17 ოქტომბერი 14 წუთის საკითხავი
საყვარელი საქმე - ევგენია ბდოიანი

საქმეს, რომლის დროსაც ადამიანი ღიღინებს, რომლის ხარისხიანად კეთებაც მას სიმშვიდეს და კმაყოფილებას გვრის, საყვარელი საქმე ჰქვია. რაც უფრო ადრეულ ასაკში აღმოაჩენს ადამიანი თავის საყვარელ საქმეს, მით უფრო ხანგრძლივი იქნება საქმით მინიჭებული სიხარული.

 

ევგენია ბდოიანი 67 წლისაა. 15 წლის იყო, როდესაც პირველად მოხვდა სამკერვალოში, სადაც, რამდენიმეთვიანი გამოცდილების შემდეგ მიხვდა, რომ კერვა მოსწონდა და გამოსდიოდა კიდეც.  სკოლის დამთავრების შემდეგ, 17 წლისამ, მუშაობა სამკერვალო ფაბრიკაში დაიწყო და მას მერე კერვა მისი ცხოვრების საქმედ იქცა. უმუშავია დიდ და მცირე სამკერვალოებში, რთულ და მარტივ თარგებზე, სხვადასხვა მანქანასა და ადამიანთან, და ამბობს, რომ კერვა მისთვის ის საქმეა, რომლის კეთების პროცესშიც მხოლოდ ქსოვილზეა კონცენტრირებული, ხშირად ღიღინებს, მშვიდდება და რაც მთავარია, აქვს მიზანი - რაც შეიძლება სრულყოფილი და ხარისხიანი გამოვიდეს ის, რასაც კერავს.

ბავშვობა ევგენიამ თბილისში გაატარა. მამის სიკვდილის შემდეგ ხუთშვილიანი ოჯახის დედას ძალიან გაუჭირდა, ამიტომ 5 წლის ევგენიას რამდენიმე წლის გატარება კოჯრის ბავშვთა სახლში, შემდეგ კი თბილისის პირველ ინტერნატში მოუწია. თუმცა, დედამ ის მალევე დააბრუნა სახლში, და-ძმებთან.

 

სკოლაში, როგორც თავად ყვება, კარგად სწავლობდა. განსაკუთრებით უყვარდა ქართული ლიტერატურა და მუსიკა. უნივერსიტეტში სწავლის საშუალება რომ ჰქონოდა, ალბათ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს აირჩევდა. კარგი მეხსიერების წყალობით, ახლაც ზეპირად იცის საყვარელი პოეტების ლექსები. დღემდე, სამსახურშიც და ოჯახშიც, თუკი ვინმეს რომელიმე წიგნის ავტორი დაავიწყდა, ევგენიას იმედი აქვთ, არ არსებობს, ერთხელ წაკითხული თუ გაგონილი დაავიწყდეს.

 

ევგენია 20 წლის გათხოვდა. ქმარი პროფესიით დურგალია და დიდხანს ხის საამქროში მუშაობდა. სახლში ახლაც თითქმის ყველაფერი მისი ხელითაა გაკეთებული. საამქროს დახურვის შემდეგ  ოჯახმა ფუტკრის მოშენება გადაწყვიტა და წლებია, ძირითადი შემოსავლის წყაროდ ეს საქმიანობა იქცა. ევგენია ყვება, რომ ამასობაში თავადაც ბევრი რამ ისწავლა ფუტკარზე და თავისუფალ დროს სიამოვნებით ატარებს სკებთან. თუმცა, დრო არც ისე ბევრი აქვს. მისი დილა 7 საათზე იწყება, როცა ევგენიას ყველაზე ადრე გაღვიძებული ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, 5 წლის შვილიშვილი აღვიძებს. სახლის საქმეების მოთავების შემდეგ ევგენია სამსახურში, „შპს ბენნ“-ში მიდის.

„სამკერვალოში წასვლამდე ჩემს რძალს სახლის საქმეებში ვეხმარები. 9 საათზე იწყება ჩემი სამსახური, რომელიც სახლთან ძალიან ახლოსაა. რასაც ვკერავთ, ვკერავთ თავიდან ბოლომდე. ყველაფერს ვკერავთ, დიდი შეკვეთები გვაქვს, ლუკოილის, ვისოლის, თეგეტას ფორმები, წინსაფრები, ჩანთები... საქმე ყოველთვის ბევრია. თუმცა, იმდენად კარგი გარემოა, არ გვიჭირს. უფროსი ახალგაზრდაა, 5 შვილი ჰყავს, გვერდში მიდგას ყოველთვის, ხელს მიწყობს. კოლექტივიც ძალიან კარგია. თავისუფალ დროს მივდივართ ყავის დასალევად, ხინკლის საჭმელად.“

ევგენია ამბობს, რომ ოჯახშიც, სამსახურშიც და საქმეშიც ძალიან გაუმართლა. ყველას არ აქვს ბედნიერება, მთელი ცხოვრება საყვარელი საქმე აკეთოს და ამ საქმით მოგვრილი სიმშვიდითა და კმაყოფილებით დატკბეს. ევგენია ფიქრობს, რომ კერვა ყველა ადამიანისთვის გამოსადეგი საქმეა და კარგი იქნება, ყველამ იცოდეს. ახლა, როცა დრო შეიცვალა და ტექნიკა განვითარდა, ახალგაზრდები ამ საქმეს პროფესიად ნაკლებად ირჩევენ. თუმცა, მიიჩნევს, რომ ის, რაც ყველა პროფესიას აერთიანებს, არის მიზანი - შენთვის მონდობილი საქმე ხარისხიანად აკეთო და მისი შედეგით ისიამოვნო.

 

კომენტარები