20 მაისი 27 წუთის საკითხავი
21-ე საუკუნის ბიზნესი — არსებობს თუ არა ტრადიციული ბიზნესი ტექნოლოგიების გარეშე?

ტრადიციული ბიზნესი და თანამედროვე ბიზნესი პირობითი ცნებებია, რომელსაც მხოლოდ დრო განასხვავებს. ამ მოსაზრებას შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანი არ დაეთანხმოს, მაგრამ ერთი რამ მაინც ფაქტია - ნებისმიერი ბიზნესი, მათ შორის უძველესიც კი, შეიძლება თანამედროვედ გარდაიქმნას. ამისათვის კი მხოლოდ ერთი ფორმულა არსებობს: ყველა კომპანიამ სტრატეგია უნდა შეცვალოს და ტექნოლოგიების ინტეგრაციის საქმიანობაში ჩაერთოს.

 

ტრადიციულ ბიზნესს ჩვენ ისეთი ტიპის საქმიანობას ვუწოდებთ, რომელსაც არსებობის დიდი ისტორია აქვს და რომლის მთავარი მახასიათებელი მომხმარებლებთან პირდაპირი (P2P) ურთიერთობებია. ტრადიციული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მაგალითია ფოსტა, რომელმაც უკვე წლებია სახე და ფორმა იცვალა. ადრე წერილებს ფოსტალიონები არიგებდნენ, თუმცა დღეს ყველა მის ელექტრონულ შთამომავალს ვიყენებთ. ტრადიციული ბიზნესის უფრო თვალსაჩინო მაგალითებად შეიძლება გამოგვადგეს სარესტორნო საქმიანობა, წიგნების მაღაზიები, ნებისმიერი ტიპის მაღაზიები (ტანსაცმლის, ავეჯის, სურსათისა და ა.შ.). თითოეული ეს ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ტრადიციულს ვუწოდებთ, კაცობრიობის ისტორიაში თითქმის ყოველთვის არსებობდა და დიდი ალბათობით, ყოველთვის იარსებებს, ოღონდ სახეცვლილი ფორმებით.

 

მაინც რითი განსხვავდება ტრადიციული და თანამედროვე ბიზნესი ერთმანეთისგან? - წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი მაგალითი. თქვენ ხართ ახალი ამბების სააგენტო, რომელიც ყოველდღიურ გაზეთს ქმნის. დაახლოებით ოცი წლის წინ, თქვენ დიდი ალბათობით გაყიდვების პიკში იყავით. ადამიანები ყოველდღე მიდიოდნენ საგაზეთო ჯიხურებთან და თქვენს გაზეთს ყიდულობდნენ, თუმცა დღეს ხედავთ, რომ მისი ცნობადობა, ავტორიტეტი და გაყიდვები ძალიან დაეცა. ამის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო თქვენი პროდუქტის ხარისხის გაფუჭება, თუმცა აქ ეს ახსნა არ დაგვეხმარება. სინამდვილეში, თქვენი გაზეთის გაუფასურების მთავარი მიზეზი ინტერნეტია, რომელმაც “ონლაინ მედიის” კულტი შექმნა. დღეს ინფორმაცია გაცილებით უფრო იაფია და მისი მოპოვება უფრო სწრაფად და, რაც მთავარია, მარტივად შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული მედია თანამედროვე, ტექნოლოგიების გამოყენებაზე ორიენტირებულმა მედიამ ჩაანაცვლა, თუმცა პროდუქტი იგივე დარჩა.

 

ტრადიციულ და თანამედროვე ბიზნესს შორის სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება. ადამიანები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიები კლავს ტრადიციებს, ბიზნესში ახალი ტენდენციების უარყოფა კი - დამარცხებას ნიშნავს. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. სავაჭრო ცენტრები დღესაც ძალიან პოპულარულია და ტანსაცმლის მაღაზიები ისევ წარმატებით მუშაობს, თუმცა, თუკი შევადარებთ რამდენიმე წლის წინანდელ რეალობას, ვნახავთ, რომ დიდი განსხვავება არსებობს . დღეს ადამიანები ონლაინ შოპინგის ეპოქაში ცხოვრობენ, სავაჭრო ცენტრებში სიარული კი მათთვის უბრალოდ თერაპია ან გასართობია. ეს პროცესი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად შეიცვლება, ცხადია, ონლაინ შოპინგის სასარგებლოდ. ასეთივე პროცესი მიმდინარეობს ტექნიკის, ავეჯის,  სარესტორნო ბიზნესისა თუ სურსათის შემთხვევაში.

ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროდუქტი ხშირად იგივე რჩება, მხოლოდ გაყიდვების მეთოდებია ცვალებადი. ადამიანებს ტანსაცმელი ისევე სჭირდებათ, როგორც ასი, ორასი, ან სამასი წლის წინ. თუკი ადრე სასურველი ტანისამოსის შესარჩევად სახლიდან გასვლა, გზაზე დროის დაკარგვა, მაღაზიებიდან მაღაზიებში სიარული იყო საჭირო, დღეს შეგვიძლია საკუთარი მოწყობილობებიდან ნებისმიერ სასურველ საიტზე შევიდეთ და მინიმალურ დროში შევარჩიოთ ყველაფერი, რაც გვსურს.

