30 მარტი 61 წუთის საკითხავი
20 წელი სიტყვიდან საქმემდე

1. ოთხმოცდაათიანები, საბჭოთა ინერცია

 

საბჭოთა კავშირში საგამომცემლო საქმეს, მიუხედავად კოსმიური ტირაჟებისა, არაფერი ჰქონდა საერთო ბიზნესთან, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა გამომცემლობა, მსხვილი თუ წვრილი, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და მისი მოგება-წაგებაც „ზღვაში წვეთი“ იყო უზარმაზარი, ცენტრალიზებული ეკონომიკისათვის. რადგან ტირაჟები ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ მათ ავტორის პარტიულობა-უპარტიობა და სხვა საეჭვო მდგენელები უფრო განსაზღვრავდა, ვიდრე ნაწარმოებების მხატვრული დონე. არც საავტორო ჰონორარები იყო წიგნის რეალიზაციით ამოგებული თანხის პირდაპირპროპორციული - მათაც ავტორის „ნომენკლატურული“ სტატუსი განაპირობებდა. რაც მთავარია, მომხმარებლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის წიგნი, პირველ რიგში, თაროს მშვენება იყო და არა სულიერი საზრდო.

 

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან, საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს კონვეერული სისტემა ჩამოიშალა. ძველი, ტრადიციული გამომცემლობების უმეტესობა საერთოდ გაქრა, ხოლო იმ რამდენიმეს, რომელიც გადარჩა, სრულიად ახალ რეალობაში უწევდა მუშაობა. ასეთი იყო, მაგალითად, „ნაკადული“, „მერანი“, „საქართველო“ (ყოფილი „საბჭოთა საქართველო“, რომლის სახელწოდებიდან ზედსართავის გაქრობა, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი გამომცემლობის გადასარჩენად). ამ გამომცემლობების ძირითად საარსებო წყაროს გაქირავებული საოფისე ფართებით მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა, ხოლო წინების გამოცემით, შეიძლება ითქვას, მხოლოდ პროფილს ამართლებდნენ; და თუ ამ საქმეს რამენაირი შეხება ჰქონდა კომერციასთან, მხოლოდ ერთი: წიგნების მნიშვნელოვან ნაწილს თავად ავტორები აფინანსებდნენ. გეხსომებათ იმ წლებში გაჩენილი ახალი სტანდარტი: „გამოცემულია ავტორის ხარჯით“. ცალმხრივი მოგების ასეთი პრაქტიკა, ცხადია, ძველი გამომცემლობების მოდერნიზაციისათვის საკმარისი ვერ იქნებოდა. არადა საწყენია, რადგან მათ გაცილებით უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდათ, რათა მორგებოდნენ ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი თავისუფალი ბაზრის მოთხოვნებს. ჰქონდათ მომხმარებლის ცნობიერებაში მყარად დამკვიდრებული სახელი, გამოცდილება, კავშირები და, რაც მთავარია, პოლიგრაფიული ბაზა, მაგრამ, როგორც ჩანს, აკლდათ მთავარი - ნება.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ იმ წლებში სწორედ გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა არაერთი დამწყები და საინტერესო ავტორის წიგნი, რომელთა ნაწილი დღემდე განსაზღვრავს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ხარისხს. თუმცა ეს მაინც ლიტერატურული პროცესისთვის იყო სასარგებლო და არა საგამომცემლო საქმის განვითარებისათვის.

 

და ასეთ ფონზე, ოთხმოცდაათიანების შუაწელში, თანდათან გამოჩნდნენ ახალი გამომცემლობები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე აღმოცენდა ორი გამომცემლობა, პროფესორ პარმენ მარგველაშვილის მიერ დაარსებული გამომცემლობა „ნეკერი“ და გამომცემლობა „ლოგოსპრესი“, რომელსაც პროფესორი რისმაგ გორდეზიანი ედგა სათავეში. ორივე გამომცემლობა, ძირითადად, აკადემიურ ნაშრომებს გამოსცემდა. მწერალმა როსტომ ჩხეიძემ დააფუძნა გამომცემლობა „ლომისი“ და მისი არაჩვეულებრივი სერია „რჩეულთა ბიბლიოთეკა“. საგამომცემლო მიმართულებით საგრძნობლად  გააქტიურდა „კავკასიური სახლიც“. თუმცა არცერთი იყო შემოსავალზე ორიენტირებული: „ნეკერს“ და „ლოგოსპრესს“ უნივერსიტეტის რესურსი და სტამბა უმაგრებდა ზურგს, „ლომისს“ - ისევ და ისევ „მერანის“ პოლიგრაფიული ბაზა, ხოლო „კავკასიურ სახლს“ - დასავლური საქველმოქმედო ფონდებიდან მოზიდული გრანტები.

