20 ნოემბერი 19 წუთის საკითხავი
TCS - თბილისის ცენტრალური სკოლა

90-იან წლებგამოვლილ ადამიანებს კარგად ახსოვთ იმ დროსთან დაკავშირებული სირთულეები - პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, არსებული საგანმანათლებლო სისტემის რღვევა, გაყინული, ჩაბნელებული აუდიტორიები, შიში გახშირებული კრიმინალის გამო.

 

სწორედ ამ დროს, 1993 წელს, გადაწყვიტა ინგლისური ენის პედაგოგმა, ადელინა ჩუბითიძემ, თბილისში, ჯამბულის ქუჩაზე ენების ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლის დაარსება.

 

„ჩემს კოლეგებს რომ შევთავაზე თანამშრომლობა, კარგად ვერც მიხვდნენ, წარმოუდგენელი ეჩვენათ იმ დროში ასეთი იდეის განხორციელება, ვერ გარისკეს, ამიტომ პირველი პერიოდი მარტოს მიწევდა ყველაფრის კეთება: თავად ვიყავი დირექტორიც, მენეჯერიც, ბუღალტერიც, მასწავლებელიც. მეხმარებოდა ჩემი ამერიკელი კოლეგა. არ არსებობდა გამოცდილება, ისიც კი არ ვიცოდი, როგორ დამერეგისტრირებინა სკოლა, ამაზე დიდი დრო დაიხარჯა,“- ყვება „თისიესის“ დამფუძნებელი, ადელინა ჩუბითიძე.

ეს ის დროა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარდატეხის ფაზაში მყოფ ქვეყანაში, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამდა დასავლეთთან ინტეგრაციისკენ, პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს პირველად დასჭირდათ ინგლისური ენა. „თისიესის“ პირველი ნაკადი სწორედ ამ თაობის ადამიანები გახდნენ. იმ დროიდან მოყოლებული, თისიესში ენის ცოდნას იმაღლებდნენ დიდ ბრიტანეთის, აშშ-ს, ირანის საელჩოების, გაეროს, ეუთო მისიის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები. კმაყოფილი მოსწავლეები შემდეგ თავად უწევდნენ სკოლას პოპულარიზაციას და, როგორც ადელინა ამბობს, სულ მალე მისი სკოლა ისეთი პოპულარული გახდა, რომ გაფართოება დაიწყო.

 

 „ამ დროს იშვიათი იყო ქსეროქსის აპარატი და, რადგან ყველას არ შეეძლო წიგნების ყიდვა, უცხოეთიდან გამოწერილი სახელმძღვანელოები თავად მიმქონდა სტამბაში, ვამრავლებდი, ვკინძავდი და ვურიგებდი მოსწავლეებს. ვამრავლებდი კასეტებსაც, რომლებიც ამ წიგნებს მოყვებოდა, როგორც აუდიო მასალა.“

 

სკოლის გაფართოებით მასწავლებლების რაოდენობა და სტანდარტიც გაიზარდა. 90-იანების მიწურულს უკვე ყველასთვის ნათელი იყო იმ საქმის მნიშვნელობა, რასაც კოლექტივი უკვე ერთად, დიდი პასუხისმგებლობით და გულისხმიერებით აკეთებდა. წამოვიდა ახალი თაობაც, სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები, რომლებსაც ინგლისურ ენასთან ერთად, „თისიესი“ კომპიუტერის შემსწავლელ კურსებსაც სთავაზობდა.

ადელინა ყვება, რომ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ბიბლიოთეკის გახსნის შემდეგ, „თისიესის“ მასწავლებლებს მრავალფეროვან სასწავლო რესურსზე წვდომის საშუალება მიეცათ, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა სკოლის განვითარების ტემპები.  ბრიტანეთის საელჩოს ბიბლიოთეკა ბრიტანულ სკოლებთან დაკავშირებაშიც დაეხმარათ. 2000 წელს „თისიესმა“ პირველად გაიყვანა მოსწავლეები ბრიტანულ სკოლებში სასწავლებლად.

 

ინტერაქტიური გაკვეთილები, თავისუფალი მიდგომა, სასწავლო პროცესში თამაშების ჩართვა და სასაუბრო ინგლისურის გააქტიურება, ეტაპობრივი სწავლების მეთოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რაც „თისიესმა“ ბრიტანული სკოლებიდან სქართველოში გადმოიტანა. იმ დროიდან მოყოლებული, სკოლისთვის მთავარი პრიორიტეტი ინდივიდუალური მიდგომა და ეტოპობრივი სწავლება გახდა:

„იქიდან მოყოლებული, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური მიდგომაა. ტერმინი „უნარები“ მაშინ არ არსებობდა, მაგრამ ჩვენ შევქმენით სპეციალური ტესტები, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალურად ვაკომპლექტებდით ჯგუფებს და ვხედავდით, რომ ეს ძალიან კარგად მუშაობდა, უმაღლესი შედეგი გვქონდა სახეზე,“ - ამბობს ადელინა.

დაარსების დღიდან მოყოლებული, სკოლას თვითგანვითარება არ შეუწყვეტია. მაღალი სტანდარტით, რომელსაც ის კვალიფიციური მასწავლებლებით, მაღალი ტექნიკურ აღჭურვილობით, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით და მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის მეთოდით ამკვიდრებდა, „თისიესი“ მალევე შეუერთდა  მსოფლიოს საუკეთესო სკოლების რიგს. დღეისათვის  „თისიესი“ ბრიტანეთის “კაპლანის საერთაშორისო კოლეჯების” ოფიციალური პარტნიორი და ბრიტანეთის საბჭოს პარტნიორი სკოლაა კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში.

 

ამჟამად სკოლა მსურველებს ინგლისურთან ერთად ქართული და რუსული ენების შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. როგორც ადელინა ამბობს, განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ქართულ ენაზე, რომელსაც სკოლაში უახლესი მეთოდებითა და საგანგებოდ შერჩეული სახელმძღვანელოებით ასწავლიან.

 

ბიზნესდაჯილდოებაში „თისიესი“ პირველად მონაწილეობს. ადელინა დარწმუნებულია, რომ ინგლისური ენა და ენის სკოლის დაარსება მისი ცხოვრების  ყველაზე მთავარი გამოწვევა და მნიშვნელოვანი არჩევანია. ამაში მას წლების განმავლობაში დაუღალავი შრომით მიღებული შედეგები არწმუნებს.

 

ინგლისური ენის შესწავლას ურჩევს ის დამწყებ ბიზნესმენებსაც - „ისწავლეთ ინგლისური ენა, მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიის ხართ ან რას საქმიანობთ - ეს ენა ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ!“

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

კომენტარები