4 ივნისი 14 წუთის საკითხავი
„კე გუსტო“ - შექმენი შენი ნაყინის კომბინაცია!

თბილისური ზაფხულის ცხელ დღეებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სივრცეები, სადაც დასიცხულებს და ყოველდღიური რუტინისგან დაღლილებს, დასვენება, გაგრილება, საკვებით და გარემოთი სიამოვნება შეგვიძლია. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, გამიჭირდება თქმა, რომ თბილისში ბევრი ისეთი კაფე მეგულება, რომელმაც თავი დამამახსოვრა და რომელსაც ასეთ დღეებში სიხარულით ვსტუმრობ.


ახლა ერთ ასეთ სივრცეზე მინდა გიამბოთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ფალიაშვილის 39-ში გაიხსნა და ნაყინის, ახალი ურთიერთობების, გართობისა და იტალიური ყავის მოყვარულებისთვის ნამდვილ სამოთხედ იქცა.


„კე გუსტო“ განსაკუთრებით გაყინული იოგურტის მოყვარულებს გააბედნიერებს. სამი სახეობის ჩამოსასხმელი - რძიანი შოკოლადის, ბანანის, და მცენარე სტევიაზე დამზადებული (უშაქრო)  გაყინული იოგურტიდან სამივე უგლუტენო პროდუქციაა. იოგურტის გარდა, ამ მყუდრო, ფერად, გრილ სივრცეში მისულებს ნატურალური ხილის, შოკოლადის, ორეოს და სხვა საინტერესო გემოებზე, „კე გუსტოს“ ლაბორატორიაში დამზადებული 12 სახეობის არომატული ჯელატოს დაგემოვნების სიამოვნება გელით. ნაყინის მოყვარულთათვის სასიხარულო სიახლეა, ასევე, შავი შოკოლადის ულაქტოზო ჯელატო, რომლმაც „კე გუსტოში“ უკვე გაიჩინა მუდმივი მომხმარებელი.


პირადად მე კი, ამ სივრცეში, მეგობრული გარემოსა და დაუვიწყარი გემოს გარდა, ორიგინალურმა და სახალისო კონცეფციამ მიმიზიდა, რაც „კე გუსტოს“ ყველა სხვა სანაყინისგან განასხვავებს და მისი სტუმრების რაოდენობას ყოველდღიურად ზრდის. განსაკუთრებით ბავშვები ხარობენ იმ შეთავაზებით, რომელიც ნაყინის მოყვარულ ყველა სტუმარს აძლევს საშუალებას, თავისი გემოვნებით შექმნან ჯელატოსა თუ იოგურტის ნებისმიერი კომბინაცია, რომელსაც საკუთარი ხელითვე გააფორმებენ 12 სახეობის ტოპინგით და ფერადი აქსესუარებით.


„მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მომხმარებლის ჯანმრთელობა, სიამოვნება და კომფორტი იყო. შესაბამისად, ყველაფერი ამაზე ავაგეთ. გემო და ხარისხი, რაც „კე გუსტოსთვის“ იტალიაშიც და აქაც უმნიშვნელოვანესია, უნდა შეგვეერთებინა ორიგინალურ ფორმასთან, რაც, ჭამის გარდა, სხვა სიამოვნებასაც გულისხმობს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენთან მოსული მომხმარებელი  შეზღუდვებისგან გავათავისუფლოთ და  საშუალება მივცეთ, არჩეულ ყუთსა თუ ვაფლში, თავისი გემოვნებით მოათავსოს ნებისმიერი რაოდენობის ნაყინი,“ - ამბობს „კე გუსტოს“ დამფუძნებელი, თამარ ზურიაშვილი.


ოთხი სხვადასხვა ზომის ვაფლი ერთმანეთისგან ფორმით და სახალისო სახელწოდებებით განსხვავდება. თავადაც ადვილად დარწმუნდებით, რომ ვაფლი „ფიორე“ მართლაც ყვავილის ფორმისაა. შედარებით მომცრო, გადაშლილი ვაფლი - „სტელა“ -ვარსკვლავს მოგაგონებთ. ყველაზე პატარა ვაფლის სახელს - „მარკო აურელიოს“ კი სტუმრები განსაკუთრებული ხალისით უკვეთავენ, რაც ისედაც მეგობრულ პერსონალთან კომუნიკაციას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

„კე გუსტოს“ კონცეფცია მომხმარებლის გარდა, დასაქმებულების ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვასაც გულისხმობს, რაც სტუდენტებზე მორგებულ თავისუფალ გრაფიკსა და შეუზღუდავ პირობებს გულისხმობს. აქ დასაქმებული, უკვე მეგობრებად ქცეული 6 ადამიანიდან ზოგი დისტანციური მუშაობის უფლებითაც სარგებლობს.

სამომავლოდ „კე გუსტო“ პროდუქციის გამრავალფეროვნებას, სამუშაო ადგილების გაზრდას და საქართველოსა თუ მეზობელ ქვეყნებში ფილიალების გახსნას გეგმავს. მისი დამფუძნებელი კი ამბობს, რომ წარმატებული ბიზნესისთვის უმთავრესი პირობა საინტერესო კონცეფცია, სფეროს შესწავლა და მომხმარებელზე ორიენტირებულობაა, რაც, პირველ რიგში, გულწრფელობას და სტუმრების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას გულისხმობს.

 

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

კომენტარები