15 ივნისი 19 წუთის საკითხავი
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის დეტალები

 საქართველოში პირველად, სხვადასხვა სახის ბიზნესებს საშუალება გაუჩნდათ ერთ სივრცეში აღმოაჩინონ და შეაფასონ ერთად თავმოყრილი, საქართველოში შექმნილი სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფა - კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებგვერდი. უპრეცედენტო ეკოსისტემა - www.businesstool.ge სხვადასხვა ბიზნესისა და კომპანიების დეველოპერებთან და ტექნოლოგიურ პროდუქტებთან დასაკავშირებლად შეიქმნა. ახალი ონლაინ-პლატფორმის შექმნის პარალელურად თიბისის ინიციატივით პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის არსზე, მნიშვნელობასა და პირობებზე თიბისი ბანკის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტების მენეჯერი - თაკო ჯაფარიძე საუბრობს:

რას გულისხმობს პროგრამული უზრუნველყოფების კონკურსი? რა არის მისი არსი და მიზანი?

 

თიბისიმ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანია წაახალისოს ისეთი კომპიუტერული პროგრამის, მობილური აპლიკაციის, ვებგვერდისა თუ სხვა გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ბიზნეს-პროცესებს ავტომატიზირებაში დაეხმარებიან და რომლებიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებენ.

 

ჩვენი მიზანია შეიქმნას პროგრამული გადაწყვეტა, ვებ სერვისი თუ სხვა ნებისმიერი   ფორმატის აპლიკაცია ან პროდუქტი, რომელსაც მომავალში სხვადასხვა კომპანია და ბიზნესი გამოიყენებს. აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს რაიმე ინოვაციური. მთავარია პროდუქტი ბინზეს-პროცესს ამარტივებდეს და უფრო ეფექტურს ხდიდეს.

 

როგორია კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეზღუდვები?

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც არის 18 წლის ან მეტის და საქართველოს რეზიდენტია. მონაწილეები გუნდებად უნდა დარეგისტრირდნენ, თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 5 წევრისგან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე https://www.businesstool.ge/Contest/. სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოს გუნდის ლიდერმა და შეიყვანოს ინფორმაცია, როგორც საკუთარ თავზე, ასევე გუნდის წევრებზე. გამარჯვების შემთხვევაში საპრიზო თანხა გუნდის ლიდერის სახელზე ჩაირიცხება.

 

რაც შეეხება შეზღუდვებს - არ შეიძლება ისეთი პროდუქტის წარდგენა, რომელიც ქართულ ბაზარე უკვე ფუნქციონირებს, ან პროდუქტის, რომელზეც საავტორო უფლება სხვა პირს აქვს. მისაღებია უცხოური სოფტის ან აპლიკაციის  გადმოთარგმნა და მისი ქართულ ბაზარზე მორგება.

 

ვინ და რა კრიტერიუმებით აფასებს პროდუქტს?

 

გვეყოლება დამოუკიდებელი ჟიური, რომლის წევრების ვინაობაც მხოლოდ ფინალისტებისთვის გახდება ცნობილი, ვინაიდან შუალედურ ეტაპზე მონაწილეებს სწორედ ჟიურისთვის მოუწევთ იდეების წარდგენა.

 

რაც შეეხება კრიტერიუმებს - პროდუქტი 10 კრიტერიუმით ფასდება და თითოეული მათგანის მაქსიმალური შეფასება 10 ქულაა. ჟიურისთვის საინტერესოა პროდუქტის 2 მხარე - ბიზნესური და ტექნიკური. ჟიური შეაფასებს რამდენად გამართულია პროდუქტი და რამდენად შესაძლებელია ამ პროდუქტის იდეის რეალიზება ტექნიკურად. ასევე შეფასდება რამდენად სჭირდება ესა თუ ის პროდუქტი ბიზნესს და წყვეტს თუ არა ის რაიმე პრობლემას ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის თვალსაზრისით.

 

რამდენ ეტაპიანია კონკურსი და რას გულისხმობს ეს ეტაპები?

კონკურსი 3 ეტაპიანია. პირველ ეტაპზე, 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება აპლიაკციების მიღება. აპლიკაციების მიღების დასრულების შემდეგ ჟიური ფინალისტ გუნდებს შეარჩევს, რომლებსაც 2 კვირა ექნებათ იმისთვის, რომ შუალედურ ეტაპზე ჟიურის თავიანთი იდეები და მინიმალური სადემონსტრაციო მასალა წარუდგინონ. ეს იქნება დახურული პრეზენტაცია, სადაც გუნდებმა კარგად უნდა ახსნან - რა პრობლემას გადაჭრის, ან ბიზნესის რომელ პროცესს გაამარტივებს მათი პროდუქტი. ამ პრეზენტაციაზე გუნდები ჟიურის წევრებისგან მიიღებენ რჩევებსა და კომენტარებს - რა მიმართულებით განავითარონ პროდუქტი შემდეგი ეტაპისთვის.

 

შუალედური ეტაპის შემდეგ გუნდებს ექნებათ თვენახევარი ფინალურ ტურამდე, რომლის განამვლობაშიც კიდევ უფრო უნდა დახვეწონ პროდუქტი და მიიყვანონ მუშა ვერსიამდე. ფინალურ ტურში საუკეთესო გუნდები საჯარო ღონისძიებაზე ჩაატარებენ პრეზენტაციას და მუშა პროტოტიპებს წარმოადგენენ. ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი, რომ პროდუქტი იყოს ბოლომდე დასრულებული, თუმცა ჟიურიმ უნდა დაინახოს პროდუქტის მთავარი მახასიათებლები. 3 გამარჯვებული გუნდი იმ დღესვე გამოვლინდება. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან.

 

კონკურსის ფარგლებში შექმნილ პროდუქტზე საავტორო უფლებები შემქმნელს ეკუთვნის. გამარჯვებული გუნდები და თიბისი ბანკი შეთანხმდებიან - რა ვადაში უნდა დასრულდეს პროდუქტის შექმნის პროცესი. ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ეს ვადა იქნება 6 თვე. შემდეგ კი თიბისი ბანკი ყველანაირად შეუწყობს ამ პროდუქტის გაყიდვას ხელს - აიტვირთება www.businesstool.ge-ზე, შევთავაზებთ ჩვენს ბიზნეს-კლიენტებს, შევიყვანთ კატალოგებში და მხარს დავუჭერთ, რომ შესაბამისმა ბიზნესმა, თუ კომპანიამ იპოვოს ეს ახლადშექმნილი პროდუქტი და მოარგოს საკუთარ საქმიანობას.

 

კომენტარები