22 მაისი 23 წუთის საკითხავი
თუ თქვენ ოცდახუთი წლის ხართ

რა შეიძლება მოჰყვეს სამუშაო ძალის შემადგენლობის გარდაქმნას, რაც მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში მოხდება



თუ თქვენი ასაკი 25-დან 29 წლამდეა, თქვენ საქართველოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ბრძანდებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ეს ქვეყანაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფია და მასში შემავალ ადამიანთა რაოდენობა  279 ათასია. შემდგომი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი 30-დან 34 წლებამდეა. სტატისტიკის მიხედვით, მაღალია 55-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ადამიანების რაოდენობაც.



სწორედ ეს ადამიანები, მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, თანდათან ქვეყნის სამუშაო ძალას გამოაკლდებიან და საპენსიო ასაკს მიაღწევენ. "ბეიბი ბუმერების" პენსიაზე გასვლით კი საქართველოს სამუშაო ძალის შემადგენლობა და მისი დემოგრაფია მნიშვნელოვნად შეიცვლება. საერთო ჯამში, მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში პენსიაზე დაახლოებით ნახევარ მილიონამდე “ბეიბი ბუმერი” გავა. ეს კი დღევანდელ ახალგაზრდებს გამოწვევის წინაშე აყენებს, რადგან ისინი ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალის ფუნქციას შეიძენენ.



ჯერჯერობით ახალგაზრდების ერთ მესამედზე მეტი ფინანსურად საკუთარ ოჯახზეა დამოკიდებული. ამის უკეთ დანახვა უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკით არის შესაძლებელი, რომლის მიხედვითაც, უმუშევრობის მაჩვენებელი 20-დან 24 წლამდე ჯგუფში 30%-ია, ხოლო 25-დან 29 წლის ჯგუფში თითქმის 21%.



უმუშევრობის მაჩვენებელი განსაკუთრებულად დაბალი სწორედ იმ ასაკობრივ ჯგუფშია, რომელიც მალე პენსიონერი გახდება. 55-დან 59 წლების ჯგუფში ის 9.5%-ს შეადგენს.



დღეისთვის საქართველოს სამუშაო ძალა, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1,983,100-ია. ეს ციფრი დაახლოებით 10 წელია არ გაზრდილა მეტიც, 2017 წელს მისი მოცულობა 13 ათასით შემცირდა კიდეც. ამ კლების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ პენსიონერთა მატება იყო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა შედეგად, ასაკით პენსიონერთა საერთო რაოდენობამ 732 ათასს მიაღწია.



სამწუხაროდ, 15-20 წლის წინ საქართველოში შობადობის ჩავარდნა იყო. შესაბამისად, იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მომდევნო წლებში სამუშაო ძალას შეუერთდებიან, ნაკლები იქნება მათ რაოდენობაზე, ვინც სამუშაო ძალას გამოეთიშება. ამასთან, ქვეყანაში პენსიონერთა რაოდენობის ზრდა სოციალური გასაცემლების მოცულობის ზრდას გამოიწვევს.



რა გავლენა ექნება ამას ქვეყნის ეკონომიკაზე და როგორ არის შესაძლებელი ამ ეფექტის შერბილება



ადამიანური კაპიტალი ქვეყნის უმთავრესი კაპიტალია. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება სწორედ მისი ეფექტურად გამოყენებით არის შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის მოსახლეობა ბოლომდე ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორისაა ეკონომიკის სექტორებს შორის სამუშაო ძალის გადანაწილებაც. საუბარია შრომის ბაზარზე არაფორმალური სექტორის მაღალ წილზე, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.



