22 მარტი 22 წუთის საკითხავი
თინეიჯერი CEO-ები - 6 არასრულწლოვანი ბიზნესლიდერის ისტორია

რა გახსენდებათ სიტყვა „თინეიჯერის“ გაგონებაზე? როგორც წესი, ასოციაციები საკმაოდ სტერეოტიპულია. მათ უწოდებენ ჭირვეულებს, ზარმაცებს, მიაწერენ ეგოიზმს და თავნებობას და ხშირად ბავშვებსაც ეძახიან. თუმცა „ბავშვები“, რომლებსაც ამ სტატიაში გაიცნობთ, სტერეოტიპებს ამსხვრევენ. უმეტესობამ ბიზნესი საკუთარი იდეის საფუძველზე დაიწყო და პირველი მილიონი ჯერ კიდევ სრულწლოვანების მიღწევამდე იშოვა.

 

ალინა მორსი, 13 წლის. Zollipops-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

 

კანფეტები კბილებს აფუჭებს - ალინა მორსს, ისევე როგორც არაერთ სხვა ბავშვს მშობლებისგან ეს არაერთხელ გაუგონია. 7 წლის ასაკში, როცა ამ მიზეზით მორიგ ტკბილეულზე უარის  თქმა მოუწია, ალინამ მამას ასეთი კითხვა დაუსვა: „რატომ არ შეიძლება ისეთი საწუწნი კანფეტი გავაკეთოთ, რომელიც კბილებისთვის სასარგებლო იქნება?“

 

ექსპერიმენტები უშაქრო და თან გემრიელი კანფეტის შესაქმნელად საკუთარ სამზარეულოში დაიწყეს. პირველი ინვესტიცია - 7500 დოლარი - საქმეში ალინას ბებიამ და ბაბუამ ჩადეს.

 

შედეგად გაჩნდა Zollipops, კომპანია, რომელიც პოზიციონირებს, როგორც კბილებისთვის სასარგებლო კანფეტების მწარმოებელი. ის ჯერ ამაზონის ჰიტი გახდა, შემდეგ დიდი სუპერმარკეტების დახლებზე გამოჩნდა და ამჟამად 7500-ზე მეტ მაღაზიაში იყიდება. წელს კომპანიის ბრუნვა სავარაუდოდ 5-6 მილიონს მიაღწევს. ალინა მისი აღმასრულებელი დირექტორი და სახეა. იწვევენ ტელეეთერებში, მასზე წერს Washington Post, Forbes, ცოტა ხნის წინ კი ყველაზე ახალგაზრდა ანტერპრენერი გახდა, რომელიც ჟურნალ Entrepreneur-ის ყდაზე დაიბეჭდა.

 

მოზაია ბრიჯესი, 16 წლის, Mo’s Bows-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

 

მოზაიას ყოველთვის მოსწონდა კლასიკური ჩაცმულობა, მაშინაც კი, როცა 9 წლის იყო. სწორედ ამ ასაკში დაარსა Mo’s Bows (მოს ბაბთები). ერთ-ერთი ინსპირაცია, მისი თქმით, ის გახდა, რომ თავის მოსაწონ ბაბთებს ვერსად შოულობდა, ამიტომ გადაწყვიტა თავად შეეკერა. კერვა ბებიამ ასწავლა. „თავიდან არც კი ვყიდდი, ჩიპსებში ან სხვა ნივთებში ვცვლიდი“ - იხსენებს ბრიჯესი.

 

თუმცა შეკვეთები მატულობდა და მოზაიამ დედასთან ერთად ჰობი ბიზნესად აქცია. წარმატება სატელევიზიო შოუდან „Shark Tank” დაიწყო და პიკს შარშან მიაღწია, როცა NBA-მ მოზაიას კომპანიას 7 ციფრიანი კონტრაქტი გაუფორმა. მან 30-ვე საკალათბურთო გუნდისთვის ინდივიდუალური ხელნაკეთი ბაბთები უნდა დაამზადოს.

 

ამჟამად მოზაია ნიუ იორკის პარსონსის დიზაინის სკოლაში ჩასაბარებლად ემზადება, პარალელურად კი ამერიკისა და ევროპის მასშტაბით მოგზაურობს და ბიზნესის მართვის სირთულეებსა და უპირატესობებზე თავის თანატოლებს ესაუბრება.

