბრა"

ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, ყველაზე უმნიშვნელო დეტალი წყვეტს. უბრალოდ, საჭიროა გქონდეს ინფორმაცია ამ დეტალზე, მაგალითად, გსმენიათ ოდესმე რაიმე ფეისბუქ პიქსელზე? მას შეუძლია ციფრულ სამყაროში თითოეული მომხმარებელი დაიმახსოვროს, თქვენ კი მისი წყალობით, ამ ადამიანებს მომდევნო 180 დღის განმავლობაში, ნებისმიერი სახის რეკლამა აჩვენოთ. როგორ ხდება ასეთი პატარა ტექნიკური საშუალების დახმარებით უზარმაზარი კამპანიის წარმატებულად დაგეგმვა? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენსავე გამოცდილებაშია.

ცოტა ხნის წინ, დაგვიკავშირდა “ტარიელი” ტოკიოდან და გვთხოვა, მოგვეფიქრებინა ორიგინალური გზა, რომელიც მისი და “ნესტანის” თხუთმეტწლიან ქორწინებას გადაარჩენდა. ტარიელის პრობლემა გავაანალიზეთ და დაგვებადა იდეა, კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის, ნესტანისთვის გაგვეკეთებინა ციფრული კამპანია.

პირველ ეტაპზე “ტარიელს” ვთხოვეთ დაწვრილებით მოეყოლა მათ ურთიერთობაზე. ამის დახმარებით ვიპოვეთ ის საკვანძო საკითხი, რომელზე დაყრდნობითაც შევძელით რეკლამა რელევანტური ყოფილიყო. შევარჩიეთ ამბავი, რომელიც იაპონური თოჯინების, კოკეშების შეგროვების ტრადიციას ეხებოდა.

საბოლოოდ, შევქმენით კოკეშის 15 ილუსტრაცია, თანაცხოვრების 15 წლის სიმბოლოდ. თითოეულ ილუსტრაციაში კი აღვწერეთ “ნესტანის” ის თვისება, რომელიც “ტარიელს” მასში ყველაზე მეტად უყვარდა.

სწორედ აქ შეიქმნა ის დაბრკოლება, რომლის გადალახვაშიც ფეისბუქ პიქსელი დაგვეხმარა. ციფრულმა მარკეტინგმა მოგვცა შესაძლებლობა, კამპანია მხოლოდ ერთი კონკრეტული “ნესტანისთვის” გაგვეშვა.

ცოტა რამ ამ უკანასკნელზე: ციფრული რეკლამა საშუალებას გაძლევს, შენი მესიჯი მიაწოდო კონკრეტულ, შენთვის სასურველ აუდიტორიას. ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სეგმენტი შესაძლოა ერთ ადამიანამდე დავიდეს. ურთიერთობა, რომელზეც გიყვებით, სწორედ ერთ ადამიანზე გათვლილმა კამპანიამ გადაარჩინა.

შევქმენით „ონლაინ შოპინგის“ საიტი, რომელშიც ფეისბუქ პიქსელი ჩავსვით. ნესტანის მეგობარმა(რომელთანაც მუდმივ კავშირზე ვიყავით), მას ვებგვერდის მისამართი გაუგზავნა და სთხოვა, კაბის შერჩევაში დახმარებოდა. როგორც კი ნესტანი „ონლაინ შოპინგის“ საიტზე შევიდა, მომენტალურად ამოვიცანით და დავიმახსოვრეთ ის. შევქმენით ფეისბუქ გვერდი, სადაც ყოველ დღე ვამატებდით კოკეშის ილუსტრაციას, რომელსაც კონკრეტულად ნესტანი ხედავდა.

თავიდან ნესტანი მხოლოდ ასოციაციურად აკავშირებდა საკუთარ თავს ილუსტრაციებთან. მეგობრებს უგზავნიდა ბმულებს და ფიქრობდა, რომ ისინი სამყაროს მიერ გაგზავნილი მინიშნებები იყო. თუმცა, მეშვიდე ილუსტრაციის გამოჩენისას მოხდა ის, რაზეც ამდენ ხანს ვმუშაობდით. მეუღლემ ტარიელს ილუსტრაციის ბმული გაუგზავნა და ჰკითხა, თუ რა აკავშირებდა ამ ყველაფერთან. დიახ, წყვილის ურთიერთობა ბედნიერად, თვითმფრინავის ბილეთის ყიდვით დასრულდა. ჩვენ კი მთელი ამ პროცესის დამკვირვებლები მხოლოდ იმის წყალობით გავხდით, რომ ციფრული რეკლამამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ცოცხალ რეჟიმში გაგვეზომა პროცესი, მისი მიმდინარეობა და შედეგი.

საბოლოოდ, კამპანია, რომელზეც ვსაუბრობთ, გვაყენებს ფაქტის წინაშე: დღეს, შესაძლოა ტარიელის მიერ ქაჯებთან გამართულმა ბრძოლამ ვერ მიაღწიოს ისეთ შედეგს, როგორსაც ერთი, კონკრეტულად ნესტანზე გათვლილი ციფრული კამპანია მიაღწევს. რადგან ამ რეალობაში, ციფრული რეკლამა ყველაზე მძლავრი და ეფექტური საშუალებაა, სწორ სეგმენტზე „გასასვლელად“. აქ თითქმის გამორიცხულია რესურსის გაფლანგვა. ხარჯავ ზუსტად იმდენს, რამდენი მომხმარებლის მოზიდვაც გჭირდება. შედეგად კი ზოგავ შენს დროს, ენერგიას და ფინანსებს.

კომენტარები