საქართველოს ერთ მილიონამდე მოქალაქე სოფლად არის თვითდასაქმებული. მათ უმეტესობას ოფიციალურად შემოსავალიც არ აქვს. დარგის დაბალი კომერციალიზაციისა და მცირემიწიანობის გამო ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს ქმნიან. დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდა, რაც სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, ეკონომიკის სექტორებში სამუშაო ძალის გადანაწილებაზეა დამოკიდებული, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. ადამიანთა გადასვლა არაფორმალურიდან ფორმალურ სექტორში გამოიწვევს ბიზნესების პროდუქტიულობის ზრდას, ამავდროულად ეს ხელს შეუწყობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების განმტკიცებასაც.



არაფორმალური სექტორიდან ამ მოსახლეობის მცირე და საშუალო ბიზნესში გადასვლა ქვეყნის ეკონომიკას ახალ ბიძგს მისცემს.



არაფორმალური სექტორის შემცირება ქვეყანაში სტაბილური ტემპით მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2009 წელს საშემოსავლო გადასახადს 762,000 ადამიანი იხდიდა, ხოლო 2017 წელს  გადამხდელთა რაოდენობამ 1,19 მილიონი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ გასული 8 წლის განმავლობაში არაფორმალურიდან ფორმალურ სექტორში 400 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა.



ეკონომიკის მოდერნიზებისთვის მხოლოდ არაფორმალურიდან ფორმალურ სექტორში ადამიანთა გადასვლა საკმარისი არაა. ამისთვის საჭიროა  კორპორატიული კულტურა თავად ბიზნესებშიც გაიზარდოს და უფრო მეტი ინოვაციური კომპანია შეიქმნას.



ქართული, განსაკუთრებით, საშუალო და შედარებით მსხვილი ბიზნესისთვის პრობლემას ე.წ. “ჭერის ეფექტი” (ინგ. Glass ceiling) წარმოადგენს. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ბიზნესმა გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია, თუმცა უფრო მეტად ზრდას ვერ ახრერხებს.



კორპორატიზაცია, როგორც განვითარების გზა



კორპორატიზაცია მრავალი კომპანიისთვის მათი ბიზნესმოდელის მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს, თუმცა მის გარეშე შემდგომი განვითარება თითქმის შეუძლებელია. ჩვეულებრივი ბიზნესის კორპორატიულად მართულ ბიზნესად გარდაქმნა მარტივი არაა. პირველ რიგში, ეს ნიშნავს კომპანიის სტრუქტურული მოწყობის ცვლილებას, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართვის უფრო სიღრმისეულ მოდელზე გადასვლას. საშუალო ბიზნესი მხოლოდ საკუთარი რესურსებით კორპორაციად ვერ გარდაიქმნება. ამისთვის საჭიროა ახალი პარტნიორების ძებნა, ეს შეიძლება იყოს საერთო მიზნის მისაღწევად სხვა მსგავს კომპანიებთან ერთად ჰოლდინგის შექმნა - ამ დროს, მასშტაბის ეკონომიის მეშვეობით, კომპანია უფრო ეფექტურად ქმნის საკუთარ პროდუქტს.  კორპორაციად გარდაქმნის კიდევ ერთი შესაძლო გზაა რომელიმე საინვესტიციო ჯგუფთან მოლაპარაკება  მათი წევრობის მოპოვებისთვის.



ამ რთული გზის გავლის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ამ დროს კომპანიას უფრო იაფ კაპიტალთან უჩნდება წვდომა - ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსება, უცხოური კომერციული ბანკებიდან საგარეო ვალის მოზიდვა, აქციების პირველადი შეთავაზება (IPO) ან ობლიგაციების გამოშვება. ეს მოზიდული კაპიტალი კი ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. იზრდება კომპანიის და მისი თითოეული დასაქმებულის პროდუქტიულობა. მასშტაბის ეკონომიის მეშვეობით კი კომპანია ახერხებს მისი პროდუქცია/მომსახურება მომხმარებლებს უფრო იაფად მიაწოდოს. ასეთ ბიზნესს მეტი თავისუფლება აქვს გარისკოს, იყოლიოს საკუთარი R&D დეპარტამენტი და ბაზარს ინოვაციური პროდუქტი შესთავაზოს.

კომენტარები