13 თებერვალი 34 წუთის საკითხავი
თუ MBA - ზე ფიქრობთ

თანამედროვე სამყაროში ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ხშირად ასოცირდება კარიერულ წინსვლასთან, მაღალ ანაზღაურებასა და პრესტიჟთან.

 

როგორც ნებისმიერ პროექტს სჭირდება სწორი დაგეგმარება და წარმართვა, ასევე უნდა წარმოვიდგინოთ MBA-ის არჩევისა და განაცხადის წარმატებით გაკეთების პროცესი. გამომდინარე აქედან, მსურს გაგიზიაროთ საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ის რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი მიზნის მიღწევაში.

 

ეტაპი 1: MBA-ზე ფიქრობთ?

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა სწორად გაიაზროთ ამ გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები და დარწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად სწორია და თქვენზე მორგებული. ზუსტად ასეა MBA-ზე სწავლის გადაწყვეტილების შემთხვევაშიც. უნდა გააკეთოთ ე.წ. „Cost-Benefit Analysis” და გამოთვალოთ „Return on Investment”, ანუ წინასწარ განსაზღვროთ, თუ თქვენი მხრიდან რა ინვესტიციას მოითხოვს MBA ხარისხის მიღება, იქნება ეს წმინდა ფინანსური თუ დროის დანახარჯის გათვალისწინებით („Opportunity Cost”), და თუ დადებითი მხარეები უფრო მეტია და ინვესტიცია გამართლებული, გირჩევთ მხოლოდ ამ შემთხვევაში განაგრძოთ აღნიშნული გეგმის განხილვა. გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად უნდა გაიაზროთ თქვენი წინა საგანმანათლებლო გამოცდილება, ანუ თუ როგორი აკადემიური მოსწრება გქონდათ ბაკალავრზე სწავლისას და რამდენად შეძლებთ ბევრად უფრო დატვირთულ და მომთხოვნ გარემოსთან ადაპტირებასა და წარმატებულ სწავლას.

 

ხშირად, ასევე გასათვალისწინებელია ოჯახის ფაქტორი და სამსახურის მიტოვების (რაც უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს შემოსავალზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე მაინც უარის თქმას) დილემაც. ასეთ შემთხვევაში უპრიანი იქნება ე.წ. Executive MBA-ის ვარიანტის განხილვა, რომელიც კლასიკური Full-time სწავლების მოდელისგან განსხვავებით მოდულარულ სისტემაზეა დაფუძნებული და სტუდენტებს საშუალებას აძლევს დასაქმების ან ბიზნესის წარმოების პარალელურად გარკვეული ინტერვალებით დაესწრონ ლექციებს. აღსანიშნავია, რომ ამ ვარიანტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუკი სწავლების ფორმატის მოქნილობა უპირობოდ დადებითი მხარეა, უარყოფით ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ არასრული მობილიზება სასწავლო პროცესისას მასალის ასათვისებლად სრულყოფილი დროისა და ენერგიის გამონახვის პრობლემა,  საკლასო გარემოში  ლექტორებთან და თანაკურსელებთან იშვიათი კონტაქტი.

 

ეტაპი 2: როგორ შევარჩიოთ MBA პროგრამა?

