10 ივლისი 24 წუთის საკითხავი
პირველი რეგიონული ბიზნეს ფორუმი ბათუმში ჩატარდა

თიბისის ინიციატივით, სპეციალურად ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმების სერიამ სტარტი 7 ივლისს, ბათუმში აიღო. ღონისძიება თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნიკა ქურდიანმა გახსნა, შემდეგ კი სცენა სპიკერებს დაუთმო. კორპორაციული კულტურა, მართალი ბრენდის რეკლამა, ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, სავალუტო რისკის დივერსიფიკაცია, IFRS-ის სიახლეები, რეგულაციები და უპირატესობები ბიზნესისათვის, საგადასახადო სიახლეები და გარემო ბიზნესისთვის, ფეხბურთი და გაყიდვები - ეს ის თემებია, რომლებიც აუდიტორიამ მთავარ დარბაზში ფორუმის 8 სპიკერისგან მოისმინა.

 

„თიბისისთვის თბილისთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონებში გავიდეს და დედაქალაქის გარეთ მოქმედ ბიზნესებს წინსვლის საშუალება მისცეს. ფორუმზე თიბისის რეგიონალურმა კლიენტებმა შეიტყვეს, თუ როგორ უწყობს თიბისი ბანკი თავის და არა მარტო თავის კლიენტებს მათი საქმიანობის განვითარებაში ხელს და რამდენად მრავალფეროვანია ბიზნესებისათვის ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც ფინანსურთან ერთად არაფინანსურ მიმართულებებსაც გულისხმობს.“ - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„კარგია, რომ თიბისიმ თავი მოუყარა ყველა იმ პოტენციურ თუ არსებულ ბენეფიციარს, რომლებიც სარგებლობენ, ან სურვილი აქვთ ისარგებლონ ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებით. ბევრ მეწარმეს ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია - რა პროგრამებს სთავაზობს მათ სახელმწიფო, ამიტომ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება ძალიან დროული იყო.“ - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.

სპიკერების როლში სხვადასხვა მიმართულების ბიზნესექსპერტებმა დარგის უახლესი ტენდენციები და საკუთარი გამოცდილება დასავლეთ საქართველოში მოქმედ 200-ზე მეტ ბიზნესის წარმომადგენელს გაუზიარეს. ფორუმმა თავისი ჩანაფიქრი შეასრულა და ბიზნესსოციუმის წევრებმა ღონისძიების ოფიციალურ, შემდეგ კი არაფორმალურ ნაწილში, ერთმანეთი გაიცნეს და მჭიდრო კავშირი დაამყარეს. ასევე, გამოიყენეს შესაძლებლობა - დარგის ექსპერტებისგან და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისგან პირადად მიეღოთ პასუხები და რჩევები საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად თუ განსავითარებლად. საკუთარი გამოსვლების დასრულების შემდეგ, სპიკერებიც ინტერესით ინაცვლებდნენ დარბაზში, ერთვებოდნენ ღია დისკუსიებში და თავადაც აუდიტორიის ნაწილი ხდებოდნენ.

 

„ნებისმიერი მიმართულების ბიზნესისათვის მნიშვნელოვან თემაზე - კორპორაციულ კულტურაზე ვისაუბრე. გამომსვლელთან ერთად, ძალიან დიდი სიამოვნებით მსმენელიც ვარ დღეს, იმიტომ რომ ისეთი საკითხები ისე საინტერესოდ იყო გაშლილი ერთ სივრცეში, რომ ბევრ კითხვას, რომლებიც  აქამდე თავში მიტრიალებდა, ნელ-ნელა ახლა და აქ გაეცა პასუხები. გეოგრაფიული ცენტრისგან შორს, რეგიონში ბიზნესის ქონას კიდევ სხვა გამბედაობა, ნიჭი და ცოდნა სჭირდება, ამიტომ ვისურვებდი, რომ მსგავსი სახის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად ჩატარდეს.“ - ანდრო დგებუაძე, A live-ის დამფუძნებელი; ტრენერი.

