22 ივლისი 8 წუთის საკითხავი
არტ-კაფე „ბათუმის გული“

თუკი ბათუმში გენერალ მაზნიაშვილის ქუჩაზე მოხვდებით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს  პატარა კაფე ორიგინალური ინტერიერის დიზაინითა და სახელით და თუ იქ შესვლა გადაწყვიტეთ პირდაპირ „ბათუმის გულში“ აღმოჩნდებით.

 

არტ-კაფე „ბათუმის გული“ მშობლიურ ქალაქზე შეყვარებულმა შეფმზარეულმა მინდია ბოლქვაძემ 5 წლის წინ გახსნა. მანამდე 10 წლის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა, კაპიტალის დაგროვების შემდეგ კი საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა.

„საქართველოში დაბრუნება და საკუთარი საქმის წამოწყება მინდოდა, იმ სფეროში, რაშიც დიდი გამოცდილება დავაგროვე. ჩვენთან მთავარია მაღალი ხარისხის მომსახურება და კარგი სამზარეულო. ბევრი უცხოელი ტურისტი გვსტუმრობს და გვინდა, რომ მათ ისეთი სერვისი შევთავაზოთ, რომ ჩვენთან მოსვლა ისევ მოუნდეთ,“ - ამბობს არტ-კაფეს დამფუძნებელი.

 

„ბათუმის გული“ სარეიტინგო აპლიკაციაში „Tripadvisor” პოპულარობით სარგებლობს, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან აფასებენ აქაურ სამზარეულოს, კარგ მომსახურებას და მეგობრულ გარემოს. სამზარეულო შერეულია - ქართულ-ევროპული. ცდილობენ ბავშვებისთვის მისაღები მენიუ ყოველთვის ჰქონდათ, რადგან არტ-კაფეში ხშირად დადიან მცირეწლოვან შვილებთან ერთად.

 

„2014 წელს ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც თამბაქოს მოწევა აკრძალა კაფეში. თავიდან ხალხი არ შეხვდა ამ ნაბიჯს დადებითად, მაგრამ მერე და მერე პირიქით მოხდა. ახლა სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ჩვენს კაფეს,“ - ამბობს მინდია ბოლქვაძე.

არტ-კაფეში 12  ადამიანია დასაქმებული, წელს პირველად კაფე ზამთარშიც არ დაუკეტიათ. რადგან უფრო მეტად სეზონური ბიზნესია, დიდი დატვირთვით მუშაობა ზაფხულის სეზონზე უწევს.

 

მინდია ბოლქვაძეს ბიზნესის გაფართოების გეგმები აქვს. აპირებს, რომ შემდეგი რესტორანი თბილისში გახსნას.

 

 

ავტორი: სოფო კვინტრაძე

ფოტოები: ელენე შენგელია

 

კომენტარები