 

დღეს ადამიანებს გაცილებით ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ, ვიდრე ოდესმე. ცხოვრება ძალიან აჩქარდა, მოსასწრები კი კიდევ უფრო მეტი გვაქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვირჩევთ ყველაფერ იმას, რაც უფრო სწრაფად ხელმისაწვდომია. ამით აიხსნება ისიც, რომ პირდაპირი ურთიერთობები ადამიანების ცხოვრებაში მინიმალურამდეა შემცირებული. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ტრადიციულ ბიზნესს ფაქტობრივად გადარჩენის მინიმალური შანსიც არ აქვს, თუ საკუთარი განვითარებისთვის ტექნოლოგიებს არ გამოიყენებს.

როგორ ცვლის ტექნოლოგიები ბიზნესის არსებობას?

 

იმის განურჩევლად, რა ბიზნესში ხართ ჩართული, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. სხვა შემთხვევაში უბრალოდ უნიჩბოდ დარჩენილი ნავის კაპიტანი იქნებით, რომელსაც პირველივე ტალღა ჩაძირავს. ტექნოლოგიები უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა და შედეგი პირდაპირ აისახება თქვენი კომპანიის გათანამედროვებაზე, გაყიდვების ზრდასა და ცნობადობის ამაღლებაზე.

 

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შესაძლებლობა, რომელსაც ციფრული ტექნოლოგიები ქმნის, თქვენი იმიჯის შექმნაა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, თითოეულ მომხმარებელთან იმაზე უფრო ახლოს მიხვიდეთ, ვიდრე ოდესმე. ესაუბროთ მათ პირდაპირ კომენტარებში, პირად მიმოწერაში, შეისწავლოთ მათი სურვილები და მოლოდინები მათივე მიმოხილვების საშუალებით და მრავალი სხვა. გარდა ამისა, თქვენ, როგორც ბიზნესის მმართველს, გაქვთ ციფრული ხელსაწყოები, რათა შეისწავლოთ, როგორი კომპანიები უფრო მოსწონთ თქვენს პოტენციურ კლიენტებს და მისწვდეთ იმ ადამიანებსაც, რომელსაც თქვენს შესახებ არასდროს არაფერი სმენიათ.

 

ციფრული ტექნოლოგიები, როგორც უკვე მიხვდით, თქვენი აუდიტორიის გასაზრდელად იდეალური შესაძლებლობაა. ახლა ვისაუბროთ კიდევ ერთ დამატებით შესაძლებლობაზე, რომელსაც ეს სამყარო იძლევა. ფეისბუქზე და ინსტაგრამზე აუდიტორიის გაზრდის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ანალიტიკა - რამდენი ადამიანი არის თქვენი მიმდევარი? რამდენად აქტიურია თქვენი გვერდი? უმეტესად რა ასაკის ადამიანები არიან თქვენი მომხმარებლები? თქვენი პროდუქტიდან  რომელი მოსწონთ ყველაზე მეტად? ქვეყნის რომელი რეგიონიდან ინტერესდებიან ყველაზე მეტად?

აქვე აღვნიშნოთ, რომ ფეისბუქი და ინსტაგრამი არ არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ანალიტიკაში დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში მთავარი ინსტრუმენტი, Google Analytics და SEO არის.

 

Google Analytics უფრო მეტ ე.წ. “ინსაითების” შესწავლის საშუალებას იძლევა. მისი დახმარებით თქვენ მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავთ, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები, რა ასაკის და სქესის წარმომადგენლები, რა ინტერესი აქვთ მათ და სხვ. მოკლედ, თქვენ მთელი რიგი ინსტრუმენტები გაქვთ იმისთვის, რომ უფრო სწორად დაგეგმოთ თქვენი კომპანიის სტრატეგია, სწორად დაარეკლამოთ თქვენი პროდუქტი და ზუსტ აუდიტორიას მიაწვდინოთ ხმა.

 

რაც შეეხება SEO-ს, მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ თქვენი ცნობადობა გაზარდოთ, საძიებო სისტემებში პირველობა მოიპოვოთ და კონკურენტებს გაასწროთ. SEO-ს გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენი პროდუქტი, რომელსაც ადამიანები საძიებო სისტემებში ეძებენ, პირველი იქნება, რომელიც მათ თვალში მოხვდებათ.

 

თქვენ შეიძლება გქონდეთ პატარა კაფე-ბარი, მაგრამ ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით უფრო მეტი მომხმარებელი გყავდეთ  და უფრო მეტ პროდუქტს ყიდდეთ, ვიდრე მდიდრული რესტორანი, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარს ამბობს. სწორედ ასე მუშაობს ციფრული ტექნოლოგიები და ესაა მისი მთავარი ძალა, რომელმაც ბიზნესის სამყაროში რეალობა შეცვალა.

 

ავტორი: დიმიტრი სანაია

კომენტარები