16 თებერვალი 27 წუთის საკითხავი
BMW და Mercedes გეგმავენ Tesla-ს ჩანაცვლებას

საავტომობილო სამყაროს მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნის, რაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება სასიხარულო. ამ ტიპის მანქანები საწვავს არ საჭიროებენ, შესაბამისად, მათი მასიური გამოყენება, გარდა იმისა, რომ გაცილებით ეკონომიურს გახდის მანქანის შენახვას, დიდ წვლილს შეიტანს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება უდიდესი პრობლემაა თანამედროვე ცივილური სამყაროსთვის და, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვისაც. ელექტრომანქანების ინტენსიური, საყოველთაო  მოხმარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პრობლემის გადაჭრაში.

საავტომობილო ბაზარზე, დღევანდელი მონაცემებით, ელექტრომობილებს მათთვის განკუთვნილი ნიშის მხოლოდ მცირე ნაწილი აქვთ ათვისებული. მათ შორის ყველაზე პოპულარული მოდელის, Tesla-ს შესახებ,  სავარაუდოდ, ყველას გსმენიათ. უკვე თბილისის ქუჩებშიც დადის რამდენიმე Tesla, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია, თუმცა, მისი ფასი საშუალოზე მაღალია და 36 000 $-დან 81 000 $-მდე მერყეობს, ამიტომ ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც არჩევანი ელექტრომობილზე შეაჩერა, ბევრად უფრო მისაღები აღმოჩნდა Nissan Leaf, რომელიც, Tesla-სთან შედარებით, გაცილებით დაბალბიუჯეტიანია.  ამ ელექტრომობილს უკვე მრავლად შეხვდებით ჩვენს ქუჩებში. ჯერჯერობით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ელექტრომობილების დასამუხტი წერტილების სიმცირე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ელექტრომობილებზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, ეს პრობლემაც ავტომატურად მოგვარდება.

 

ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ საავტომობილო გიგანტები, BMW და Mercedes, სერიოზულ სიახლეებს აანონსებენ.

 

2017 წელს, ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე, BMW-მ ელექტრომობილის ახალი მოდელი, i3s წარმოადგინა, რომელიც 2014 წელს გამოშვებული i3-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. უახლესი მოდელი 184 ცხენის ძალის ელექტრო-ძრავით იქნება აღჭურვილი, ეს მაშინ, როცა მისი წინამორბედი მხოლოდ 170 ცხენის ძალის მქონე აგრეგატით იყო წარმოდგენილი.  ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი i3s ბევრად უფრო სპორტული, მანევრული და მეტი შესაძლებლობების მქონე მანქანაა. ეს სიახლე, ალბათ, განსაკუთრებით BMW-ს მოყვარულებს გაახარებთ, მათ შორის მეც, რადგან ჩვენთვის, ვინც დიდი ყურადღებით ვეკიდებით გარემოს დაცვის საკითხს და, ამავდროულად, BMW-ს ტარების სიამოვნებასაც ვერ ველევით, ერთი-ორად სასიამოვნო იქნება, ამ ბრენდის ელექტრო-მანქანების მასიურ მოხმარებაში შემოსვლა.

ელექტრომობილის კიდევ ერთი ახალი მოდელი, რომლის დებიუტიც მალე შედგება, Mini-ია (როგორც მოგეხსენებათ, Mini Cooper კომპანია BMW-ს მფლობელობაშია). აღსანიშნავია, რომ ეს ავტომობილი 2019 წლის საწარმოო ხაზისთვის საბაზისო როლს შეასრულებს.

BMW-ს წარმომადგენლებმა 2021 წლისთვის კიდევ ერთი ულამაზესი  ელექტრომობილის, i5-ის წარმოება დააანონსეს, რომლის ფასიც 46 000$-დან 65 500$-მდე იქნება.  „ჩვენ კიდევ ერთ, ახალ გზას გავხსნით მომხმარებლის ელექტრომობილებისაკენ სწრაფვაში. თქვენ ნახავთ, თუ როგორია ოთხ-კარიანი, სრულყოფილი ელექტრო-ავტომობილის ჩვენეული ხედვა, რომელიც i3 -სა  i8-ს მოდელებს შორის დაიკავებს ადგილს. ეს სწორედ ის ხედვაა, რომლის განხორციელებასაც გონივრულ საპროგნოზო პერიოდში ვაპირებთ და ეს იქნება ჩვენს მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი მდგრადი მობილურობისაკენ “, -  განაცხადეს გამოფენაზე კომპანიის წარმომადგენლებმა.  

