14 მაისი 33 წუთის საკითხავი
ქუჩის სწრაფი კვების ობიექტები მსოფლიოში

„...და მეშვიდე დღეს ღმერთმა შექმნა Fast Food-ი,“ ასე წარმოუდგენიათ გურმანებს ე. წ  სწრაფი კვების ობიექტების გაჩენა, უფრო მოხერხებულებმა კი „ღმერთის სიკეთე“ მატერიალურ სიკეთედ აქციეს. მათ შორის პირველი ამერიკელი კოვბოი ჩარლზ გუდნაითი აღმოჩნდა, რომელმაც 1866 წელს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ვაგონი დადგა და კოვბოებისთვის მზა სადილების გაყიდვა დაიწყო. თუმცა სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკის ქუჩებში ადგილობრივები ჯერ კიდევ მაშინ სადილობდნენ, როცა მას Nieuw Amsterdam ერქვა.

ნიუ-იორკი...

აშშ

კულინარიის მკვლევრები ამბობენ, რომ თანამედროვე ან გათანამედროვებული კერძების „სამშობლო“ ნიუ-იორკია. ქალაქის ქუჩებში ასობით დიდი მანქანა დგას, სადაც ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნის კერძები მზადდება. სწორედ ამიტომ, Street Food-ს აქ Foodtruck-ი ჰქვია. დიდი კონკურენციისა და მრავალფეროვნების გამო მზარეულები ექსპერიმენტებს მიმართავენ, მომხმარებელს ხშირად არატრადიციული წესით მომზადებულ სადილს სთავაზობენ და ასე იზიდავენ მათ. შუადღის შესვენება და ლანჩი Foodtruck-ი ნიუ-იორკის მცხოვრებლების  ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კვირაში მინიმუმ სამჯერ მათი დიდი ნაწილი ლანჩისთვის ქუჩაში გადის და საშუალოდ ათ დოლარს ხარჯავს.

Foodtruck-ის მფლობელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ქალაქი ლოს-ანჯელესია. კულინარიული გაზეთები ხშირად წერენ, ქალაქების „გასტრონომიულ კონკურენციაზე,“ მაგრამ ჰოლივუდში გადაღებულმა ფილმა მზარეულზე (Chef), ნიუ-იორკის პოპულარობა უკან ჩამოიტოვა.  ფილმის სიუჟეტი ნამდვილ ამბავს ეფუძნება- უსამსახუროდ დარჩენილმა სამხრეთ კორეელმა შეფმზარეულმა როი ჩოიმ  გრილზე მომზადებული ტაკოს ქუჩაში გაყიდვა დაიწყო, წარმატების შემდეგ სატელევიზიო გადაცემის წამყვანი გახდა, შემდეგ კი მასზე ფილმიც გადაიღეს. The Economist წერს, რომ ჩოი ახლა სწრაფი კვების ერთ-ერთ პოპულარულ ქსელს და 1,2 მილიარდ აშშ დოლარს განკარგავს. ცხადია, პოპულარობამ ჩოის მოგება გაზარდა, მაგრამ საუკეთესო რეკლამა ალბათ მაინც DC Empanadas Food Truck-მა მიიღო. 2011 წელს ბარაკ ობამამ ტვიტერზე დაწერა, რომ  Empanadas Food Truck მისი ფავორიტია.

 

ბანკოკი

ბანკოკი ნიუ-იორკს „Street Food-ის სამშობლოს“ ტიტულში ეცილება. ისტორიული წყაროების ცნობით მეთვრამეტე საუკუნეში აქ პორტუგალიელი მეზღვაურები ტკბილეულს ყიდულობდნენ. შეიძლება ქუჩაში კვების კულტურა ტაილანდში  არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ ბანკოკს “The world’s street food capital-ი არაერთხელ უწოდეს. ალბათ იმიტომ, რომ ტაილანდის დედაქალაქში ნახევარი მილიონი სწრაფი კვების სტენდი დგას, თითქმის ყოველი სამნახევარი მეტრის დაშორებით რაღაც იწვის ან იხარშება. ამ სტენდებთან საუზმეს, სადილს, ან ვახშამს არა მხოლოდ ტურისტები არამედ ადგილობრივებიც ელოდებია. იმის გამო, რომ იქ მცხოვრებლების დიდ ნაწილს სახლებში სამზარეულოსთვის საკმარისი ადგილი არ აქვთ, ისინი ხშირად გარეთ იკვებებიან, მითუმეტეს, რომ ეს არც ისე ძვირი სიამოვნებაა.

