25 აპრილი 23 წუთის საკითხავი
რა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება შენს ბიზნესს?

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, თუ რატომ სჭირდება შენს ბიზნესს პროგრამული უზრუნველყოფა. ახლა მოდი პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა ტიპებზე ვისაუბროთ, რათა შენთვის უფრო გასაგები გახდეს კონკრეტულად რა და რა სახის პროგრამები არსებობს და თავად გადაწყვიტო, რომელია შენი ბიზნესისთვის პრიორიტეტული.

 

მარტივად რომ ვთქვათ, რამდენი ბიზნეს პროცესი და მიმართულებაც არსებობს, იმდენი ტიპის პროგრამული უზრუნველყოფაა ხელმისაწვდომი. ანუ რა მიმართულებითაც არ უნდა გჭირდებოდეს შენი საქმიანობის ოპტიმიზაცია, ყველა მიმართულებით იპოვი სასურველ გადაწყვეტას. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით ჩამოვთალოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ ყველა ის ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის ტიპი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვფიქრობთ შენთვისაც საინტერესო იქნება.

 

ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა

 

არ დაიწყო ბიზნესი სათანადო საბუღალტრო პროგრამის გარეშე. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ბიზნესის უმთავრესი მიზანი კომერციული საქმიანობით მოგების ნახვაა. ხოლო ის ბიზნესები, რომლებიც ბუღალტერიას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თვითონაც ვერ ამჩნევენ, ისე იწყებენ დიდი ოდენობით ფულის კარგვას. მრავალი მცირე ზომის საწარმო ბუღალტერიას ექსელის ფაილებში აწარმოებს, რაც შესაძლოა სააღრიცხვო ჟურნალებში ხელით წერაზე უკეთესია, თუმცა არანაკლებ მექანიკურ სამუშაოს მოითხოვს. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე დიდი ბაზების დამუშავებას ან კონკრეტული მონაცემების მოძებნას ეხება.

 

ბუღალტრული პროგრამებული უზრუნველყოფის მეშვეობით შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას, დანახარჯების დახარისხებას, ანგარიშგებების მომზადებასა და შენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებას ბევრად უფრო გამარტივებულად, რეალურ დროში შეძლებ.

 

CRM - მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამული გადაწყვეტა

 

ბიზნესებს მუდამ სჭირდებათ ახალი მომხმარებლების მოზიდვა, რათა გაიზარდონ და გაფართოვდნენ, თუმცა ახალი მომხმარებლის მოზიდვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია არსებულის შენარჩუნება და ისეთი ლოიალური კლიენტების ბაზის შექმნა, რომლებიც კვლავ არაერთხელ დაგიბრუნდებიან და მუდამ შეისყიდიან შენს განახლებულ პროდუქტს. ამ მიზნის მიღწევაში ვერაფერი დაგეხმარება იმაზე  უკეთ, ვიდრე CRM აპლიკაცია.

CRM გაძლევს საშუალებას აღრიცხო შენი კლიენტების საკონტაქტო ინფორმაცია, თვალყური ადევნო თუ რამდენჯერ ესტუმრა კლიენტი შენს მაღაზიას, ან ისარგებლა შენი სერვისით და რა სახის პროდუქტებითაა ის დაინტერესებული. CRM-ის დახმარებით შეგიძლია დაახარისხო შენი მომხმარებლები კატეგორიების მიხედვით და მომავალში მათზე მორგებული სპეციალური შეთავაზებები გაუკეთო. ეს დაგეხმარება გაიუმჯობესო მომხარებელთან ურთიერთობა და გაზარდო მათი ლოიალობა, რაც შენს შემოსავლებზე მხოლოდ დადებითად აისახება.