 

ახლა კი, მოდით, ძალიან მოკლედ გადავხედოთ  BMW-ს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული, მოქნილი და ულამაზესი საავტომობილო კომპანიის, ისტორიას. ის 1916  წელს დაფუძნდა, მიუნხენში, ბავარიაში. თავიდან, პირველი მსოფლიო ომის დროს, BMW-მ  საქმიანობა თვითმფრინავის ძრავების გამოშვებით დაიწყო. სწორედ ამას უკავშირდება ბრენდის ემბლემა  - ლურჯი ცის ფონზე მოტრიალე თეთრი პროპელერი. 1923 წელს კომპანია მოტოციკლების გამოშვებაზე გადაერთო. რაც შეეხება პირველ ავტომობილს, BMW-მ იგი 1932 წელს გამოუშვა, რომლის სიმძლავრეც 20 ცხენის ძალა, ხოლო სიჩქრე 80 კმ/სთ იყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთი საკულტო და უამრავი ადამიანისთვის გამორჩეულად საყვარელი ავტომობილების მასიური წარმოება,  რამაც პირველი მსოფლიო ომის დროს დაარსებული მოკრძალებული კომპანია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საავტომობილო გიგანტად აქცია.

 

BMW-სა და Mercedes-ის საკმაოდ აქტიური და, ამავდროულად, ღირსეული კონკურენციაც მრავალ წელს ითვლის. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ BMW-ს დაანონსებულ სიახლეებს არც „მერსედესი“ ჩამორჩა და მანაც საკმაოდ შთამბეჭდავი განცხადებები გააკეთა ფრანკფურტის ავტო-შოუზე.

 

ვერ ვიტყვით, რომ „მერსედესის“ ახალი მოდელი - GLC  სრული ელექტრო  ძრავითაა აღჭურვილი, მაგრამ ავტომობილი წყალბადის მოხმარს და 30 მილის დისტანციას ელექტრო ძრავის მომსახურებით გაივლის.  მანქანის ფასი დაახლოებით 40 000$ იქნება.

 

წყალბადზე მომუშავე ყველგანმავალს „მერსედესი“ ამერიკაში 2019 წლიდან გაყიდის, თუმცა გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ ავტომობილის შეფასების შემდეგ 30-მილიანი დიაპაზონი, შესაძლოა, შეიცვალოს.

 

გარდა აღნიშნულისა, სულ მალე, 2018 წელს, „მერსედესი“ კიდევ ერთ, EQ  კონცეფციის  ყველგანმავალს გამოუშვებს, რომელსაც, კომპანიის წარმომადგენელთა მტკიცებით,  ექნება შესაძლებლობა, 250 მილი მხოლოდ ერთჯერადი დატენვის ხარჯზე გაიაროს, რაც ამ ავტომობილისთვის საკმაოდ დიდი უპირატესობაა, ხოლო მოხმარებლისთვის - დიდი კომფორტი.   

ვისაც მომცრო ან მინიატურული ზომის მანქანები გიყვართ, ეს სიახლე განსაკუთრებით გაგახარებთ.  გარდა უკვე ნახსენები ნოვაციებისა, „მერსედესის“ მშობელი კომპანია „დაიმლერი“ (DAIMLER) შემოგთავაზებთ ძალიან კოხტა, ულამაზესი დიზაინის, ელექტრონული „სმარტ მანქანის“ კონცეფციას, რომელსაც  EQ Fortwo ერქმევა. მინიატურული მანქანა 30 კვტ/სთ ბატარეით იქნება აღჭურვილი.

„მერსედეს ბენცის“ დაარსებას წინ უძღოდა ავტო-მწარმოებლის, კარლ ბენცის მიერ   ბენზინზე მომუშავე პირველი ავტომობილის წარმოება, რასაც, ცოტა მოგვიანებით, გოტლიბ დაიმლერისა და ინჟინერ უილჰელმ მაიბახის მიერ ავტომობილის ახალი მოდელის შექმნა მოჰყვა. დაიმლერთან მომუშავე ავსტრიელმა საავტომობილო მეწარმემ, ემილ ელინეკმა, 1901 წელს ახალ ავტომობილს თავისი ქალიშვილის, მერსედესის სახელი უწოდა. აი, ასე დაიბადა „მერსედესი“.

1926  წელს ავტომწარმოებლები, დაიმლერი და ბენცი, ერთიანდებიან. სწორედ აქედან მოდის კომპანიის სახელწოდება „Mercedes Benz”.

კომფორტი, საოცარი მდგრადობა, ელეგანტური დიზაინი - სწორედ ეს მახასიათებლები განაპირობებენ „მერსედესის“ განუმეორებლობასა და შეუდარებლობას მსოფლიოს საავტომობილო ბაზარზე. „მერსედესის“ მუზეუმი გერმანიაში, შტუტგარდში მდებარეობს, სადაც ბრენდის თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მანქანის მთელ ისტორიას გადაავლონ თვალი.

შეძლებენ თუ არა მსოფლიოს ცნობილი ავტობრენდები ელექტრომობილების მიმართულებით რევოლუციის მოხდენას, ეს უახლოეს წლებში გამოჩნდება. მოცემულობა კი ასეთია: ბაზარზე მოთხოვნილება მატულობს და ავტომწარმოებლებიც, შესაბამისად, მისი დაკმაყოფილებისათვის ზრუნავენ.

 

არაკომერციული მიზნობრიობით

For non - commercial usage 

 

ავტორი: თამარ გვაზავა

კომენტარები