 

სტენდების მფლობელების  ერთ ნაწილს ლიცენზია არ აქვს, შესაბამისად, გადასახადებს არ იხდის და ადგილის ხშირი შეცვლა უწევს. მეორე ნაწილი გადასახადებს იხდის და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებელიც მოაქვს. ამბობენ, რომ ტაილანდში ქუჩის კვების ბიზნესით გამდიდრება იოლია, ყოველ შემთხვევაში ამ ბიზნესის მფლობელებს ყოველთვე უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე, მაგალითად, მასწავლებლებს, ფოსტის თანამშრომლებს ან საჯარო მოხელეებს. ამის ახსნა იოლია, ერთ-ერთი ტრადიციული კერძის მაკარონის წვნიანის 50 პორციის დასამზადებლად დაახლოებით ათი დოლარი კმარა, ერთი პორცია კი 90 ცენტიდან 1, 30 დოლარამდე ღირს. მართალია, ყველა სადილი ასეთი იაფი არ არის, თუმცა ხორცი, თევზი, მწერები, ბოსტნეული და ეგზოტიკური ხილი მაინც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ორი წლის წინ ბანკოკის ერთ-ერთი მთავარი „ღირსშესანიშნაობა“ კინაღამ გაქრა. სანიტარული წესების არარსებობისა და რამდენიმე ადამიანის მოწამვლის გამო ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ ქუჩის კვების აკრძალვას აპირებდა, თუმცა შემდეგ რეგულაციები გაამკაცრა.

 

 

ლონდონი

თუ ბანკოკი Street Food-ის დედაქალაქია, მაშინ ლონდონი Street Food სამოთხეა. ინგლისის დედაქალაქში მინიმუმ 15 „სთრით ფუდ“ ბაზარია, სადაც დღის განმავლობაში ლანჩისთვის, საღამოს კი წინასწარ დაგეგმილ ვახშამზე მარტო, მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად ერთად მიდიან. მაგრამ ბანკოკისა და სხვა ბევრი ქალაქისგან განსხვავებით ქუჩაში კვება აქ გაცილებით ძვირია, ისევე როგორც სავარაუდოდ სხვა დანარჩენი ყველაფერი. სტატისტიკის მიხედვით ყოველ შაბათს თითოეულ ასეთ ბაზარში სტუმრები 60 ათას ფუნტზე მეტს ხარჯავენ.

 

2016 წელს „Santa Maria Foodservice“-ის დაკვეთით ლონდონში 200 ადამიანი გამოკითხეს. გამოკითხულთა 25 პროცენტი კვირაში სამჯერ ლანჩზე „სთრით ფუდს“ მიირთმევს, 74 პროცენტი იძულებულია ასე მოიქცეს, 58 პროცენტი სადილისთვის 6.07 ფუნტ სტერლინგს (7 ევრო)  ან მეტს იხდის. ყველაზე პოპულარული ქუჩის საკვები- ბურიტო, ტაკო, ბურგერი, ბრინჯისა და მაკარონის აზიური კერძებია. გამოკითხულთა 8 პროცენტი ამბობს, რომ მათ „ქუჩაში“ ახალი სუნელები, გემოები და კულტურა აღმოაჩინეს.

www.streetfood.org.uk -ზე ყველაფერს იპოვით, რაც ამ ბიზნესს უკავშირდება. თუ მათ სპეციალისტებს ვენდობით, საკუთარი საქმის წამოსაწყებად და ახალი სტენდის გასახსნელად 5000 ფუნტი სტერლინგიც კმარა, 50.000 ფუნტი სტერლინიგის გაღების შემთხვევაში კი - წარმატება გარდაუვალია.  

