8 ნოემბერი 21 წუთის საკითხავი
კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ

„დაიმს ჯორჯია“ (Dimes Georgia), როგორც თავად სახელწოდება მიგვანიშნებს, ათცენტიანით დაწყებული, წარმატებით განხორციელებული იდეაა. როცა ორმა მეგობარმა სამი თვის წინ ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, მათ ბაზარი უკვე კარგად ჰქონდათ შესწავლილი და იცოდნენ - კანის მოვლის ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. ამიტომ, თურქულ კომპანიასთან მოლაპარაკების შემდეგ, დაახლოებით სამი თვის წინ, სადისტრიბუციო კომპანია „დაიმს ჯორჯია“ დააარსეს. სამი თვის თავზე კი უკვე 30-მდე თანამშრომელს ითვლიან. შრომისუნარიანობა და გამოცდილება ის კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც დაიმს ჯორჯია თანამშრომლებს არჩევს, მათზე ზრუნვა კი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, საქმის აწყობა სწორი საკადრო პოლიტიკითაა შესაძლებელი, რაც კმაყოფილ და, შესაბამისად, მოტივირებულ თანამშრომლებზე გადის.

 

სამი თვის წინ დაფუძნებული კომპანია თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად (როგორც ინდივიდუალურს, ასევე- საოჯახოს), სთავაზობს: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ უზრუნველყოფილ შრომის უსაფრთხოების დაცვას; 50-100 ლარიან ვაუჩერებს; გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში დამატებით ანაზრაურებას, რაც პროცენტულად  ხელფასის წილის მოცულობას აღემატება; ოფისში ყოველთვის არის დასასვენებელი კუთხე სამზარეულოში, სადაც თანამშრომლების შეუძლიათ მიირთვან სასუსნავი და ცხელი სასმელი. თანამშრომლებს უტარდებათ ტრენინგები გაყიდვების გაზრდისა და სერვის პლიუსის მიმართულებით. კომპანიის მიზანია, გუნდს ჰქონდეს ერთიანობის განცდა, ეს კი, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომით მიიღწევა. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ ერთი თანამშრომლის წარმატება კომპანიის წარმატებაა, კომპანიის წარმატება კი თითოეულ თანამშრომელზე აისახება.

„ბეისოთხი საქართველო“ (BASE4 Georgia) ალბათ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომლის შიდა პოლიტიკური სტრატეგიაც ოთხ მთავარ ღირებულებას - თავმდაბლობას, გულწრფელობას, პატივისცემას და მხიარულებას - ეფუძნება. სწორედ ამ ღირებულებებზეა აგებული თანამშრომლების ურთიერთობა ერთმანეთთან და ადმინისტრაციასთან, ისევე, როგორც ადმინისტრაციის ურთიერთობა თანამშრომლებთან.

 

ბეისოთხის ძირითადი საქმიანობა არქიტექტურა და დიზაინია. კომპანიის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. როდესაც სამი წლის წინ თბილისში სატესტო პროექტის დაარსება გადაწყვიტა, ამერიკულმა კომპანიამ ჯერ არ იცოდა, რომ მალე ეს იდეა მის შვილობილ კომპანიად რეალიზდებოდა, სამი წლის თავზე კი უკე ორასამდე პროექტის განხორციელებას შეძლებდა რამდენიმე ქვეყანაში.

 

თანამშრომლების შერჩევაც, როგორც ბეისოთხის თბილისის ოფისის დირექტორი, შოთიკო საგანელიძე ამბობს, ოთხი მთავარი ღირებულების საფუძველზე ხდება. ეს ის ადამიანური თვისებებია, რომელიც, მისი თქმით, თანდაყოლილია და არ ისწავლება. ტექნიკური უნარების გამომუშავებასა და დამატებით პროფესიული უნარების სწავლებას კომპანია თავის თავზე იღებს. უცხოელი ექსპერტების ტრენინგები თბილისსა თუ საზღვარგარეთ, ასევე სისტემატური ონლაინკურსები, რაც თანამშრომლებს პროფესიულ ზრდაში ეხმარება, კომპანიის კარგად დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილია - ყველა თანამშრომელი წინ უნდა მიიწევდეს პროფესიულ კიბეზე. დაწინაურებული კი, 5-10%-ით გაზრდილ ხელფასთან ერთად, იღებს პასუხისმგებლობას და მოვალეობებს პოზიციით მასზე დაბლა მდგომ ჯგუფზე, ხდება მათი „მსახური“. როგორც დირექტორი ამბობს, სამსახურში მისი დღეც იწყება სხვებზე ზრუნვით, ანუ კითხვით - „რით შემიძლია გემსახუროთ?“. ამ ყველაფრის შედეგად კი, 3 წლის მანძილზე თბილისის ოფისში უკვე 15 ადამიანი დაწინაურდა. თუ ამ ყველაფერს წამახალისებელი ბონუსებსაც დავუმატებთ, ჯამში მივიღებთ კარიერული წინსვლის მქონე თანამშრომელთა გუნდს და, აქედან გამომდინარე, მზარდ, წელში გამართულ კომპანის, რომელში დასაქმებაც ყველა არქიტექტორის ოცნებაა.

ლოგოსა და ბრენდბუქის დამზადება, საიტების შექმნა და მართვა, SEO ოპტიმაცია, სოციალური გვერდის ადმინისტრირება -  ის ძირითადი სერვისებია, რომელსაც კომპანია „დიზაინ გიდი“ (Design Guide) თავის მომხმარებელს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელმა, პროფესიით დიზაინერმა, ჯონი ფხაკაძემ, ეს საქმე მარტომ დაიწყო. როგორც თავად ამბობს, პირველ ეტაპზე  სფერო შეისწავლა - კითხულობდა სტატიებს, ფორუმებს, სწავლობდა აპლიკაციებს, საბოლოოდ კი გუგლის პირველ გვერდზე აღმოჩნდა. შემდეგ ეტაპზე მეგობარს ბიზნეს პარტნიორობა შესთავაზა და 2016 წელს, კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ, საიტის აწყობას შეუდგა.

 

დღეს დიზაინ გიდი ხუთკაციანი კომპანიაა, რომელიც, სმარტი, კომფორტული და საქმისადმი ერთგული გუნდის დახმარებით, თქვენთვის სასურველ დროში გაგიწევთ ნებისმიერი სირთულის მომსახურებას. გუნდის წარმატებას, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, პროფესიონალიზმთან ერთად, მუშაობის თავისუფალ გრაფიკი განაპირობებს. ჯონი ფხაკაძეს მიაჩნია, რომ ფრილანსერები გაცილებით კარგად ართმევენ თავს საქმეს, უფრო მოტივირებულები და პროდუქტიულები არიან, ვიდრე ჩვეულებრივ, ოფისში მომუშავე ადამიანები. დირექტორიც აქცენტს სწორედ ამ ფაქტორზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ ერთგული, მოტივირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე გუნდის მთავარი სტიმული სრული თავისუფლებაა, რომელიც მათ დირექტორისგან ენიჭებათ. სამუშაო საათებს თითოეულ მათგანი საკუთარ თავს თვითონ უწესებს. თუმცა, არის ფორსმაჟიორული სიტუაციებიც, როდესაც გუნდი იკრიბება და სირთულეებს ჯგუფურად უმკლავდება. ერთიანობისა და მეგობრული გარემოს შექმნას კი, საერთო საქმესთან ერთად, ხელს საერთო ჰობი - სპორტი უწყობს.

კომენტარები