თუკი პირველი ეტაპის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ უფრო მეტი დადებითი პასუხი მივიღეთ, მაშინ უკვე გირჩევთ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან კითხვაზე დაფიქრდეთ, თუ როგორ შეარჩიოთ ის პროგრამა, რომელიც სწორედ თქვენთვის იქნება ოპტიმალური და გაამართლებს თქვენს მოლოდინებს.  სწორი არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ არის მარტივი არსებული უამრავი შემოთავაზების გათვალისწინებით. მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილების მისაღებად გირჩევთ გამოიყენოთ ფილტრაციის შემდგომი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • ლოკაცია - სად გსურთ რომ ისწავლოთ და გაატაროთ MBA სწავლის პერიოდი? უნდა დაფიქრდეთ თუ რომელი კონტინენტი, ქვეყანა და ქალაქი შეესაბამება ყველაზე მეტად თქვენს სამომავლო გეგმებს. იქნებ რომელიმე ქვეყანაში ან ქალაქში გსურთ სწავლის შემდეგ დარჩენა და დასაქმება? ან იმ კონკრეტულ ქვეყანას უკავშირდება თქვენი სამომავლო ბიზნეს საქმიანობა?
  • სპეციალიზაცია - თუ ხართ დაინტერესებული კონკრეტული მიმართულების (მაგალითად, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, ინოვაციური ტექნოლოგიების და სხვა) საფუძვლიანი შესწავლით, მაშინ გირჩევთ ისეთ პროგრამაზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელიც გთავაზობთ სასურველ დარგში სპეციალიზაციას, ჰყავს ძლიერი ლექტორები და გამოცდილი პრაქტიკოსი სპიკერები, რომლებიც გაამყარებენ თქვენს კვალიფიკაციას არჩეული მიმართულებით;
  • რეიტინგი - მძაფრი კონკურენციის პირობებში თითოეული ბიზნეს სკოლა ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას რეიტინგების მოშველიებით. ცხადია, რეიტინგი ყურადსაღები ინდიკატორია ამა თუ იმ სკოლისა თუ პროგრამის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისას თუმცა რეიტინგებზე ბრმად მინდობაც არ იქნება მართებული. პირველ რიგში, აუცილებელია გავარკვიოთ თუ რომელ რეიტინგზეა საუბარი, რომელი ორგანიზაციის მიერ არის შედგენილი და რა მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით. MBA პროგრამის შერჩევისას ყველაზე უფრო სანდო და ავტორიტეტული Financial Times-ის მიერ შედგენილი რეიტინგია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 100 საუკეთესო ბიზნეს სკოლას განსაზღვრავს ყოველწლიურად;
  • აკრედიტაცია - რეიტინგებთან ერთად აუცილებელია დააზუსტოთ ბიზნეს სკოლის აკრედიტაციის საკითხი. დღესდღეობით სამი ძირითადი აკრედიტაციაა ცნობილი - AMBA, EQUIS და AACSB. რომელიმე ამ აკრედიტაციის მიღება უკვე თავისთავად დადებითად მეტყველებს ცალკეულ სკოლაზე და მის მიერ შეთავაზებულ სწავლების ხარისხზე, თუმცა არჩევანის კიდევ უფრო გასამყარებლად შესაძლებელია ამ სამეულიდან ორი ან სამივე აკრედიტაციის მქონე სკოლების მოძიებაც (ე.წ. „Triple-Crown”);
  • კურსდამთავრებულები - ერთ-ერთი ყურადსაღები ფაქტორია, მოცემული სკოლის კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციის გაანალიზება თუ რამდენად წარმატებული (განსაკუთრებით თქვენი საქმიანობის სფეროში) და ცნობადები არიან საერთაშორისო მასშტაბით ეს ადამიანები;
  • ცნობადობა - ერთ-ერთი დასკვნითი ფილტრაცია უნდა მოახდინოთ იმის გათვალისწინებით თუ რამდენად ცნობადია საქართველოში ან იმ ქვეყანაში, სადაც სამომავლოდ საქმიანობის გაგრძელებას გეგმავთ, თქვენს მიერ შერჩეული ბიზნეს სკოლა და რამდენად სოლიდური ე.წ. network ჰყავს წარმოდგენილი. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სამომავლოდ დასაქმების კუთხით, ბიზნეს პარტნიორების მოძიებაში და ა.შ.

ეტაპი 3: როგორ მოვამზადოთ განაცხადი?