 

ERP - საწარმოს რესურსების დაგეგმვის პროგრამა

 

ტერმინ ERP-ს თუ დაგუგლავ, იმდენი სხვადასხვაგვარი განმარტება შეგხვდება, შეიძლება თავგზაც კი აგებნას და საერთოდ ვერ გაიგო რას  ნიშნავს ან რას აკეთებს ეს პროგრამა. იმას კი გაიგებ, რომ ERP აკრონიმია და იშიფრება როგორც - Enterprise Resource Planning, ანუ საწარმოს რესურსების დაგეგმვის პროგრამა, მაგრამ მხოლოდ სახელი არც თუ ისე ბევრის მთქმელია. საქმე ისაა, რომ ERP-ის სხვადასხვა იმპლემენტაციები მართლაც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეს მრავალფეროვნება და მოქნილობა კი სწორედ იმის მანიშნებელია, თუ რამდენად ძლიერ და მულტიფუნქციურ პროგრამასთან გვაქვს საქმე.

 

მარტივად რომ ვთქვათ, ERP აკავშირებს შენი კომპანიის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ბიზნეს პროცესებს ერთმანეთთან. დაფიქრდი, რა პროცესები მიმდინარეობს შენს კომპანიაში ყოველდღიურად? სავარაუდოდ ესენია: სასაქონლო მარაგების მართვა, ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, მომხმარებელთან ურთიერთობა და ა.შ. ERP სოფტი აერთიანებს ამ ყველა პროცესს ერთ ყოვლისმომცველ სივრცეში და საშუალებას გაძლევს თვალყური ადევნო მთლიან სურათს.

 

პროექტების მართვის პროგრამული გადაწყვეტა

 

ნებისმიერი მიზანი ყოველთვის უფრო სწრაფად და ეფექტურად მიიღწევა, როდესაც სამუშაო გეგმა წინასწარ დასახული და ეტაპებად დაყოფილია, დავალებები სათანადოდ განაწილებული, ხოლო გუნდის წევრებს შორის კი მუდმივი კომუნიკაციაა.

პროექტების მართვის აპლიკაცია ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების ადმინისტრირების მარტივი და მოსახერხებელი საშუალებაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია გუნდში დავალებების განაწილება, სამუშაო ფაილების გაზიარება, ვადების განსაზღვრა, დროის კონტროლი და ა.შ. ასეთი აპლიკაცია ნებისმიერი სტარტაპისა თუ მცირე ბიზნესისათვის ნამდვილი მისწრებაა.

 

მარკეტინგული სოფტი

 

დღეს ტექნოლოგიები და ციფრული გარემო არნახული ტემპით ვითარდება და სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს ადამიანების ცხოვრებაში. შესაბამისად, ბიზნესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ციფრული არხების გამოყენება მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ. კომპანიებს, რომელთაც სურთ უკეთ გაავრცელონ ინფორმაცია საკუთარი პროდუქტების შესახებ, მოიზიდონ ახალი მომხმარებელი და შეინარჩუნონ არსებული, სჭირდებათ ამ ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

 

მარკეტინგული სოფტი სწორედ ამ მიმართულებით არსებული პროცესების ეფექტურად დალაგებასა და წარმართვაში დაგეხმარება. კერძოდ კი, ვებ გვერდების ანალიტიკაში, სოციალური მედიის მაჩვენებლების გაზომვაში, მედია კამპანიების დაგეგმვაში, ლიდების გენერაციაში, მეილების ავტომატიზაციაში და ა.შ.

 

ხშირად, მარკეტინგული პროგრამიდან მიღებული ინფორმაცია კიდევ უფრო ხვეწს და ამდიდრებს CRM-ში არსებულ კლიენტის მონაცემებს, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს გაყიდვებზე.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი პროგრამული უზრუნველყოფის ტიპებისა, რომელიც არსებობს და ხელმისწავდომია. businesstool.ge-ზე შეგიძლია დაათვალიერო და ერთმანეთს შეადარო ეს და მრავალი სხვა ტიპის აპლიკაცია. ხოლო თუ კონკრეტული აპლიკაციის შერჩევა გაგიჭირდა, ამაში ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარება.

 

ავტორი: საბა მიქაია

კომენტარები