შუბჰამ ბანერჯი, 17 წლის - Braigo Labs, დამფუძნებელი

 

სახელწოდება „Braigo“ ბრაილისა და ლეგოს შერწყმით არის შექმნილი. კომპანია კი ხელმისაწვდომი ღირებულების ბრაილის შრიფტის პრინტერებს აწყობს. შუბჰამ ბანერჯიმ ბრაილის შრიფტის შესახებ პირველად 13 წლის ასაკში, საქველმოქმედო ფლაერიდან შეიტყო და ყველაზე მეტად პრინტერების მაღალმა ფასმა გააოცა. საშუალოდ ბრაილის შრიფტის პრინტერი 2000 დოლარი ღირდა. „შოკში ვიყავი“ - იხსენებს ბანერჯი „ძალიან მომინდა უსინათლო ადამიანებს დავხმარებოდი“.

 

ლეგო რობოტიკსის ნაკრების და სხვა ტექნიკური საშუალებების დახმარებით შუბჰამმა პრინტერი ააწყო. მისმა გამოგონებამ დიდი მოწონება დაიმსახურა რამდენიმე კონფერენციაზე, შემდეგ კი ინვესტორიც გამოჩნდა. Braigo Labs-ის პროდუქტში ინვესტიცია Intel-მა ჩადო. შუბჰამ ბანერჯი ვარაუდობს, რომ მისი კომპანიის მიერ გამოშვებული პრინტერები 400-დან 500 დოლარამდე ეღირება, რაც ბაზარზე არსებული ფასის მეოთხედია.

 

ზანდრა ქანინგემი, 17 წლის, Zandra Beauty-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

 

ზანდრა 9 წლის იყო, როცა დედის და YouTube-ის დახმარებით პირველი ტუჩის ბალზამი შექმნა. მისი პირველი მომხმარებლები ბაფალოს ერთ-ერთი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლები იყვნენ, სადაც საკუთარ პროდუქტს უფასოდ არიგებდა. „ერთ დღესაც ერთმა ქალბატონმა ბალზამის სანაცვლოდ 1 დოლარი მომცა. მაშინ მივხვდი, რომ ამით ფულის შოვნა შემეძლო“ - იხსენებს ზანდრა.

 

ტუჩის ბალზამს საპონი მოჰყვა, საპონს კანის მოვლის სხვა პროდუქტები. დღეს Zandra Beauty-ს ბრუნვა მილიონს აღწევს და ყოველწლიურად იზრდება.  ყოველი გაყიდული პროდუქტიდან მიღებული შემოსავლის 10% გოგონების განათლებისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო ფონდში ირიცხება.

 

ბრენან აგრანოფი, 18 წლის, Hoopswag-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

 

როგორი უნდა იყოს მამაკაცის სპორტული წინდა? შავი, ნაცრისფერი ან ლურჯი? ბრენან აგრანოფი ფიქრობს, რომ არა. მშობლების 3000 დოლარიანი ინვესტიციით 13 წლის ასაკში ახალი ბრენდი, Hoopswag დაარსა, რომელიც ფერად წინდებს აწარმოებს. დღეს მის კომპანიაში 20 თანამშრომელია დასაქმებული და წლიური ბრუნვა 1,6 მილიონ დოლარს აღწევს. კოლეჯში ჩაბარება ბრენანმა 1 წლით გადადო, იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო გაზარდოს.

კეიანა კეივი, 19 წლის, Mare-ს დამფუძნებელი

 

კეიანა 15 წლის იყო, როცა ოკეანის დაბინძურებით, კერძოდ კი BP-ს მიერ დაღვრილი ნავთობის საკითხით დაინტერესდა. ტულეინის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის ფარგლებში ტოქსინების აღმოჩენის და მათი განეიტრალების ახალი მეთოდი გამოიგონა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში საკუთარი მეთოდოლოგიის წარდგენისას კეიანამ შევრონის აღმასრულებლის ყურადღება მიიქცია, რომელმაც მისი კვლევა 1.2 მილიონით დააფინანსა.

 

ჰოდა, რა გახსენდებათ სიტყვა „თინეიჯერის“ გაგონებაზე?

 

ავტორი: ქეთი ბოჯგუა

კომენტარები