2. „დიოგენე“, ახალი ტალღა

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საგამომცემლო საქმის თვისობრივად ახალ, ბაზარზე ორიენტირებულ მოდელზე გადასვლა, 1995 წელს გამომცემლობა „დიოგენეს“ გამოჩენას უკავშირდება, რომლის დამფუძნებლებს, თამარ ლებანიძეს, ბაკურ სულაკაურს, ოთარ ყარალაშვილსა და გია ქარჩხაძეს, გარდა ენთუზიაზმისა, სხვა არაფერი უმაგრებდათ ზურგს: არც გამოცდილება, არც მატრიალურ-ტექნიკური ბაზა და არც იმდროინდელი გარემო, რომელსაც იმედისმომცემს ვერაფრით უწოდებდი; უფრო პირიქით.

 

„დიოგენეს“ მაგალითი მრავალმხრივ არის საგულისხმო. ჯერ ერთი, აგერ უკვე 20 წელზე მეტია, რაც ის სტაბილურად ინარჩუნებს ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობის სტატუსს. მეორეც: დაარსებიდან ორიოდ წლის შემდეგ „დიოგენეს“ დამფუძნებლები გაიყვნენ და ბაკურ სულაკაურმა, გია ქარჩხაძემ და ოთარ ყარალაშვილმა თავ-თავიანთი სახელობითი გამომცემლობები დააფუძნეს, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან მოთამაშეებად იქცნენ წიგნის ბაზარზე. ამიტომაც გადავწყვიტე, ახალი ქართული საგამომცემლო ბიზნესის ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო ისტორია, სწორედ „დიოგენეს“ მაგალითზე განგვეხილა და დახმარებისთვის მის ხელმძღვანელს, თამარ ლებანიძეს მივმართე.

3. ღია ცის ქვეშ დარჩენილი წიგნები

 

თამარ ლებანიძე: „ჩვენ შემოვედით ძალიან დიდი ამბიციებით, თუმცა მთავარი მოტივაცია მაინც ის იყო, რომ ოთხ მეგობარს გვინდოდა თავის რჩენა. თითქმის ერთდროულად გამოვეცით პირველი სამი წიგნი: ასტრიდ ლინდგრენის „ცეროდენა ნილს კარლსონი“, ჯემალ ქარჩხაძის „იუპიტერის სინანული“ და კარლ გუსტავ იუნგის ლექციებისა და სტატიების კრებული. ჩვენდა გასაკვირად, ამ გამოცემებს ფინანსური წარმატება მოჰყვა. 1996 წელს დავაფუძნეთ „საქართველოს გამომცემელთა ასოციაცია“, რადგან ვიგრძენით, რომ გვჭირდებოდა მეტი კავშირი კოლეგებთან. ძალიან გვეხმარებოდა სოროსის და ევრაზიის და ფონდები. ასევე ფრიდრიხ ებერტის და ბიოლის ფონდებიც, მაგრამ სოროსის და ევრაზიის ფონდებზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ მათ, გარდა მცირე საგამომცემლო პროგრამებისა, ასევე ჰქონდათ ძალიან სასარგებლო რეგიონული მასშტაბის სემინარები ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი გამომცემლებისთვის, რომლებიც ძირითადად თბილისში ტარდებოდა. სწორედ ამ სემინარებმა მოგვცა პირველადი ცოდნა, რომელიც სრულიად აუცილებელი იყო ჩვენთვის, რადგან იმ წლებში არავინ გვეგულებოდა, ვისაც რჩევას ვკითხავდით. შეგვეძლო გავსულიყავით გამოცდილ პოლიგრაფისტებზე, მაგრამ ვერსად ვიპოვნიდით გამომცემლებს, რადგან ეს პროფესია, პრაქტიკულად, არ არსებობდა.“

 

მალევე „დიოგენემ“ ჩაატარა პრაქტიკულად პირველი ობიექტური ლიტერატურული კონკურსი - „საუკეთესო საბავშვო წიგნი“. კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოები, დავით ზურაბიშვილის „მოგზაურობა სიზმარეთში ანუ გიორგისა და ანასტასიას არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, იმ წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომერციულ პროექტად იქცა. 

