5 ნოემბერი 18 წუთის საკითხავი
„სკუტ-სკუტი“ - თავისუფალი ქროლა!

ბოლო ორ წელიწადში თბილისში ფერადი სკუტერები მომრავლდა. მათზე, ძირითადად, ფერადი ახალგაზრდები სხედან. ეს ქალაქს ძალიან უხდება და, ამავდროულად, ამ ახლაგაზრდების ცნობიერ არჩევანზე მიუთითებს - ქალაქში სკუტერებით მოძრაობით ისინი გვაჩვენებენ, რომ დიდ, ძვირადღირებულ და თბილისისთვის მოუხერხებელ მანქანებს სკუტერები ამჯობინეს, რითაც მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთეს და, ამავდროულად, გადაადგილების და გარემოს დაბინძურების პრობლემაც, მეტნაკლებად გადაჭრეს.

 

ფერად ჩაფხუტებში გამოწყობილი, ბედნიერი სახეებით,  სკუტერებზე ამხედრებული ახალგაზრდები ყველაზე საშინელ საცობშიც კი, ისე თავისუფლად მოძრაობენ და მათი განწყობა ისეთი გადამდებია, რომ შეუძლებელია, მათ შემხედვარეს, ერთხელ მაინც არ მოგინდეს, შენც სცადო - დაჯდე სკუტერზე, ყოველდღიურობა გაიხალისო და გადაადგილების პრობლემაც  მარტივად გადაჭრა.

სწორედ ამ პრობლემის მოგვარება სცადეს „სკუტ-სკუტის“ დამფუძნებლებმაც - 27 წლის გიორგი ფოფორაძემ და გიორგი მონავარდისაშვილმა, როცა ჯერ თავად შეიძინეს სკუტერები, შემდეგ კი გადაწყვიტეს, ამ კომფორტული ტრანსპორტის გაქირავება-გაყიდვა ეცადათ და აქტიურად შეუდგნენ მის პოპულარიზაციაზე ზრუნვას.

 

„ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანებში გადაადგილების კულტურა შევცვალოთ, ისინი დიდძრავიანი მანქანებიდან სკუტერებზე გადმოვსვათ, დავანახოთ, რამდენად მოსახერხებელი, კომფორტული და უსაფრთხოა ეს ტრანსპორტი ყოველდღიურობისთვის, განსაკუთრებით დღეს, როცა ქალაქში გადაადგილება უდიდესი პრობლემა გახდა. გარდა ამისა, ის ძალიან მოსახერხებელია ტურისტებისთვის. საზღვარგარეთ, ყველგან, სადაც გვიმოგზაურია, სკუტერს ვქირაობდით და აღმოვაჩინეთ, რომ სტანდარტულ ტურისტულ ტურებს, რომლის მარშრუტიც განსაზღვრულია და მათში, ძირითადად, ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება შედის, სკუტერით მოძარობა ბევრად ჯობია, ამიტომ, გადავწყვიტეთ, ეს კომფორტი ჩვენთან ჩამოსულ ტურისტებსაც შევთავაზოთ. სკუტერით მათ შეუძლიათ თბილისის ისეთი ადგილები მოინახულონ, რომლებიც არცერთ ტურში არ შედის. სკუტერით მათ შეუძლიათ, იარონ თბილისის ყველაზე ვიწრო ქუჩებში, შეიხედონ თბილისურ ეზოებში და დააკვირდნენ, როგორ ცხოვრობს ეს ქალაქი, იგრძნონ მისი სინამდვილე“, -ამბობს „სკუტ-სკუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ფოფორაძე.

ბიჭებმა შ.პ.ს  „სკუტ-სკუტი“ 2016 წელს დაარეგისტრირეს, 2017 წლიდან გაქირავების სერვისი აამოქმედეს და მალევე მიხვდნენ, რომ სკუტერი ახალგაზრდების საყვარელი ტრანსპორტი გახდებოდა, ამიტომ საქმიანობის სფერო გააფართოვეს - ქირაობასთან ერთად მომხმარებელს ახალი და მეორადი სკუტერების ყიდვა, ასევე მათი შეკეთების სერვისიც შესთავაზეს.

 

დღეს „სკუტ-სკუტი“ საკმაოდ ფართო არჩევანს გვთავაზობს - ქირაობასთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ ბევრნაირი ფერის, ფასისა და მოდელის როგორც ახალი, ასევე მეორადი სკუტერი, რომლის არჩევაშიც ამ საქმეში უკვე კარგად გარკვეული ადამიანები დაგეხმარებიან.

„სკუტ-სკუტის“ ძირითადი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან. თუმცა, როგორც გიორგი ამბობს, თანდათან ეს იდეას ხანში შესულმა ადამიანებმაც აიტაცეს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დროთა განმავლობაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მიხვდება ამ ტრანსპორტის უპირატესობას დიდძრავიან მანქანებთან შედარებით, რაც, ქალაქში გადაადგილების პრობლემას ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს.

 

„სკუტერი არის თავისუფლების და მომავლის ტრანსპორტი, ამას უკვე ბევრი ხვდება. ვერაფერი შეედრება იმ ემოციას, რასაც სკუტერით ქროლა განიჭებს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კი არ მიდიხან, არამედ მიფრინავ, მისრიალებ! გარდა ამისა, მისი გამონაბოლქვი, დიდ მანქანებთან შედარებით, გაცილებით მცირეა და ჩვენთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ჩვენი ქალაქია და ჩვენ ვცდილობთ, მის ეკოლოგიაზე ვიზრუნოთ, ვებრძოლოთ გამონაბოლქვს. სწორედ ამის გამო, უარი ვთქვით ორტაქტიანი სკუტერების შემოყვანაზე, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ მათ დიდძრავიან მანქანებზე ბევრი გამონაბოლქვი აქვს. ახლა მხოლოდ ოთხტაქტიანი სკუტერები შემოგვყავს,“ - ამბობს გიორგი.

ამჟამად „სკუტ-სკუტი“ მომსახურების ავტომატიზებუი პროგრამის დახვეწაზე მუშაობს. ბიჭებს ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების იმედი აქვთ და ამბობენ, რომ  მათი მთავარი იდეისა და საქმიანობის პოპულარიზაციის გარდა, ამ პროექტში მონაწილეობა და გამარჯვება მათ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

 

სხვა ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს  ურჩევენ, გაბედონ, დიდი მანქანებიდან პატარა, კომფორტულ სკუტერებზე გადმოსხდნენ, დაიხურონ დამცავი ჩაფხუტი და შეიგრძნონ თავისუფლად ქროლის შეუდარებელი სიხარული, რადგან სწორედ ამ დროს იბადება დიდი იდეები, რომლებიც ბიზნესმენმა საქმედ უნდა აქციოს!

 

 

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

კომენტარები