9 თებერვალი 12 წუთის საკითხავი
ძმები ზუბალაშვილები - დოსიე

ზუბალაშვილები - ქართველი მრეწველები და მეცენატები - ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში  XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდებიან.  ზუბალაშვილების მიზანს ქართული კულტურისა და ეკონომიკის გადარჩენა-აღორძინება წარმოადგენდა, რაც მათ, დაუღალავი შრომის შედეგად მოახერხეს.

 

ძმებ ზუბალაშვილებს (სტეფანე, პეტრე, იაკობი) დიდი სავაჭრო ქსელი ჰქონდათ  ჩრდილოეთ კავკასიაში, თურქეთსა და ინდოეთში. მათ მიერ თბილისში შექმნილმა „ამხანაგობამ“,  ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა ააშენა. 

1835 წელს, იაკობ ზუბალაშვილმა, იმერეთში პირველი არყის ქარხანა გახსნა და  იმერეთის მოსახლეობისგან ჭაჭის შესყიდვა დაიწყო.  ქარხანაში, წელიწადში, დაახლოებით 72 ათას ლიტრ არაყს ხდიდნენ. 1842 წელს, იაკობ ზუბალაშვილმა, თბილისში დიდი ქარვასლა ააშენა, რომლიც 10 სავაჭრო მაღაზიას, საწყობებს, ღვინის სარდაფებსა და 71 სასტუმრო ოთახს აერთიანებდა.  

 

მათ სახელს უკავშირდება თბილისში პირველი პედიატრიული საავადმყოფოს გახსნაც, რომელიც ძმებმა სრულად აღჭურვეს  ევროპიდან ჩამოტანილი სამედიცინო ხელსაწყოებით.

სამეწარმეო საქმიანობის გარდა,  ძმები ზუბალაშვილები დიდ ქველმოქმედებას ეწეოდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ მიერ დაწესებული სტიპენდიებით  ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთსა და ევროპაში, მათ შორის იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები. მეცენატი ძმების მხარდაჭერითა და ფინანსური შემოწირულობებით დააარსა ილია ჭავჭავაძემ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და, ასევე, სათავადაზნაურო ბანკი.

 

1905 წლის 5 აპრილით დათარიღებული წერილი, რომელიც სტეფანე ზუბალაშვილმა ბაქოდან „ფულის ბილეთთან“ ერთად გამოგზავნა,  ეროვნულ არქივში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდში ინახება:

 

„ჩვენი საზოგადოების 25 წლის ფრიად თვალსაჩინო და განუწყვეტლის შრომის აღსაბეჭდად, მე განვიზრახე შეძლებისდაგვარად დავეხმარო საზოგადოებას. ამასთანავე, გიგზავნით 10 000 მანეთს და გთხოვთ, მიიღოთ ეს წვლილი ჩემგან, როგორც ერთის გულშემატკივარის ქართველისგან. სტეფანე ზუბალაშვილი“.

ძმები ზუბალაშვილების სახელს უკავშირდება ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრი, თბილისის უნივერსიტეტი და კონსერვატორია. ამ ისტორიული შენობების აგებისთვის ზუბალაშვილებმა საკმაოდ დიდი თანხები  გაიღეს. ისინი აქტიურად აფინანსებდნენ გაზეთ „ივერიასა“ და ჟურნალ „ჯეჯილს“.

 

პარიზში, ლუვრში, ერთ-ერთი დარბაზის კედელზე განთავსებულ მარმარილოს დაფაზე, ამოტვიფრულია ექსპოზიციის შემომწირველთა სახელები, რომელთა შორისაც იაკობ ზუბალაშვილსაც ამოიკითხავთ.

 

თბილისში, ზუბალაშვილების საპატივსაცემოდ, მათი სახელობის ქუჩა არსებობს. სწორედ ამ ქუჩაზე, ძმების დაფინანსებით, აშენდა  უპოვართა სახლი და უფასო სასადილო. ქუჩას ძმებ ზუბალაშვილების სახელი 1990-იან წლებში,  ზვიად გამსახურდიას ინიციატივით ეწოდა.

ავტორი: სალომე მოდებაძე

 

კომენტარები