 

იმავე პერიოდში, როგორც უკვე ითქვა, „დიოგენეს“ დამფუძნებლების გზები გაიყო. ასე გაჩნდა წიგნის ბაზარზე კიდევ სამი საინტერესო მოთამაშე: ბაკურ სულაკაურის, გია ქარჩხაძის და ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობები. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით დააფუძნა „წიგნის ხელოვნების ცენტრი“, რომელიც პერიოდულად აწყობს საბავშვო წიგნების ილუსტრატორთა კონკურსებს და სხვა, წიგნის დიზაინთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

 

მაგრამ მთავარი მაინც ისაა, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი წიგნის მომხმარებლამდე მიტანას, როცა წიგნის მაღაზიების უმეტესობა დაიხურა, ხოლო იმ ორიოდ მაღაზიაში, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა, იგივე „მერანსა“ და „საუნჯეში“, დღითიდღე მცირდებოდა წიგნის ადგილი, რომელსაც სხვა, გაცილებით სარფიანი საქონელი იკავებდა.

 

თამარ ლებანიძე: „საგამომცემლო საქმეს ჩვენვე დავამატეთ გაყიდვის კომპონენტი. თბილისის ქუჩებში შევარჩიეთ ხუთი ადგილი და მოვაწყვეთ წიგნის დახლები, სადაც ვყიდდით როგორც საკუთარ, ისე სხვა გამომცემლობების წიგნებს. იმ წლებში წიგნის მაღაზიები თითქმის აღარ არსებობდა. საქართველოში, რეალურად, თანამედროვე ტიპის წიგნის მაღაზია მხოლოდ 2002 წელს გაიხსნა „პარნასის“ სახით. რეკლამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.  ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება. იყო სულ რამდენიმე გაზეთი, მათ შორის „რეზონანსი“ და „7 დღე“, სადაც დროგამოშვებით იბეჭდებოდა ინფორმაცია ჩვენი ახალი გამოცემების შესახებ. სხვათაშორის, სწორედ ამ გაზეთების დახმარებით დავნერგეთ წინასწარი ხელმოწერის პრაქტიკა, მაგალითად, გამოვაცხადეთ ხელმოწერა იუნგის ლექციების მორიგ კრებულზე, რადგან მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოსაცემი თანხების მოძიება. ამ კომპანიამ, ასე თუ ისე, კარგად იმუშავა. რაც შეეხება ტელევიზიებს, მაშინ საერთოდაც ცოტა არხი და ფუნქციონირებდა, თუმცა ზოგიერთ გადაცემაში მაინც ვახერხებდით ჩვენი წიგნების რეკლამირებას. მაგალითად, პირველ არხზე იყო გადაცემა, რომელსაც, თუ არ ვცდები, „ჭორ-ნიუსი“ ერქვა, სადაც რამდენჯერმე გავიდა სიუჟეტი ჩვენს შესახებ. განსაკუთრებით გვეხმარებოდნენ რადიოები, პირველ რიგში - პირველი რადიო. ძირითადად, ეს იყო. გარე რეკლამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.“

 

მოგვიანებით, როცა წამყვანი გამომცემლობები მომძლავრდნენ, მათ უკვე თავად გახსნეს საკუთარი მაღაზიები. პირველი იყო „პარნასი“, რომლის დამფუძნებელი, გია დარსალია, იმავდროულად გამომცემლობა „არეტეს“ ხელმძღვანელობდა. შემდეგ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გახსნა მაღაზია Santa Esperansa, რომელიც დღესაც წარმატებით ფუნციონირებს. მოგვიანებით დაარსდა „დიოგენეს“ მაღაზიაც, რომელიც, სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა. სულ რაღაც ერთი წლის წინ გამომცემლობა „ინტელექტმაც“ გახსნა თავისი მაღაზია „შაქრო ბაბუა“. აღარაფერს ვამბობთ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ბაღაზიათა ქსელზე „ბიბლუსი“, რომელმაც, პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიპყრო ბაზარი.

