24 ივლისი 19 წუთის საკითხავი
ბრენდების ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატზე

ალბათ არ არსებობს იმაზე მასშტაბური და ემოციური სპორტული მოვლენა, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი. ლამაზი ფეხბურთის, უამრავი ფერადი გულშემატკივრის, დაძაბული სანახაობის გარდა, ერთ თვიანი საფეხბურთო ორთაბრძოლა სპორტის მსოფლიო მნიშვნელობის დემონსტრაციაა. იქ კი, სადაც არსებობს ძალაუფლება, გავლენის სფეროების მოსაპოვებლად ბევრი იბრძვის. მიზანი ყველასთვის გამარჯვებაა, მაგრამ ამ მიზნის ასასრულებლად არა მხოლოდ გუნდები, ქვეყნები და გულშემატკივრები, არამედ ბრენდებიც იბრძვიან, რომლებიც, თავის მხრივ, არანაკლებ რესურსს ხარჯავენ ჩემპიონატზე „გამარჯვებისთვის“, ვიდრე მოდრიჩი, ხორვატიის ნაკრები თუ ახალგაზრდა მბაპე.

 

2018 წლის ლიდერი ფეხბურთის გუნდების გამოცნობაზე ბევრად უფრო მარტივი ლიდერი ბრენდების წინასწარმეტყველება იყო. წამყვანი სპორტული ბრენდები Adidas და Nike წელსაც უკონკურენტოები იყვნენ, თუმცა მათ თიითოეულს ჰყავდათ ერთი მთავარი და ყველაზე ძლიერი მეტოქე: ადიდასს ნაიკი და ნაიკს ადიდასი.

 

ადიდასი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია, რაც დაახლოებით $80 მილიონი უჯდება. დიდი ხარჯის მიუხედავად, ეს ბერკეტი ბრენდს მასპინძლის სტატუსს ანიჭებს და ფართო სარეკლამო ასპარეზს უხსნის: სტადიონის ბრენდინგი, ბურთის დიზაინი, ფიფას პერსონალის, მსაჯების და მოხალისეების ჩაცმულობა. ამ ნიშნით აის აშკარად მომგებიან პოზიციაშია. ადიდასი ფაქტობრივად „სახლში თამაშობს“, სადაც მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

ძლიერი მასპინძლის ფონზე ნაიკს ბევრად უფრო აგრესიული, კონტრშეტევებით დატვირთული თამაშის თამაში უწევს და კონკურენტთან ორთაბრძოლას გუნდებისა და კონკრეტული ფეხბურთელების სპონსორობით ათანაბრებს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაიკიმ 10, ხოლო ადიდასმა 11 საფეხბურთო გუნდი დაასპონსორა.

NIKE

  1. ავსტრალია
  2. ბრაზილია
  3. ხორვატია
  4. ინგლისი
  5. საფრანგეთი
  6. ნიგერია
  7. პოლონეთი
  8. პორტუგალია
  9. საუდის არაბეთი
  10. სამხრეთ კორეა

ADIDAS

  1. არგენტინა
  2. ბელგია
  3. კოლუმბია
  4. ეგვიპტე
  5. გერმანია
  6. იაპონია
  7. მექსიკა
  8. მაროკო
  9. რუსეთი
  10. ესპანეთი
  11. შვედეთი

სტრატეგია რა თქმა უნდა მოგებაზეა ორიენტირებული და ბრენდებიც ისეთ გუნდებს ირჩევენ, რომლებსაც ჩემპიონობის ან ფინალში და ნახევარფინალში გასვლის მაღალი შანსები აქვთ. გერმანიისა და ესპანეთის გუნდები დიდი ხანია ადიდასთან თანამშრომლობენ, ნაიკისა და ბრაზილიას 20 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ, საფრანგეთი კი ნაიკის ახალი, მაგრამ უკვე ჩემპიონი პარტნიორია.

 

პერსონიფიცირება თანამედროვე მარკეტინგის ტრენდია. პირადი გამოცდილებები, ინდივიდუალიზმი და უნიკალურობა ბრენდის კომუნიკაციას ბევრად საინტერესოსა და დამაჯერებელს ხდის. „როლ მოდელების“ ბრენდთან ასოცირება კი ხშირად ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ნაბიჯია წარმატებისკენ. სპორტში, განსაკუთრებით ფეხბურთში, არაერთია ისეთი პერსონა, რომელსაც მილიონობით თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავს. მათი დიდი ნაწილი ადიდასისა და ნაიკის სახეები არიან.

NIKE

  • კრიშტიანუ რონალდუ
  • ჰარი კეინი
  • დანი ალვეში
  • კილიან მბაპე

ADIDAS

  • მესუტ ოზილი
  • ლიონელ მესი
  • პოლ პოგბა
  • დავიდ სილვა

 

ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებასთან  ნაიკი უფრო ახლოსაა - მესიმ ადიდასს იმედიები გაუცრუა, მბაპეს სახით კი ნაიკს ახალი, 19 წლის ვარსკვლავი გამოუჩნდა, რომელსაც წინ ხანგრძლივი წარმატების გზა, შესაბამისად პოტენციური ხელსაყრელი პარტნიორობის ბევრი წელი აქვს.

 

მიუხედავად ბევრი მილიონისა, რომლებიც ნაიკიმ და ადიდასმა მსოფლიო ჩემპიონატზე დახარჯეს, მათი წარმატების საზომი მხოლოდ ციფრებთან კორელაციაში არ არის.  ასეთ დაფინანსებასთან ერთად აუცილებელია ბრენდი თავისი ღირებულებებით იყოს ბუნებრივი მოცემულ სიტუაციაში. ნაიკის მთავარი მოწოდება - just do it, რომელიც თან სდევს ყველა მის ჩემპიონატთან და დაკავშირებულ კომუნიკაციას , აშკარად ორგანულია ჩემპიონატის კონტექსტში, რომელშიც შედეგი მთავარი მაჩვენებელია. მეორე მხრივ, სიტყვებით - here to create – ადიდასი ცდილობს მოიპოვოს ლიდერის პოზიცია, რომელიც თავად ქმნის და წარმართავს პროცესს.

 

წლევანდელმა მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთში გუნდები ყველა საშუალებით ცდილობენ გამარჯვების მოპოვებას. მათთვის უცხო არც წაქცევით გამოწვეული ტკივილის გამძაფრება და არც მსაჯთან კამათია, მაშინაც კი როცა სიმართლე მეტოქე გუნდის მხარესაა. არ აქვს მნიშვნელობა რა ტექნიკისა და ხერხების ერთობლიობა იქნება მოგებისთვის საჭირო, მთავარი გამარჯვებაა, რომლის ფონზეც სხვა ყველა უპირატესობა მეორეხარისხოვანია.

 

ნაიკი ამბობს - just do it - და ამაზე ზუსტად ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე ხდებოდა და რაც ზოგადად ფეხბურთის მთავარი პრინციპია. ნაიკიმ არა მხოლოდ თქვა. მან შეასრულა კიდეც თავისი მოწოდება: მასპინძელ კონკურენტისთვის მოსალოდნელზე უფრო ძლიერი ფორვარდი აღმოჩნდა და ადიდასის კრეატიულობა (here we create) თავისი შედეგიანი ფინალით დაფარა. ნაიკიმ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი! შენ რას ფიქრობ?

 

ავტორი: ქეთი რაზმაძე

კომენტარები