10 დეკემბერი 17 წუთის საკითხავი
„ფინა“-ს პროგრამული გადაწყვეტილებები ბიზნესებისათვის

წლების წინ, ქართველი პროგრამისტების პატარა გუნდმა ოპერაციული სისტემებისა და მონაცემთა ბაზების მიმართ ღია კოდის სახელით ცნობილი დამოუკიდებელი პროგრამის შექმნა გადაწყვიტა. 2006 წელს კომპანია „ფინა“-ს ისტორია ერთი მთავარი იდეით დაიწყო - საფინანსო ზედამხედველი ორგანოებისა და ცენტრალური ბანკებისათვის უნივერსალური სისტემა შეექმნათ , რომელიც სხვადასხვა საფინანსო ანგარიშების მიღებას, დამუშავებასა და ანალიზს უზრუნველყოფდა.

 

„თავიდანვე გავიაზრეთ, რომ  ისეთი პატარა ქვეყნის ბაზარზე, როგორიც საქართველოა, რთული იქნებოდა მსხვილი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა,  რომელიც მთელს მსოფლიოში დაინერგებოდა. ამიტომ, შევეცადეთ პატარა ნიშა გვეპოვა. ეს ნიშა საფინანსო რეგულირებაში აღმოვაჩინეთ. გავარკვიეთ, რომ საფინანსო რეგულირება ისეთ ძირითად სტანდარტებს ეყრდნობა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში თითქმის ერთი და იგივეა - პრინციპი და ე.წ „framework“ მნიშვნელოვნად არ იცვლება. გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ტექნიკურად ნებისმიერ გარემოში იმუშავებდა. ფინანსური ანგარიშგება განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური თუ სხვადასხვა გარემოებების გამო ტექნოლოგიურად ხშირად იცვლება. ასეთ დროს პროგრამული გადაწყვეტის გადაწყობა ძალიან რთულია - დიდ ხარჯებთან და დროსთანაა დაკაშირებული. სწორედ ამიტომ,  გვინდოდა ისეთი სისტემა შეგვექმნა, რომელიც მოსახერხებელი იქნებოდა და IT-ადმინსიტრატორებს საშუალებას მისცემდა ბიზნესმოთხოვნების შესაბამისად ადვილად შეეტანათ საჭირო ცვლილებები. პარალელურად აღმოვაჩინეთ, რომ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტი და ბიზნეს-ანალიტიკა აქტუალური სფეროები იყო და  გადავწყვიტეთ ამ ტენდენციას მოვრგებოდით.“ - კახაბერ ხელაძე, „ფინა”-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ასე შეიქმნა „ფინა“-ს ძირითადი პროდუქტი - FINA IRP - Integrated Regulatory Platform - მარეგულირებელი ორგანოებისათვის მონაცემების შეკრებისა და ბიზნეს ანალიტიკის ინტეგრირებული პლატფორმა, რომელიც დღეს საქართველოს გარდა მსოფლიოს 12 ქვეყანაში - 11 ცენტრალურ ბანკსა და 2 მარეგულირებელ კომისიაში წარმატებით მუშაობს. კომპანიის ყველაზე დიდი მიღწევა პროდუქტის ნიგერიის ცენტრალურ ბანკში დანერგვაა, რომელიც აფრიკის 180 მილიონიანი ქვეყნის 2000-მდე საფინანსო ინსტიტუტს წარმატებით მართავს.

 

FINA IRP თიბისი ბანკის პლატფორმაზე - businesstool.ge დარეგისტრირებული ათობით პროგრამული უზრუნველყოფიდან ერთ-ერთია. პლატფორმა სხვადასხვა მიმართულების ბიზნესს „ფინას”-ს მეორე პროდუქტსაც - DKMS სთავაზობს.

 

DKMS - Dynamic Knowledge Management System ანუ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პორტალი 2017 წელს შემუშავდა. სისტემის მთავარი მიზანია ინფორმაცია  სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან შეკრიბოს  და გარდაქმნას ცოდნაში ისე, რომ ინფორმაცია სტრუქტურიზებულ მონაცემებად იქცეს, შედეგად კი უზრუნველყოს ამ მონაცემების მართვა სხვადასხვა სახით.

„გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის ეს სისტემა რეგიონის ისტორიაში არის პირველი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ერთიან სივრცეში მარტივად მიიღოს გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია. ეს პლატოფრმა ნებისმიერ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციას დაეხმარება მიიღოს სასურველი ინფორმაცია სხვადასხვა  წყაროდან - სამინისტროებიდან, მონაცემთა ბაზებიდან, სენსორული ქსელებიდან და შემდეგ გააკეთოს სხვადასხვა სახის ანალიტიკა, დააკვირდეს დინამიკას, დაამყაროს კავშირი მონაცემებს შორის, მოახდინოს რისკების ანალიზი.“

 

პორტალი businesstool.ge მუდმივად ახლდება. სივრცეს ახალი აპლიკაციები თუ პროგრამული გადაწყვეტები მუდმივად ემატება. ონლაინ პლატფორმა  საშუალებას აძლევს ქართველ დეველოპერებს დაამატონ მათ მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა ან ვებ-სერვისი და გააცნონ პროდუქტი ბიზნეს კლიენტებს. კომპანიებს კი შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და ამოარჩიონ საკუთარი ბიზნესისათვის საჭირო სოფტი, აპლიკაცია ან გადაწყვეტა.

„დღესდღეობით საქართველოში მზარდია იმ დეველოპერების რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესს ხარისხიან პროგრამულ უზრუნველყოფებს სთავაზობენ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ businesstool.ge-ს სახით არსებობს პირველი ერთიანი სივრცე, სადაც ჩვენ პოტენციური კლიენტები აღმოგვაჩენენ და დაგვიკავშირდებიან.“

კომენტარები