18 თებერვალი 28 წუთის საკითხავი
10 მიზეზი, თუ რატომ სჭირდება შენს ბიზნესს პროგრამული უზრუნველყოფა

როცა საქმე შენს ბიზნესს ეხება, იცოდე, რომ აპლიკაციები შენი ჩუმი და ყველაზე ლოიალური პარტნიორები არიან. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა საბაზისო პროგრამებსა და სერვისებს როგორიცაა ელ.ფოსტა, ვორდი, ექსელი და ა.შ შენს ბიზნეს საქმიანობაში ყოველდღიურად იყენებ. თუმცა, როგორი ძლიერი და უნივერსალურიც არ უნდა იყოს მაიკროსოფტის საოფისე პროგრამები, როდესაც შენი ბიზნესი იზრდება, უამრავი სხვადასხვა ბაზა და ფაილი გიგროვდება, მათი ადმინისტრირება საშინლად დამღლელი და დროის მფლანგველი პროცესი ხდება.

 

სწორედ ამიტომ, არსებობს სხვადასხვა ავტომატიზირებული პროგრამული გადაწყვეტები, რომლებიც შენი ბიზნესის ყოველდღიური პროცესების საგრძნობლად გამარტივებასა და ხარჯების დაზოგვაში დაგეხმარება! ამ ბლოგში მოკლედ მოგიყვები იმ 10 მიზეზის შესახებ, თუ რატომ სჭირდება და როგორ დაეხმარება შენს ბიზნესს სხვადსხვა პროგრამული უზრუნველყოფა.

 

მანამდე კი დავსვათ მარტივი შეკითხვა: რა არის პროგრამული უზრუნველყოფა? როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროგრამული უზრუნველყოფა არის აპლიკაცია, რომელიც ბიზნეს პროცესების ავტომატიზირებასა და შენი ბიზნესის სხვადასხვა საჭიროების პროგრამულად გადაწყვეტაში გეხმარება. ასეთი პროგრამული გადაწყვეტები მრავალგვარი არსებობს, დაწყებული საბუღალტრო, გაყიდვებისა და ოპერაციების მართვის აპლიკაციებიდან დამთავრებული სასტუმროს, რესტორნისა თუ სალონების მართვის სხვადასხვა ხელსაწყოებით. ასე რომ, შენი ბიზნესის შესაფერის გადაწყვეტას მარტივად იპოვი.

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ მიზეზებზე, თუ რატომ გჭირდება პროგრამული გადაწყვეტა:

 

პროცესების ეფექტიანობის გაზრდა


ყველა ორგანიზაციაშია კონკრეტული ოპერაციული პროცესები, რომლებიც რუტინულად, ყოველდღიურად მეორდება. მაგალითად, შეკვეთების მიღება, შესრულება, ინვოისინგი, გადახდები და ა.შ. ამ და მსგავსი პროცესების პროგრამული ავტომატიზაცია, გარდა იმისა რომ ასწრაფებს მათ აღსრულებას, ზოგავს ახალი თანამშრომლების აყვანის ხარჯებსაც, რომლებსაც ამ საკითხებზე უნდა ემუშავათ. ხოლო არსებულ თანამშრომლებს აძლევს საშუალებას სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებში ჩაერთნონ, რაც შენი ბიზნესის ზრდასა და ეფექტიანობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

 

მასშტაბირებადი გადაწყვეტები

 

შენ, ცხადია, მუდამ შენი ბიზნესის გაზრდასა და განვითარებაზე ხარ ორიენტირებული. რაც უფრო იზრდება შენი კომპანიის მასშტაბები, მით უფრო რთული ხდება სხვადასხვა პროცესების მექანიკურად მართვა და ოპერაციები ფერხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის ადრეულ ეტაპზევე ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში, რაც მომავალში კომპანიის დიდ მასშტაბებზე გასვლას ბევრად უფრო მარტივს ხდის.

 

ადამიანური შეცდომების შემცირება

 

როდესაც კომპანიაში ყველაფერი ხელით იმართება, ბევრად უფრო მაღალია ადამიანური შეცდომის დაშვების შანსი. ალბათ არაერთხელ გქონია შემთხვევა, როდესაც ექსელში რიცხვი არასწორად შეგიყვანია, ან უჯრა აგრევია, რასაც შემდეგ მონაცემთა ბაზა თავიდან ბოლომდე აურევია. ადამიანებს ასეთი შეცდომები ყოველდღე მოსდით და შესაძლოა, ერთხელაც მსგავსი შეცდომა ძალიან დამაზარალებელი აღმოჩნდეს. პროგრამული უზრუნველყოფა ამ რისკებისგანაც გაზღვევს. როდესაც პროცესები ავტომატიზირებულია, კლიენტთა უზარმაზარ ბაზებში აღნიშნული შეცდომების დაშვების შანსი მინიმუმამდე იკლებს.

