26 ივნისი 24 წუთის საკითხავი
კახეთში რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა

თიბისის ინიციატივით, სპეციალურად ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმი უკვე მესამედ, აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ახლა უკვე კახეთში ჩატარდა.

 

თანამედროვე ტენდენციები ბიზნესში; ლიდერი, როგორც მოტივატორი; რეჟიმი - „მცირე მეწარმე“ და არსებული გამოწვევები; რატომ აგრო ტურიზმი?; IFRS სიახლეები, რეგულაციები და უპირატესობები ბიზნესისთვის; თავი თუ სახელი - ეს ის თემებია, რომლებიც აუდიტორიამ მთავარ დარბაზში ფორუმის 6 სპიკერისგან მოისმინა.

“ბიზნესფორუმების სერია რეგიონებში წარმატებით გრძელდება. ფორმატი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მისი ძირითადი მიზანი ე.წ „ნეტვორკინგია“. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებშიც გავიდეს და დედაქალაქის გარეთ მოქმედ ბიზნესებს წინსვლის საშუალება მისცეს. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურად აქტიური საზოგადოება პერიოდულად შეხვდეს ერთმანეთს და მოხდეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ძალიან ბევრი თანამედროვე ტენდენცია არსებობს ბიზნესის სფეროში, რომელიც კრიტიკულად და სტრატეგიულად აუცილებელია ბიზნეს საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.“ - ნიკოლოზ ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

სპიკერების როლში სხვადასხვა მიმართულების ბიზნესექსპერტებმა დარგის უახლესი ტენდენციები და საკუთარი გამოცდილება კახეთის რეგიონში მოქმედ 200-მდე ბიზნესის წარმომადგენელს გაუზიარეს. ფორუმმა თავისი ჩანაფიქრი შეასრულა და ბიზნესსოციუმის წევრებმა ღონისძიების ოფიციალურ, შემდეგ კი არაფორმალურ ნაწილში, ერთმანეთი გაიცნეს და მჭიდრო კავშირი დაამყარეს. ასევე, გამოიყენეს შესაძლებლობა - დარგის ექსპერტებისგან და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისგან პირადად მიეღოთ პასუხები და რჩევები საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად თუ განსავითარებლად.

 

„აგროტურიზმის სფეროსკახეთში დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს მიმართულება არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართევლოში განვითარების საწყის ეტაპზეა. სოფელში ნებისმიერ ადამიანს  შეუძლია თავისი ყოველდღიური შრომა დამატებით ბიზნესად აქციოს და მინიმალური დანახარჯით საკუთარ სახლში ტურისტებს უმასპინძლოს. აქ ჩამოსულ ტურისტებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები არ უკვირთ. ასეთ სასტუმროებს სხვა სამიზნე აუდიტორია ჰყავთ.  ხშირად რეგიონში ჩამოსულ ადამიანებს უშუალოდ ყოველდღიური პირობები და გარემო აინტერესებთ და სწორედ ამაში იხდიან ფულს.“ - დავით ბირკაძე, აგროეკოლოგი.

„მცირე და საშუალო ბიზნესები, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, ვალდებულნი არიან ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამ პროცესისთვის მეწარმეები ბოლომდე მზად არ არიან. ამიტომაც,  ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია მსაგსვი ფორმატის შეხვედრების ორგანიზება განსაკუთრებით რეგიონებში, ვინაიდან რეგიონებიდან ხშირად გვესმის, რომ ინფორმაცის დეფიციტი და მხარდაჭერის ნაკლებობა აქვთ.” - მარიამ ქოიავა, SavvY Consulting-ის მმართველი პარტნიორი.

ტურიზმი, კვება, ფინანსები - მცირე და საშუალო ბიზნესის ამ და სხვა მიმართულებების წარმომადგენლებმა პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა, ბიზნესსიახლეები და გამოცდილება წარმატებით გაიზიარეს, რაც თიბისის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - ბიზნესის მხარდაჭერის მთავარი იდეა და მიზანია.