„ძალიან მაგარი და საქმიანი გარემო შექმნა თიბისიმ. მე მართალ ბრენდებზე ვისაუბრე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესები იყვნენ მართლები საკუთარ თავთან და მომხმარებლებთან დღეს, როდესაც ჩვენი ცხოვრება ინტერნეტითაა მოცული და რამდენად ეფექტურია ბრენდის გულწრფელი და რეალური აქტივობები. თეორია არავის უყვარს, ამიტომ ჩემი გამოსვლა სახალისო, რეალური მაგალითებითა და ვიდეოებით იყო სავსე.“ - ლევან ლეფსვერიძე, „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი.

ტურიზმი, მედიცინა, ფინანსები - მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის ამ და სხვა მიმართულებების წარმომადგენლებმა პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა, ბიზნესსიახლეები და გამოცდილება წარმატებით გაიზიარეს, რაც თიბისის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - ბიზნესის მხარდაჭერის მთავარი იდეა და მიზანია.

 

„თიბისი ქართული საბანკო სექტორის უდავო ლიდერია. ლიდერობა კი არ არის მხოლოდ უპირატესობა. ლიდერობა არის ასევე დიდი პასუხისმგებლობაც და მიხარია, რომ თიბისი  ზუსტად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და იცის, რომ თუკი ქვეყანაში ბიზნესსფერო არ იქნება განვითარებული, ბანკი დამოუკიდებლად ვერ იქნება წარმატებული.“ - სოფო მეგრელიძე, საინვესტიციო კომპანიის - “Batumi Paradise” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 

ბიზნესფორუმის მეორე ნაწილი მთავარ დარბაზში გამოსვლების პარალელურად, ვორქშოპების ფორმატით გაგრძელდა. ბიზნესსოციუმის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესებისა და სურვილის მიხედვით 5 სხვადასხვა ოთახში გადანაწილდნენ, სადაც მათ დარგის სპეციალისტები დახვდნენ და ისეთი თემები გააცნეს, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ლიზინგი, ფინანსები.

 

„თიბისი ლიზინგმა ვორქშოპზე პარტნიორ კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ ერთად წარადგინა თემა - ტექნოლოგიები, ლიზინგი და ეკოლოგია. ერთი შეხედვით, ამ სამ მიმართულებას შორის თითქოს არანაირი კავშირი არ არსებობს. ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიცია, დანადგარების გადაიარაღება, ტექნიკის შესყიდვა - ეს არის ეკონომიკური დოვლათის შექმნის წინაპირობა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების დასაწყისი. სწორედ აქ ერთიანდება ლიზინგი, ტექნოლოგიები და ეკოლოგია. დღეს მხოლოდ აზრიან და მდგრად განვითარებას მოაქვს გრძელვადიანი, რეალური შედეგი. ლიზინგით შესაძლებელია დაფინანსდეს სწორედ ამ ეფექტურობის ზრდა, რაც პირდაპირ აისახება ბუნებრივი რესურსების დაზოგვაში და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.“ - ნატო ტორონჯაძე, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

„ფორუმზე გაგვიზიარეს ისეთი სიახლეები და ცოდნა, რომლითაც რეგიონალური ბიზნესები სამწუხაროდ განებივრებულები არ ვართ. მსგავსი სახის შეხვედრა და ინიციატივა ჩვენთვის არის იმედი, რომ ბაზარზე ერთგული პარტნიორი გვყავს  და ასევე ბიძგი, რომ ჩვენს კომპანიებში დავამკვიდროთ მეტი თანამედროვე სტანდარტი და დავასაქმოთ მეტი ადამიანი.“ - თაკო ჭოლარია, საჩხერის სამედიცინო ცენტრის მარკეტინიგს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

რეგიონალური ბიზნესების წარმომადგენლები თიბისის ორგანიზებთ აჭარის შემდეგ უკვე სხვა რეგიონში, მომდევნო ფორუმზე შეიკრიბებიან.

 

კომენტარები