 

ურთიერთინტეგრაცია

 

პროგრამული უზრუნველყოფა იმითაც გიმარტივებს საქმეს, რომ ხშირად სხვადასხვა აპლიკაციის მოდულები ერთმანეთთან ინტეგრირდება, შესაბამისად, შეგიძლია სხვადასხვა ფაილებში ძებნის სანაცვლოდ, ერთ სივრცეში ადევნო თვალი შენი კომპანიის გაყიდვებსაც, ფინანსებსაც, მარაგებსაც და ა.შ.

გაუმჯობესებული ურთიერთობა კლიენტებთან

 

კლიენტებთან კარგი ურთიერთობა ნდობასა და სწრაფ კომუნიკაციას ეფუძნება. პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით შენი ბიზნესის კლიენტების ბაზა რეალურ დროში მუდმივად განახლდება, შედეგად მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი, შეგროვება და მართვა ბევრად უფრო მარტივი ხდება. ეს გაძლევს შესაძლებლობას დროულად უპასუხო კლიენტების მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს, რითიც უზუნველყოფ მათ მუდმივ კმაყოფილებასა და ლოიალობას შენი ბრენდისადმი.

 

გამარტივებული მარკეტინგი

 

მარკეტინგული კამპანიები მოითხოვს რამდენიმე საკომუნიკაციო არხის ერთობლივად გამოყენებას მიზნობრივ აუდოტირიებთან ეფექტური წვდომისათვის. პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით შენ შეგიძლია ეს არხები ერთ სივრცეში გააერთიანო და კამპანიას ბევრად მარტივად გაუძღვე. მარკეტინგული სოფტები საშუალებას გაძლევს მართო კონტენტი, დააგროვო ლიდები და გაზომო შენი კამპანიის ჯამური ეფექტი ზუსტად, სწრაფად და ეფექტურად.

 

გაზრდილი ROI

 

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიზნესები პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობენ არის მათ მიერ მოტანილი ROI, ანუ უკუგება ინვესტიციაზე, რომელიც პირდაპირა დაკავშირებულია იმ ბენეფიტებთან, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარებას მოაქვს. კონკრეტულად, პროგრამული გადაწვეტები:

 

  • ზრდის შემოსავლებს, მოგებას, ეფექტიანობასა და სისწრაფეს
  • ამცირებს დანახარჯებს, დროსა და სირთულეებს
  • აუმჯობესებს პროდუქტიულობას, პროცესებს, ხარისხსა და  სანდოობას
  • გეხმარება შეიმუშავო სტრატეგია, ახალი პროდუქტები და ახალი პროცესები

 

გაძლიერებული უსაფრთხოება

 

ალბათ შენი ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად გაქვს შეხება კონფიდენციალურ ინფორმაციასთან. მაგალითად, ისეთები როგორიცაა: კლიენტების პირადი ინფორმაცია, გაყიდვების მონაცემები და ა.შ. მათი დაკარგვა, ან გაჟონვა ხშირად დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, პროგრამული გადაწყვეტები მათში გენერირებული და თავმოყრილი მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცულობასაც უზრუნველყოფს.

სმარტფონების რევოლუცია

 

დღევანდელ ციფრულ გარემოში სმარტფონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანების სოციალურ ცხოვრებასა და სამუშაო პროცესებში. რთულია ისეთი ინდუსტრიის პოვნა, სადაც მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებს რევოლუცია არ მოუხდენიათ.

 

თუ გსურს, რომ შენი კომპანიაც არ ჩამორჩეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას და ამასთან თანამშრომლებს სამუშაო პროცესი თუ ურთიერთკომუნიკაცია კიდევ უფრო გაუმარტივდეთ, შეგიძლია გამოიყენო აპლიკაციები, რომლებიც სმარტფონებში ინტეგრირდება. ეს საშუალებას მისცემს შენს თანამშრომლებს მარტივი და დაცული გზით ჩაერთონ ამა თუ იმ ბიზნეს პროცესში დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან.

 

კონკურენტული უპირატესობა

 

დღეს, როცა ბაზარზე ათასობით მცირე ბიზნესი და გაჩაღებული კონკურენციაა, თითოეული ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაღაც ნიშნით გამოირჩეოდეს თავისი კონკურენტისაგან. პროგრამული უზრუნველყოფა ამ მხრივაც დაგეხმარება უპირატესობის მოპოვებაში. მეტიც, შენ შეგიძლია გქონდეს კონკრეტულად შენი ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი პროგრამა, რომელიც იქნება უნიკალური ბაზარზე და კიდევ უფრო მეტად გამოგარჩევს კონკურენტებისაგან.

 

და ბოლოს, თუ შენი ბიზნესი უკვე იყენებს რაიმე სახის პროგრამულ გადაწყვეტას, გილოცავ! შენ შენი ბიზნესის განვითარების სწორ გზაზე დგახარ. თუ ჯერ არ გაქვს აპლიკაციებთან შეხება და დაინტერესდი, businesstool.ge-ზე შეგიძლია აღმოაჩინო შენთვის აქამდე უცნობი ქართული სოფტები, ერთმანეთს შეადარო რამდენიმე პროდუქტი და და განსაზღვრო - რამდენად ერგება ესა თუ ის პროგრამა შენი ბიზნესის საქმიანობასა და საჭიროებებს.

 

კომენტარები