27 თებერვალი 18 წუთის საკითხავი
„სწავლის თავგადასავლის" სერვისი

ხშირად მსმენია, განსაკუთრებით ჩემზე უფროსი თაობის წარმომადგენლებისაგან, რომ „უნივერსიტეტი ტაძარია“. ამ ფრაზას, როგორც ჭეშმარიტებას, ისე ვუყურებდი და დიდად არც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

 

2011 წელს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა. მართალი გითხრათ, არც მაშინ მიფიქრია უნივერსიტეტის ტაძართან გაიგივებაზე, არც კი გამხსენებია ეს ფრაზა. 2011 წლიდან უნივერსიტეტში ცვლილებების პროცესი დაიწყო. ცვლილებების მენეჯმენტი იმდენად ინტენსიური, შემოქმედებითი, დინამიური, სტრესული და საინტერესო იყო, რომ თვალსა და ხელს შუა გავიდა 6 წელი. უნივერსიტეტში განხორციელებულმა რეფორმებმა შედეგი მალევე გამოიღო და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოთხოვნადი, თანამედროვე და რეიტინგული სასწავლებელი გახდა.

 

ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის და ჩემი მეგობრებისთვის კითხვა: თუ ცალკეულმა უნივერსიტეტებმა შეძლეს და შექმნეს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი უმაღლესი სასწავლებელი, რატომ ვერ ახერხებენ ამას სხვები? მით უმეტეს, რომ წარმატების მაგალითები და ხედვა, რომელიც დრომ გამოსცადა, უკვე არსებობს. არადა, განათლების რეფორმის აუცილებლობაზე დიდი ხანია, საუბრობენ. ფრაზა - „უნივერსიტეტი ტაძარია“ - მაშინღა ამომიტივტივდა თავში.

ერთ რამეს მივხვდი - ეს ფრაზა კარგად ასახავს ჩვენი საზოგადოების (როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიტიკური) მოლოდინებს საგანმანათლებლო სისტემის მიმართ - ტაძარი ხომ აქ ხელშეუხებელთან, ტრადიციულთან ასოცირდება, ადგილთან, სადაც მხოლოდ ჭეშმარიტებას ქადაგებენ, სადაც შეკითხვების დასმა ზედმეტია. ტაძრისგან არ მოველით ინოვაციურობას, ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას. პირიქით, გვინდა,  რომ მან ჟამთასვლას გაუძლოს და თვითმყოფადობა შეინარჩუნოს.

ნუთუ, უნივერსიტეტისაგანაც იგივეს ველით ?

მოდით, ცოტა ხნით მაინც, სიტყვა „ტაძარი“ ჩავანაცვლოთსიტყვით „ორგანიზაცია“. უნივერსიტეტი ორგანიზაციაა, რომელიც მომსახურებას, სერვისს აწარმოებს. ამ სერვისს „სწავლის გამოცდილება“ (learning experience)ჰქვია. მეტი თვალსაჩინოებისათვის შეიძლება „სწავლის თავგადასავალიც“ ვუწოდოთ.

 

რას მოველით კარგი ორგანიზაციისაგან? მისგან მოველით, რომ :

  • იყოს კონკურენტუნარიანი;
  • იყოს ეფექტიანი;
  • იყოს სანდო და თავად განსაზღვროს, რას ნიშნავს მისთვის და მისი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისი;
  • კარგად იცნობდეს თავის მომხმარებლებს;
  • ჰქონდეს თავისუფლება თავად გადაწყვიტოს, რომელი მომხმარებელი აირჩიოს და როგორი პროდუქტი შესთავაზოს მას;
  • ჰქონდეს თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს გაყიდვისა და დისტრიბუციის რა გზებს აირჩევს;
  • ჰქონდეს თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ მართავს საკუთარ რესურსებს და რა ტექნოლოგიებს გამოიყენებს სერვისის წარმოებისა და მიწოდების პროცესში;
  • კარგად იცნობდეს თავის თანამშრომლებს;
  • ჰქონდეს თავისუფლება, გადაწყვიტოს, როგორი კადრები დაიქირაოს და როგორ გადაანაწილოს ფუნქცია-მოვალეობები;
  • იყოს ბაზარზე ორიენტირებული, მოქნილი, დინამიკური და ინოვაციური.

დამერწმუნეთ,უნივერსიტეტის მართვის პროცესში ყველა ის ინსტრუმენტი მუშაობს, რომელსაც სერვისის მწარმოებელ ნებისმიერ სხვა კომპანიაში გამოიყენებდით.

 

ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტის, განათლების  მომხმარებელიც ჰეტეროგენულია. მათ სხვადასხვა საჭიროებები, სურვილები, მიზნები და მოლოდინები გააჩნიათ.  აქაც ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ვიცნობდეთ ჩვენს მომხმარებელს და შევძლოთ ავირჩიოთ ისინი, რომლებიც მეტად შეგვეფერებიან, ან შევძლოთ და სხვადასხვა მომხმარელებს, მათი მოთხოვნისა და მოლოდინების  შესაბამისი საგანმანათლებლო პროდუქტები შევთავაზოთ.

 

ისევე როგორც სხვაგან, სერვისის შექმნასა და მიწოდებაში ჩართულ პერსონალს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია.

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გამოყენება უნივერსიტეტისთვისაც ისეთივე აუცილებელია, როგორც მაგალითად ბანკისთვის.

ისევე როგორც სხვაგან, აქაც მომხმარებლის მოლოდინებისა და აღქმის მართვა ძალიან მნიშვნელოვანი, რთული და აუცილებელი პროცესია.

მოდით, დავიწყოთ რეფორმა. დავიწყოთ სტერეოტიპის ნგრევით გამოწვეული შიშების მართვით. თუ თავად უკვე აღარ გეშინიათ, დაარწმუნეთ თქვენი ახლობლებიც, რომ უნივერსიტეტი ორგანიზაციაა, ის ქმნის სერვისს, ზუსტად იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც იყენებს სასტუმრო, რესტორანი, სამედიცინო კლინიკა თუ ბანკი. იმისათვის, რომ განათლების სექტორი განვითარდეს, აუცილებელია ცალკეული საგანმანათლებლო ორგანიზაციები იყვნენ თავისუფალი, მოქნილი, თანამედროვე და ინოვაციური.

 

თუ  ერთ ადამიანს მაინც დაარწმუნებთ ამაში, ჩათვალეთ, თქვენ რეფორმის მონაწილე ხართ.

 

ავტორი: თეკლე გურიელიძე

კომენტარები