 

ბერლინი

ბერლინში Street Food და Street Fashion გადაიკვეთა და გასულ წელს  “Diesel-ის” მაისურებზე „მუსტაფას დონერი“ გამოჩნდა. https://www.youtube.com/watch?v=l8kMq-DN_BA  არავინ იცის, მოუწიათ თუ არა “Diesel-ის“ დიზაინერებს Mehringdamm-ზე მუსტაფას დონერის რიგში დგომა ან რატომ აღმოჩნდა დონერი მათი ინსპირაციის წყარო. ტარიკ კარა „მუსტაფას დონერის“ დამფუძნებელი რამდენიმე წელია წარმატებული ბიზნესმენია, ამას ადასტურებს დონერის მომლოდინეების რამდენიმე მეტრის სიგრძის რიგი დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ზოგჯერ რიგი იმაზე გრძელია, ვიდრე რაიხსტაგის ან ბერგჰაინის წინ. მუსტაფას მარკეტინგული ხრიკი ასეთია, მან ტრადიციულ დონერს, რომელიც ბერლინში ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება, პიტნა და ლიმონის საწებელი დაუმატა და ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით იაფად - 2,90 ევროდ გაყიდვა დაიწყო.

 

დონერი ბერლინის საკუთრებაა. თურქული წარმომავლობის მიუხედავად, კადირ ნურმა  1972 წელს ის ბერლინში დააპატენტა. ამჟამად გერმანიაში 16.000 მაღაზია ან სტენდია, სადაც დონერი იყიდება და დაახლოებით 80 ათასი ადამიანია დასაქმებული.

 

წელიწადში გერმანელები საშუალოდ 35 მილიონ Döner-ს  და 70 მილიონ Currywurst-ყიდულობენ. Currywurs-იც  ბერლინის საფირმო სოსისია კარის სოუსით. დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა, მაგრამ სად და ვინ მოამზადა პირველად, ამას ჯერ კიდევ იკვლევენ.  

 

მექსიკა

ამბობენ, რომ მექსიკაში მარტო ტაკოს გასასინჯადაც კი ღირს ჩასვლა, იმიტომ რომ არსად  ტაკოს ისე არ ამზადებენ, როგოც სამშობლოში. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მხოლოდ მისი ინტერპრეტაციაა და ძირითადად ის ბურიტოში ერევათ.  მექსიკის ქუჩებში ასობით სახეობის ტაკოს გასინჯვაა შესაძლებელი. ყველაზე პოპულარული taco canasta, რომელიც ასე ითარგმნება -„ველოსიპედის კალათი,“  ანუ სადილი, რომლიც ველოსიპედით დააქვთ. თუ დაინახავ, უნდა შეაჩერო და ოცი ცენტის სანაცვლოდ სწრაფად ისადილებ. ეს ბიზნესი დიდ დანახარჯს არ მოითხოვს, სამაგიეროდ კარგი მოგება მოაქვს რამდენიმე ოჯახისთვის, რომლებმაც ტრადიციული ტაკოს არატრადიციულად გაყიდვა დაიწყეს. გასტრონომიული ბიზნესის მფლობელები ტაკოს ძირითადად  რომელიმე სოლიდურ ან  არც ისე მოწესრიგებულ ადგილას ყიდიან, მათ შორის ავტოსაგამართ სადგურებზე, ავტოსახელოსნოებსა და  ძალიან ბინძურ ქუჩებშიც კი.  მათი ფასი 15 პესოდან (80 ცენტი) 50 პესომდეა (2.70 აშშ დოლარი).

მეოცე საუკუნეში Street Food კულინარიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდა. სხვადასხვა ენაზე უკვე ათობით წიგნია ხელმისაწვდომი, რომელიც არა მხოლოდ რეცერპტებს, არამედ მისი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა თეორიებს განიხილავს. Youtube-სა და სხვა ინტერნეტ რესურსებზე არაერთი ვიდეოგაკვეთილია, ამ საქმით დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის. მაგრამ ამავე დროს ტექნოლოგიები „ქუჩის კვების“ მთავარი კონკურენტი აღმოჩნდა. იმის გამო, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში მხოლოდ ერთი დაკლიკებით ნებისმიერი კერძის ადგილზე გამოძახებაა შესაძლებელი, შეიძლება „Streed Food-ის“ კულტურა თანდათან გაქრეს.

 

 

 

 

 

  

კომენტარები