მაშ ასე, თქვენ უკვე იცით თუ სად და რომელი MBA პროგრამის გავლა გსურთ! მაშინ უკვე დგება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - კონკურენტუნარიანი განაცხადის მომზადება, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას ჩაირიცხოთ თქვენთვის სასურველ პროგრამაზე. ამ დროს გირჩევთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:

  • დაამყარეთ კონტაქტი შერჩეული MBA პროგრამის წარმომადგენლებთან. ხშირია უცხოური სასწავლებლების მიერ ორგანიზებული ე.წ. „ღია კარის დღეები“ თბილისში, ასევე საგანმანათლებლო გამოფენები. შეეცადეთ აუცილებლად დაესწროთ აღნიშნულ ღონისძიებებს. ბიზნეს სკოლები აგრეთვე უწევენ ორგანიზებას ვებინარებს, რომლის დროსაც ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ სასურველი ინფორმაცია. სთხოვეთ სკოლის წარმომადგენლებს მოგცენ კურსდამთავრებულების საკონტაქტო ინფორმაციაც. მათთან გასაუბრება მოგცემთ შესაძლებლობას მიიღოთ ობიექტური ინფორმაცია მოცემული სასწავლო პროგრამის შესახებ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ თქვენი არჩევანის მართებულობაში;
  • საგანაცხადო პაკეტის მომზადებისას ყურადღება გაამახვილეთ მის თითოეულ კომპონენტზე. პირველ რიგში, გულდასმით მოამზადეთ რეზიუმე (ე.წ. „CV”). შეეცადეთ რეზიუმე არ იყოს აცდენილი თქვენს ასაკსა და რეალურ გამოცდილებასა თუ მიღწევებს. სამოტივაციო წერილისა თუ თემატური ესსეს მომზადებისას კარგად გაიაზრეთ დასმული შეკითხვის არსი და მაქსიმალურად შეეცადეთ  დააფიქსიროთ თქვენი საკუთარი პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. დასრულების შემდეგ გადაიკითხეთ და  სთხოვეთ კომპეტენტურ მეგობარს ან კოლეგას კრიტიკული თვალით წაიკითხოს და მოგცეთ რჩევები თქვენს წერილთან დაკავშირებით;
  • რეკომენდატორების შერჩევისას აქცენტი გააკეთეთ არა პოტენციური რეკომენდატორის იერარქიულ პოზიციაზე, არამედ თუ რამდენად კარგად გიცნობთ  და შეუძლია აღწეროს თქვენი აკადემიური თუ პროფესიული უნარ-ჩვევები. რეკომენდატორის სწორად შერჩევაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული თუ რამდენად ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის ის თქვენს შესახებ MBA-ის მიმღებ კომისიას;
  • დაბოლოს, საგანაცხადო პაკეტის ყველა კომპონენტის თავმოყრის შემდეგ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ მისაღები მოთხოვნები, გასაგზავნი დოკუმენტების ფორმატი და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა. მას შემდეგ რაც დარწმუნდებით რომ ყველაფერი თანხვედრაშია მისაღებ მოთხოვნებთან, შეგიძლიათ გააგზავნოთ განაცხადი და დაიწყოთ გასაუბრებისთვის მომზადება. გასაუბრება უმესტესწილად Skype-ის საშუალებით ხორციელდება, თუმცა შესაძლებელია მიმღებმა კომისიამ მოითხოვოს ადგილზე თქვენი პირადად ჩასვლა ან თავად დაგეგმონ ვიზიტი საქართველოში. ნებისმიერ ფორმატში გასაუბრებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც თქვენ გეძლევათ შანსი უშუალოდ გადმოსცეთ თქვენი მოტივაცია, გააცნოთ თქვენი წინა გამოცდილება და მიღწევები, და  დაარწმუნოთ მიმღები კომისიის წარმომადგენელი, რომ ნამდვილად იქნებით ღირსეული სტუდენტი და შეიტანთ თქვენს ღირებულ წვლილს სასწავლო პროცესში. გასაუბრების წარმატებით თავის გასართმევად გირჩევთ წინასწარ მოახდინოთ გასაუბრების პროცესის სიმულაცია თქვენი ოჯახის წევრის, მეგობრის ან კოლეგის დახმარებით. სასურველია გასაუბრების პროცესის ვიდეო ჩაწერაც, რათა შემდგომ შეძლოთ თქვენი ქცევის, მიმიკის გაანალიზება და შესაძლო ხარვეზების გამოსწორება.

 

წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებ ზემოაღნიშნული რჩევები დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში!

 

 

ავტორი: დავით მიქელაძე, EMBA,

განათლების საკონსულტაციო ცენტრ PRIME STUDY-ს დამფუძნებელი.

კომენტარები