7 ნოემბერი 18 წუთის საკითხავი
ბავშვები მომავლიდან - ნიუტონის რობოტიკის სკოლა

იმისთვის, რომ რამე ახალი შევქმნათ ხვალ, კარგად უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში დღეს. ილია უმუდუმოვმა ამ იდეით გადაწყვიტა სამყაროს შეცნობისა და აქამდე გაუაზრებელი მოვლენების ამოხსნის საშუალება ადამიანებისათვის პატარა ასაკიდანვე მიეცა. რატომ და როგორ ინთება ნათურა? როგორ იკრიფება ტელეფონის ეკრანზე სიტყვები? - მარტივ, რთულ თუ უცნაურ კითხვებზე პატარები ლოგიკურ პასუხებს ნიუტონის რობოტიკის სკოლაში თვითონვე პოულობენ.

 

„ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც რობოტიკით დავინტერესდი. სხვადასხვა მოწყობილობების აწყობა დავიწყე და ეს ჩემი ჰობი გახდა. შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოში ამ მხრივ ბაზარი აუთვისებელი იყო და გადავწყვიტე - ჰობი საქმიანობად მექცია.“

 

რა არის რობოტიკა? - თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელზეც ყველანი დამოკიდებულები ვართ. ყველაფერი, რასაც დღეს ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო ნივთებად აღვიქვამთ, სინამდვილეში რობოტებია, რომლებმაც იციან - ღილაკის დაჭერის შემთხვევაში რა ფუნქცია შეასრულონ.

 

„წარმოიდგინეთ, 6 წლის ბავშვი მიდის მაღაზიასთან, სადაც კარი ავტომატურად იღება. ეს მისთვის ერთგვარი სასწაულია, რომლის ახსანაც არ აქვს. როდესაც გაიგებს - რა ხდება სინამდვილეში და როგორ მუშაობს სხვადასხვა მექანიზმი - ის იმ წამიდან სხვანაირად და გააზრებულად შეხედავს ცხოვრებას. პატარები ძალიან კარგი მკვლევარები არიან და ახლის შექმნის მუდმივი სურვილი აქვთ. ეს უნარები და სურვილი არ უნდა დაიკარგოს და თავის დროზე სწორად უნდა განვითარდეს. როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება ხვალ, სწორედ ამ პატარა მკვლევარებზე და გამომგონებლებზეა დამოკიდებული.“

რამდენიმე წლის წინ „ლეგომ“ საგანმანათლებლო მიმართულება შექმნა, რომლის ფარგლებშიც კონსტრუქტორი-რობოტები ეწყობა. კომპლექტს კუბიკებთან ერთად სენსორები, ძრავები, სხვადასხვა მექანიზმი და კომპიუტერი მოჰყვება. ნიუტონის რობოტიკის სკოლაში კურსი ლეგოს მიერ მოწოდებული სილაბუსის მიხედვითაა აწყობილი. თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვილი გარემო ბავშვებს არა მარტო ტექნოლოგიებთან ურთიერთობის, არამედ მათი შექმნის საშუალებასაც აძლევს. ამ სივრცეში ახალი აღმოჩენებისათვის იხნსება კარი და პატარები ყოველდღიურად განვითარებადი, ინოვაციური სამყაროს ნაწილები ხდებიან.

 

ცხოველები, მწერები, მცენარეები, მდინარეები, მანქანები, სტიქიური მოვლენები - ყველაფერი, რასაც პირველკასელი ბავშვი სამყაროში აღიქვამს, გაკვეთილის თემატიკად იქცევა. პატარები ძრავებისა და სენსორების დამხარებით სხვადასხვა მოძრავ კონსტრუქციებს აწყობენ, შემდეგ კი კომპიუტერით აპროგრამებენ და დავალებებს აძლევენ. მთავარი მიზანია მიხვდნენ, როგორ მოატანინონ რობოტს სარგებელი სხვადასხვა სიტუაციაში.

 

„სკოლის პროგრამა მინიმუმია - პატარებს აღარ უკვირდეთ როგორ მუშაობს თანამედორვე სამყარო. პროგრამა მაქსიმუმი კი - გავზარდოთ მომავალი ნიკოლა ტესლები. ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ მგონი არაა ცუდი მიზანი.“

განვითარების პირველ გზაზე სტერეოტიპებიც იყო. სწორედ ამ სტერეოტიპების დასანგრევად ნიუტონის რობოტიკის სკოლაში გოგონებისათვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

 

„მთავარი პრობლემა მშობლების დამოკიდებულებაშია. გვირკევან და გვეკითხებიან ხოლმე - გოგოა და შეძლებს? გოგოა და გამოუვა? გოგოა და მათემატიკა რომ არ ეხერხება? თუ აქამდე მოდიან, შემდეგ უკვე თვითონვე რწმუნდებიან, რომ შესაძლებლობებში არანაირი სხვაობა არაა.“

 

სკოლას სულ რამდენიმე გაკვეთილია ახალი მიმართულებაც დაემატა. სპეც-მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების ჩართულობით პროგრამა შემუშავდა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის ინტეგრირებული ჯგუფები გაკეთდა.

 

„ჩვენი სკოლის შედეგები არ იზომება. ეს შედეგები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ციფრები. აქ პატარები ბევრად უფრო მოტივირებულები, მიზანდასახულები და კონცენტრირებულები ხდებიან. თვალსა და ხელს შუა უვითარდებათ სხვადასხვა უნარი. თამაშ-თამაშითა და ფანტაზიით ახლის შეცნობა - ასეთია ჩვენი მეთოდი.“

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში ნიუტონის რობოტიკის სკოლა მეორედ მონაწილეობს, ამჯერად უკვე წლის ქართული პროდუქტის ნომინაციაში.

 

„მესმის, რომ ეს არ არის მსხვილი ბიზნესი დიდი წლიური ბრუნვით. ვიცი, რთული იქნება ასეთ კომპანიებთან ჩემი შეჯიბრი, თუმცა, მე მაქვს ჩემი მთავარი უპირატესობა და ეს უპირატესობა იდეაა და არა ფინანსური მხარე. მგონია, რომ განათლება, რომელზეც ახალგაზრდების აზროვნება, იდეები, გადაწყვეტილებებია დამოკიდებული, დღეს პრიორიტეტული და ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. შეიძლება მაღალფარდოვანდ ჟღერდეს, მაგრამ მე მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა და ეს იმას ნიშავს, რომ მეც ვქმნი ამ თაობის მომავალს.“

 

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტოები: ირაკლი შალამბერიძე

კომენტარები