26 სექტემბერი 16 წუთის საკითხავი
უხილავი ადამიანები - პაატა უჯმაჯურიძე

ადამიანების უმრავლესობა მომავალ პროფესიაზე ფიქრს უკვე თინეიჯერობის პერიოდში იწყებს. საქმე, რომლითაც უნდა დაკავდეს და რომელმაც დიდწილად უნდა განსაზღვროს მისი ცხოვრება, მნიშვნელოვანია. პროფესიის არჩევას ძირითადად ორი მოტივი განსაზღვრავს ხოლმე: პირველი - პრაგმატული მოტივი, ანუ როცა ადამიანი მისთვის გამოსადეგ, სტაბილურ, ფინანსურად მომგებიან პროფესიას ანიჭებს უპირატესობას; და მეორე, როცა ადამიანი იმ საქმეს ირჩევს, რომლის კეთებაც უყვარს, თუმცა იცის, რომ აქედან დიდი შემოსავალი ვერ ექნება. არის შემთხვევები, როცა ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს ემთხვევა. ასეთ დროს ვამბობთ, რომ გაგვიმართლა - მიზანი და საშუალება ერთმანეთს ემთხვევა, ბედნიერები ვართ.

თუმცა, დღეს განსხვავებულ შემთხვევაზე უნდა მოვყვე, ანუ ისეთზე, როცა ჩვენ კი არ ვირჩევთ საქმეს, ის თავად მოდის ჩვენთან, ანუ არჩევანი თავად მოცემულობაა. ასეთი საქმეებით დაკავებული ადამიანები, როგორც წესი, მშვიდად, უპრეტენზიოდ შრომობენ და ხშირად საზოგადოების ყველაზე უხილავი წევრები არიან.

 

პაატა უჯმაჯურიძე 38 წლისაა. ცხოვრობს კუმისში. ჰყავს ცოლი და 3 წლის შვილი. ამბობს, რომ ბავშვობაში ჯარისკაცობაზე ოცნებობდა. თუმცა, უფროსი ძმის აფხაზეთის ომში დაიღუპვის შემდეგ ამ პროფესიაზე უარი თქვა. ეს გადაწყვეტილება უფრო იმიტომ მიიღო, რომ უფროსი შვილის სიკვდილის გამო დადარდიანებულ დედას ახლა მასზე დარდი არ დამატებოდა. წალკაში, ხელმოკლე ოჯახში მცხოვრები ახალგაზრდა კაცისთვის არჩევანი არც ისე დიდი იყო. სოფლის ცხოვრება, ბუნება და შინაური ცხოველები მისი ცხოვრების ორგანულ ნაწილს, მის ყოველდღიურობას შეადგენდა. შესაბამისად, მწყემსად მუშაობა გადაწყვიტა და რაღაც პერიოდი ამ საქმით დაკავდა.

 

„ცხოველები მიყვარს და მათი მოვლაც ბავშვობიდან შემეძლო. მწყემსად ვმუშაობდი. მერე ვიყიდე სამი ძროხა. ჩვენც გვყოფნიდა და ყველსაც ვყიდდით. რაღაც პერიოდი ეს იყო ჩვენი შემოსავლის წყარო. წალკაში ვცხოვრობდით მაშინ, ვიდრე დედა ცოცხალი იყო. შემდეგ გავიცანი ფერმერები, რომლებმაც „ნიბაში“ მუშაობა შემომთავაზეს. რადგან პირობები ნორმალური იყო, დავთანხმდი. ახლა სტაბილური შემოსავალი მაქვს და იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ვიცი და მიყვარს - ცხოველებს ვუვლი.“ - ამბობს პაატა.

 

პაატას დღე დილის 5 საათზე იწყება. ფერმაში დასაქმებული ექვსი ადამიანიდან ცხოველებთან ყველაზე მეტად ურთიერთობა სწორედ პაატას უწევს. ამ დროს ის უკვე „ნიბა“-შია და საქონელს მოსაწველად ამზადებს. ძროხებს ახლა უკვე სპეციალური მოწყობილობით წველის, შესაბამისად, 90-ამდე სულ ძროხას გაცილებით ნაკლებ დროს ანდომებს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა ამ საქმის კეთება ხელით უწევდა. პაატას რძეს მანამდე კარგად გასუფთავებულ სათანადო ჭურჭელში ანაწილებს. შემდეგ ფერმას ალაგებს, ხბოებს აჭმევს და ფერმერებს სხვა საჭირო საქმეებში ეხმარება. ფერმასთან ახლოს ცხოვრობს, შიგადაშიგ სახლში შევლას, ცოლის და პატარა შვილის მონახულებასაც ახერხებს. საღამოს კი პაატა ისევ ფერმაშია და იმავე პროცედურას იმეორებს. დარჩენილი დრო სახლის საქმეებისთვისაა.

ასეთია ფერმაში მომუშავე ადამიანის ერთი ჩვეულებრივი დღე. თითქმის ყოველდღიურად მოვიხმართ რძის ნაწარმს და თითქმის არასდროს ვფიქრობთ ადამიანებზე, ვინც ამ მზა პროდუქტების უკან დგას, ვისი შრომის შედეგიცაა ლამაზად შეფუთული და დახლზე დადებული ეს პროდუქტი.

 

კომპანია „ნიბა 2008“-ის დირექტორის, ბაკურ ეჯიბაშვილისთვის ეს კარგად ნაცნობი გზაა, რომელიც მან მწყემსობით დაიწყო და რომელმაც ის თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით, ფერმის დაარსებამდე მიიყვანა. დღეს „ნიბა 2008“  სოფელ კუმისში ნედლ რძეს აწარმოებს. ფერმაში ამჟამად 200 სულ ძროხას 6 ადამიანი უვლის. დამფუძნებლები ამბობენ, რომ მალე საქონლის რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად, ფერმას რამდენიმე ახალი ადამიანი დაემატება.

 

პაატა „ნიბაში“ თავის საქმეს მომავალშიც გააგრძელებს. ის ამბობს, რომ ცხოვრებით კმაყოფილია, თუმცა შვილისთვის უკეთეს მომავალზე ეფიქრება. უნდა, რომ შვილი მასსავით ფიზიკურად არ შრომობდეს, ურჩევნია, უნივერსიტეტში ჩააბაროს, პროფესიაზე ბევრი იფიქროს და უკეთესი, უფრო მსუბუქი საქმით დაკავდეს.

 

 

კომენტარები