4. ახალი საუკუნე, ახალი პერსპექტივები, ძველი პრობლემები

 

2000-ანი წლებიდან გაყიდვებმა იმატა, განსაკუთრებით გაუმჯობესთა საბავშვო წიგნების მიმართულება, როგორც მათი ხარისხი, ისე რეალიზაციის კოეფიციენტი. მაგრამ გამომცემლებს, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი და ამბიცია, ემუშავათ არა მხოლოდ კომერციული, არამედ ნაკლებად გაყიდვადი, მაგრამ სერიოზული ლიტერატურის მიმართულებითაც, მაინც უნდა ეზრუნათ დამატებითი შემოსავლის წყაროებზე, იქნებოდა ეს საერთაშორისო ფონდების დაინტერესება თუ სხვა. სწორედ ამან უბიძგა „დიოგენეს“, შესულიყო სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე.

 

თამარ ლებანიძე: „ამ გადაწყეტილებას, პირველ რიგში, საფუძვლად ედო ის, რომ კონკურსები მეტ-ნაკლებად ობიექტურად ტარდებოდა და პირობებიც ასე თუ ისე მისაღები იყო ჩვენთვის. რაც მთავარია, თავად მოდელი აბსოლუტურად შეესაბამებოდა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთი სახელმწიფო სტრუქტურა, კერძოდ, განათლების სამინისტრო გახლდათ. იმ პერიოდში „დიოგენესთვის“ ეს იყო ერთადერთი ლეგალური გზა, რითიც შეგვეძლო დამატებითი შემოსავლის მიღება, რომელსაც ისევ და ისევ ნაკლებად კომერციულ ან არაკომერციულ პროექტებს ვახმარდით. ამ საქმიანობამ რამდენიმე წელი გასტანა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ შეცვალა მოდელი და ეს წყარო ხელიდან გამოგვეცალა. თავიდან ამან ძალიან დაგვაზარალა, მაგრამ რაღაც დადებითი ამ ცვლილებამაც მოგვიტანა: ჩვენ დავიწყეთ ახალი გზების ძიება და დღეს უკვე ვთვლი, რომ სულაც არ არის აუცილებელი სახელმძღვანელოების მსგავს პროექტებში ჩაბმა. თუკი ქვეყანაში საზოგადოება და ინფრასტრუქტურა განვითარებულია, ყოველთვის მოიძებნება საგამომცემლო ნიშები, მაგალითად, საბიბლიოთეკო სექტორი. საერთოდ, პატარა ქვეყნებში წიგნის პოლიტიკა აუცილებლად ითვალისწინებს საბიბლიოთეკო სისტემას. მაგალითისთვის გეტყვით ნორვეგიული მოდელის შესახებ, რომლის წყალობით თუნდაც უმცირესი გამომცემლობები სტაბილურად ფუნქციონირებენ. გარდა იმისა, რომ ბიბლიოთეკები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი გამოცემები შეისყიდონ, სახელმწიფო ასევე მონაწილეობს ამ საქმეში, არსებობს საბჭო, რომელიც გამოყოფს მათთვის გარკვეულ სუბსიდიებს იმ არაკომერციული, მაგრამ მნიშვნელოვანი წიგნების შესაძენად, რომელთა ნუსხასაც თავადვე ადგენს. ანუ სახელმწიფო ზრუნავს იმისათვის, რომ ბიბლიოთეკების ყურადღების მიღმა არ დარჩეს არცერთი გამოცემა, განსაკუთრებით - არაკომერციული. მე ვფიქრობ, რომ პატარა ქვეყნებისთვის ეს არის ყველაზე გამართლებული მოდელი.“

 

5. ნიშა ბაზარზე, ანუ ადგილი ცის ქვეშ: ცდუნება vs პრინციპები

 

მიუხედავად იმისა, დიდია თუ მცირე, ბაზარი - ბაზარია, და ის თავის პირობებს კარნახობს გამომცემლებს. მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ზედმიწევნით სწორად შეარჩიონ ნიშა, გაიაზრონ, თუ რაზე ურჩევნიათ ფსონის დადება. გასაკვირი არაა, რომ თანამედროვე გამომცემლობების უმეტესობა საბავშვო ლიტერატურაზე აკეთებს გათვლას, რადგან არა მარტო ჩვენთან, ეს მიმართულება მთელ მსოფლიოში ყველაზე მომგებიანია. თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ნაკლებად კომერციული, მაგრამ სერიოზული ლიტერატურის გამოცემაზე არიან ორიენტირებული. მათ შორისაა „დიოგენეც“, რომლის მთავარი საბაზრო კოზირი, მიუხედავად მისი გამოცემების ჟანრობლივი მრავალფეროვნებისა, მაინც თარგმნილი ლიტერატურაა.

