9 ნოემბერი 14 წუთის საკითხავი
ABD Georgia - ყველაზე მსხვილი მეღორეობის კომპლექსი კავკასიის რეგიონში

კავკასიის რეგიონში ყველაზე მსხვილი მეღორეობის კომპლექსის - „ABD Georgia”-ს ისტორია 2013 წელს, ქალაქ ბოლნისის ეკოლოგიურად სუფთა, მთიან ზონაში - სოფელ აქაურთაში დაიწყო.

 

“ABD Georgia” უკრაინული აგრარული ჰოლდინგის - “ACD“-ს ქართული ნაწილია, რომელიც ფერმას, საკუთარ სასაკლაოს, ხორცკომბინატს, საძეხვეს, დისტრიბუციასა და საფირმო მაღაზიებს აერთიანებს.

 

კომპლექსის ასაშენებლად ბოლნისი ეკოლოგიურად ხელსაყრელ გარემოსთან ერთად, რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით შეირჩა. დღეს „ABD Georgia“-ში 250 თანამშრომელია დასაქმებული.

საღორე კომპლექსი ევროპული სტანდარტების გათვალისწინებითა და უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დაპროექტდა. აქ გოჭებს სანიტარული ნორმების სრული დაცვითა და ვეტერინარის მუდმივი კონტროლის ქვეშ უვლიან და კვებავენ.

 

აქტიური სანაშენო სამუშაო, რომელსაც „ABD Georgia“ დანიურ კომპანია - „Breеders“-თან ერთად ატარებს მრავალნაყოფიერების მაღალ მაჩვენებლებს უზრუნველყოფს. საწარმოში მუდმივად 20 000-მდე ღორი ბინადრობს. კომპანიამ საუკეთესო ჯიშებს აშშ-დან, დანიიდან და ჩინეთიდან მოუყარა თავი. შემოსული საჯიშე მასალა ლანდრასის, იორკშირისა და დიუროკის საბეკონე ჯიშის გოჭებს აერთიანებს. ლანდრასი XX საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს და გოჭების საბეკონე ტიპის საუკეთესო ჯიშად მიიჩნევა.

 

ხორცის ხარისხი და საგემოვნო მახასიათებლები სწორ კვებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ გოჭების საკვებად უკრაინაში, საკუთარ ქარხნებში წარმოებულ, პროტეინისა და ნატურალური კომპონენტების მაღალი შემცველობის, კომბინირებულ საკვებს იყენებენ. საკვები საქართველოში უმოკლეს დროში, წარმოებიდან რამდენიმე დღეში იგზავნება.

გოჭების ყოველდღიური რაციონი ხორბალს, სიმინდს, ქერს, პარკოსნებსა  და ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს. ნედლეულის დიდი ნაწილი კომპანიას საკუთარ მინდვრებზე მოჰყავს. მარცვლელული და საკვები ინგრედიენტები ორსაფეხურიან ლაბორატორიულ კონტროლს სახელმწიფო ლაბორატორიასა და შემდეგ წარმოების ლაბორატორიაში გადის. მეღორეობის კომპლექსი ISO სერთიფიკატს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ჯანსაღი პროდუქცია უსაფრთხო გარემოში იქმნება და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

 

საწარმოს შიგნით საღორე კომპლექსისა და ხორცის კომბინატის გაერთიანება, ასევე საკვები ბაზის არსებობა,  საკუთარი, ცივი ხორცით, დახურულ ციკლში პროდუქციის წარმოების საშულებას იძლევა. ახალი, ცივი ხორცი „Meat Land“-ის სახელით გამოდის და საქართველოს მსხვილ სავაჭრო ქსელებს, ბაზრებსა და რესტორნებს ამარაგებს. კომპანიის ხორცკომბინატი კი 30-ზე მეტი დასახელების ძეხვს, სოსისს, სარდელსა და დელიკატესებს „Delicia“-ს სავაჭრო ნიშნით უშვებს. „Fressmann“-ის გერმანული დანადგარების საშუალებით პროდუქცია ნატურალურ ნახერხზე იბოლება, დამზადების რეცეპტი არ საჭიროებს გემოს გამაძლიერებელ დანამატებს. სწორედ ამიტომ, პროდუქცია ბუნებრივ არომატსა და გამორჩეულ გემოს იძენს.

 

საწარმოო პროცესის ოპტიმიზაციისა და წარმოების ღირებულების გაზრდისათვის, 2 საწარმო: მეღორეობის კომპლექსი - ,,ABD Georgia’’ და ღორის საკვების იმპორტიორი კომპანია - ,,ABD and Co’’ თავიდანვე გაერთიანდა. 2 საწარმოს ეკონომიკურ-ვერტიკალურმა ინტეგრაციამ არსებული რესურსის ეფექტურად განკარგვისა და ქართულ-უკრაინული ერთობლივი კაპიტალით ქართულ ბაზარზე ბიზნესის გაძლიერების საშუალება შექმნა.

 

„ABD Georgia“ თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ერთ-ერთი მონაწილეა და წლის ქართული პროდუქტის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის.

 

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტოები: ირაკლი შალამბერიძე

კომენტარები