5 აგვისტო 17 წუთის საკითხავი
რადიაციული ტურიზმი

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გაითვალისწინეთ, აქ დიდხანს ვერ დავრჩებით, ამიტომ დროულად გადაიღეთ ფოტოები, რომ მერე გული არ დაგწყდეთ. არ შეეხოთ არაფერს, არ დაჯდეთ მიწაზე და არცერთი თქვენი ნივთი, მათ შორის ფოტოკამერა არ დადოთ მიწაზე ან სხვა ადგილას. შეეცადეთ, არ დაშორდეთ ერთმანეთს,“- ასე იწყება ტური ჩერნობილში. გასაცნობი სიტყვის შემდეგ ყველაზე თამამი ტურისტებიც კი მორჩილად მიჰყვებიან გიდის მითითებებს.

ჩერნობილი იმ განსაკუთრებულ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც სუვენირებსა და საჩუქრებში ფული არავის ეხარჯება. აქედან რაიმე  ნივთის თან წაღებას ყველა ერიდება, სწორედ ამიტომ ფოტოები მოგონებებისთვის საუკეთესო გამოსავალია.

 

პრიპიატში მოხვედრა ყველაზე იოლად კიევიდანაა შესაძლებელი. უკრაინის დედაქალაქიდან რადიაციულ ქალაქში ტურისტები მიკროავტობუსებს ან ტაქსებს მიჰყავს. მგზავრობა საათნახევარს გრძელდება, თუმცა ტურის გაგრძელება ბელორუსიის საზღვრამდეა შესაძლებელი.

 

ადგილზე ჩასვლისთანავე პასუხისმგებელი პირი ტურისტების დოკუმენტებს და მათ მზადყოფნას კიდევ ერთხელ ამოწმებს. აუცილებელი არ არის, მაგრამ ყველას სურს, რომ თან ჰქონდეს რადიაციის საზომი აპარატი, ვინც ამაზე წინასწარ არ იზრუნა, მისი შეძენა ადგილზე 10-15 დოლარად შეუძლია.

ასევე აუცილებლი არ არის სპეციალური ტანსაცმლის ჩაცმა, მაგრამ რეკომენდაცია ასეთია- მყარი, სქელძირიანი ფეხსაცმელი და მთლიანად დახურული ტანსაცმელი. სასურველია, ტურისტებს თან ჰქონდეთ საკვები და სასმელი წყალი, როგორც წესი, ისინი ისედაც ერიდებიან ადგილზე რამის ყიდვას, განსაკუთრებით თუ სურსათი იმ ტერიტორიაზეა მოყვანილი.  მაგრამ ნაყინის ჯიხურთან, რომელსაც „ჩერნობილის ნაყინი“ ჰქვია, თითქმის ყოველთვის რიგია.

 

„Tripadvisor-ის” მიხედვით ჩერნობილის მთავარი ღირშესანიშნაობებია: მეოთხე რეაქტორის მიმდებარე ტერიტორია, პირველი რეაქტორის მართვის პუნქტი, რადიოლოკაციური სადგური „დუგა“, სადგურის მთავარი ადმინისტრაციული შენობა, საბავშო ბაღი, სკოლა, საავადმყოფო.

 

თანამედროვე „არქიტექტურად“ მხოლოდ  მეოთხე რეაქტორის ახალი სარკოფაგი მიიჩნევა, რომელიც ექსპლუატაციაში რამდენიმე დღის წინ შევიდა. სპეციალისტები პროექტზე ათზე წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, მისი ღირებულება მილიარდნახევარი ევროა. სარკოფაგი ერთის მხრივ ავარიული ბლოკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი ტურისტებს იზიდავს.

https://www.tripadvisor.de/Attractions-g298058-Activities-Chernobyl_Kiev_Oblast.html

 

ღირშესანიშნაობებს შორისაა პრიპიატის მიმდებარე სოფლები და მოხუცები, რომლებიც ტრაგედიიდან რამდენიმე წელში უკან დაბრუნდენ. მათი უმრავლესობა ოთხმოც წელსაა მიტანებული. ადგილობრივებს სტუმრები არ უკვირთ, არ ბეზრდებათ და აჩვენებენ, როგორია მათი ყოველდღიურობა, როგორ უვლიან მსხვილფეხა პირუტყვს ან როგორ მოჰყავთ რადიაციულ მიწაზე მოსავალი, რომლითაც თავი  წლიდან წლამდე გააქვთ.

 

უკრაინის მთავრობამ ტურისტებისთვის ჩერნობილის მხარე ოფიციალურად 2011 წელს გახსნა და ამით ეკონომიკური სარგებელიც ნახა. ბოლო წლების განმავლობაში რადიოაქტიურ ზონაში ათასობით უკრაინელი და უცხოელი ჩადის. „როიტერის“ ცნობით, რომელიც ტურისტული სააგენტოების მოანაცემებს ეყრდნობა, ბოლო წელს მათი რიცხვი 40 პროცენტით გაიზარდა. ამის მიზეზი კი HBO-ს გადაღებული სერიალია.

 

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა, არა უკრაინაში, არამედ ძირითადად ლიტვაში გადაიღეს.

 

მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდა ტურისტული კომპანიების რიცხვი და მომსახურების ფასები. ერთდიანი ტურის ფასი ასი დოლარიდან იწყება და პრიპიატის მიმდებარე რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა ადგილის მონახულებას და ინგლისურენოვანი გიდის მომსახურებას მოიცავს. უფრო ინტერესიანები და თამამები ადგილზე კიდევ რამდენიმე დღეს რჩებიან, უმეტესად მათთვის სასტუმროს ტურისტული სააგენტო არჩევს. ღამის გასათევი ადგილების დიდი არჩევანი არაა, სასტუმრო ძირითადად საოჯახო ტიპის გასაჩერებელ ადგილს გულისმობს, ასევე რამდენიმე წელია, შესაძლებელია ჰოსტელის დაჯავშნაც, სადაც ერთი დღით გაჩერება შვიდი ევრო ჯდება.

გასულ აპრილს კატასტროფიდან 33 წელი გავიდა. სპეციალისტების აზრით, საუკეთესო შემთხვევაში პრიპიატი და უკრაინის რადიაციული მხარე უსაფრთხოდ ასი წლის შემდეგ ჩაითვლება. მანამდე ადგილობრივი ტუროპერატორებს ტურისტების მოსაზიდად ახალი სტრატეგია და იდეა აქვთ, ისინი აპირებენ ხელისუფლებას და იუნესკოს მიმართონ და ჩერნობილის ელექტროსადგურების მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა სთხოვონ.

 

ავტორი: თამარ ილურიძე

კომენტარები