 

თამარ ლებანიძე: „ვთვლი, რომ „დიოგენე“ ნამდვილად არის ბაზრის ლიდერი სერიოზული თარგმნილი ლიტერატურის განხრით, რადგან წლიდან წლამდე ვზრუნავთ ხარისხის ზრდაზე, რაც განაპირობებს წარმატების სტაბილურობას. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ გათვითცნობიერებული მკითხველისთვის „დიოგენეს“ წიგნი ავტომატურად ნიშნავს გარანტირებულ ხარისხს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გყავს მკითხველი, რომელიც იცის, თუ რა ტიპის პრუდიქტისთვის უნდა მიაკითხოს „დიოგენეს“. რა თქმა უნდა, საკმაოდ მტკივნეული თემაა ის, რომ კონკრეტულად ჩვენს მყიდველს, შესაძლოა, ყოველთვის არ ჰქონდეს სათანადო მყიდველუნარიანობა, მაგრამ ეს უკვე სხვა, გლობალურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ეს, ნაწილობრივ, ჩვენივე არჩევანია. ჩვენ გააზრებულად ვდებთ ფსონს სერიოზულ მხატვრულ ლიტერატურაზე და ვცდილობთ, მოვირგოთ და შევინარჩუნოთ სწორედ ეს ნიშა. რაც შეეხება ლოჯისტიკას, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მსოფლიო ტენდენციებით. უნდა ითქვას, რომ სოციალურმა ქსელებმა ნაწილობრივ შეითავსეს მარკეტინგული კვლევების ფუნქციაც. მაგალითად, ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ პორტალ Goodreads-ის ტენდენციებს, სადაც მკითხველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოხატავენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. უნდა ითქვას, რომ დაახლოებით ერთნაირი ტენდენციებია ყველა ქვეყანაში, ანუ ის, რაც კარგად მუშაობს დასავლეთში, არანაკლები წარმატებით მუშაობს ჩვენთანაც. შემდეგ უკვე გამომცემელი თავად წყვეტს, რას აძლევს მას ამა თუ იმ წიგნის გამოცემა. სასწორზე მუდამ ორი რამ დევს: ან თანახმა ხარ, გამოსცე ნებისმიერი რამ, რაც აპრიორი მომგებიანი იქნება, ან გირჩევნია, ჯიუტად მიყვე საკუთარ პრიორიტეტებს. ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ და ჯერჯერობით ვუწევთ წინააღმდეგობას იმ დიდ ცდუნებას, რომელიც ნამდვილად არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც ვმუშაობთ საბავშვო წიგნის მიმართულებით და, ცხადია, ძალიან გვეხმარება ის, რომ, ვთქვათ, ჩვენი გამოცემული პეპი და კარლსონი ბესტსელერებად იქცნენ. თუმცა ეს კატეგორიაც - საბავშვო კლასიკის კატეგორიაა და, შესაბამისად, მორგებულია ჩვენს პროფილთან.“

6. ოპტიმისტური რეზიუმე

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მკითხველი - ცოტაა, ტირაჟები - მცირე, ის ტემპი, რომლითაც საგამომცემლო სექტორი ვითარდება, ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში აშკარად შეინიშნება სასიამოვნო ტენდენცია - ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარული და, შეიძლება ითქვას, მოდურიც კი ხდება წიგნის კითხვა.  ვინც ყოველწლიურად სტუმრობს წიგნის გამოფენა-ბაზრობას „ექსპო-ჯორჯიას“  პავილიონში, ამჩნევს, როგორ თვალშისაცემად მატულობს საგამომცემლო დახლების, წიგნებისა და, რაც მთავარია, მყიდველთა რიცხვი, რომელსაც სულ უფრო ხანგრძლივი ლოდინი უწევს სასურველ დახლამდე მისაღწევად.

 

მართალია, ბევრი მნიშვნელოვანი რამ დარჩა წერილის მიღმა, მაგალითად - საავტორო ჰონორარების საკითხი, ლიტერატურული კონკურსების ზემოქმედება გამარჯვებული წიგნების გაყიდვების დინამიკაზე, გამომცემელთა პარტნიორული ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან, შავი ბაზრის პრობლემატიკა და სხვა, ჩვენ ამ თემებს, სხვადასხვა რაკურსით, კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდებით. ამჯერად კი - სულ ესაა. წარმატებები ქართველ გამომცემლებს!

 

ავტორი: ზვიად რატიანი

კომენტარები