 

„სასტუმროების ქსელს - „Holiday Inn”-ს თიბისისთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკვშირებს. 1 კვირის წინ თელავშიც გავხსენით სასტუმრო. ფორუმზე ძალიან საინტერესო მომხსენებლებმა საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და მიმდინარე ტენდენციები გაგვიზიარეს, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს საქმიანობაში“ - ანა მურადაშვილი, “Holiday Inn Telavi”-ს  მენეჯერი.

 

„სტატისტიკის მიხედვით, დამწყები ბიზნესმენების 80% ვეღარ აგრძელებს საქმიანობას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ შესაბამისი ინფორმაციისა და ცოდნის ნაკლებობაა. წარმატებული ბიზნესისათვის მხოლოდ ბანკიდან სესხის აღება არაა საკმარისი. სწორედ მსგავსი ფორუმები და შეხვედრები გვაძლევს იმ მნიშვნელოვან ცოდნას, რაც ყველა ჩვენგანის  ბიზნესს სჭირდება სწორად განვითარებისათვის“ - სოსო ფიცხელაური, მეწარმე.

 

ბიზნესფორუმის მეორე ნაწილი ვორქშოპების ფორმატით გაგრძელდა. ბიზნესსოციუმის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესებისა და სურვილის მიხედვით 4 სხვადასხვა ოთახში გადანაწილდნენ, სადაც მათ დარგის სპეციალისტები დახვდნენ და ისეთი თემები გააცნეს, როგორებიცაა: მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია; როგორ წამოვიწყოთ ექსპორტი; სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიაში; საოპერაციო გადაწყვეტილებები ბიზნესში. 

 

„საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. რეგიონდიან გამომდინარე, ბიზნესმენები ყველაზე მეტად სწორედ ექპსორტის თემით დაინტერესდნენ. თავად ფერმერს ყოველთვის არ აქვს არც დრო და არც იმის ცოდნა, როგორ აწარმოოს ექსპორტი.  არაა აუცილებელი თავად ფერმერი იყოს ექსპორტიორი. ამისთვის არსებობენ კონკრეტული შუამავლები, რომლებიც სხვადასხვა ფერმერებისგან აგროვებენ პროდუქციას და გააქვთ ბაზარზე. სწორედ ამ თემებზე ვუწევთ უფასო კონსულტაციებს ექსპორტის მსურვებელს. ამ მიმართულებით ვორქშოპზე ბევრ შეკითხვას ვუპასუხეთ.“ - გვანცა მელაძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი.

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმების პარტნიორია „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ – EFSE, რომლის მთავარი მისია რეგიონში  და მათ შორის საქართველოში, მცირე და საშუალო ბინზესების მხადრაჭერაა.

 

„ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - თიბისი ბანკთან, რომელიც არასაფინანსო მხარდაჭერის კუთხით ბიზნესსექტორს მუდმივად საინტერესო ინიციატივებს სთავაზობს, მაგალითად: ყოველწლიური ბიზნესდაჯილდოება, სტარტაპერი და სხვა. ეს ყველაფერი მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს - სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი. დღევანდელი ღონისძიებაც ამის დასტურია. რეგიონული ბიზნესფორუმის იდეაა უახლესი ინფორმაცია, მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები გააცნოს ბიზნესგარემოს. ფორუმი ბიზნესკონტაქტების დამყარების შესანიშნავი საშუალებაა. ეს ყველაფერი ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის განვითარებაზე ახდენს დადებით გავლენას, რაც პირდაპირ თანხვედრაშია EFSE-ს მისიასთან.“ - ივანე ლექვთაძე, EFSE-ს წარმომადგენელი.

რეგიონული ბიზნესების წარმომადგენლები, თიბისის ორგანიზებით, აჭარის, იმერეთისა და კახეთის შემდეგ, მომდევნო ფორუმზე, სხვა რეგიონში შეიკრიბებიან.

კომენტარები