12 ივლისი 16 წუთის საკითხავი
გზამკვლევი „ბაბილონის გოდოლში“

თუ მოგზაურობას აპირებ, ისე, რომ სხვა ენაზე კომუნიკაცია გიჭირს და არც ინგლისურად შეგიძლია, მიიღო ყველაზე აუცილებელი ინფორმაცია, ამის გამო მისი გადადება ან ნერვიულობა არ ღირს. მოგზაურობის და, ზოგადად, ცხოვრების გამარტივება სმარტფონებითა და სხვადასხვა აპლიკაციით შეიძლება, რომლებიც რამდენიმე წამში სასურველ ტექსტს თითქმის ნებისმიერ ენაზე თარგმნის. მართალია, ამ აპლიკაციების რაოდენობა და ხარისხიც ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ გამოცდილი მოგზაურები ამბობენ, რომ მათ დიდ კონკურენაციას უწევენ  საგანგებოდ შექმნილი გაჯეტები.

გაჯეტების უმრავლეობა ერთი და იმავე პრინციპით მუშაობს, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად მომხარებელს საშუალება აქვს შერჩიოს მისთვის სასურველი ენა და მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერის შემდეგ მის ან სხვა პირის საუბარს აპარატი ავტომატურად თარგმნის. ცხადია, სისწრაფე, სიზუსტე და ჟღერადობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, ამიტომ კომპანიები, რომლებიც ან ტექნოლოგიაზე მუშაობენ, შედეგს მუდმივად აუმჯობესებენ.

 

 

ერთ-ერთი ბოლო საკომუნიკაციო ხელსაწყოა იაპონური Muama, რომელიც ბაზარზე იანვარში გამოჩნდა. ის, სხვა ასეთი დამხმარე მოწყობილობებისგან განსხვავებით, ჯერ მხოლოდ 40 ენაზე „საუბრობს,“ მაგრამ გამომგონებლები მის მთავარ უპირატესობად სისწრაფეს, ზომას და დახვეწილ დიზაინს ასახელებენ. რაც მთავარია, Muama თითქმის ოთხი დღის განმავლობაში ელექტროწყაროს, დამუხტვისა და ასევე ინტერნეტთან წვდომის გარეშე მუშაობს. ამჟამად იაპონური აპარატი ნახევარ, სააქციო ფასად იყიდება და  89 აშშ დოლარი ღირს.

 

Muama-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ევროპაში წარმოებული Travis Touch-ია. გამომგონებლები ირწმუნებიან, რომ Travis Touch დავალებას თავს ბაბილონის გოდოლშიც კი წარმატებით გაართმევდა. უახლესი Travis Touch პლუსი 100 საერთაშორისო და რეგიონულ ენაზე თარგმნის, თუმცა წინა გაჯეტებისგან განსხვავებით ამისთვის მეტი დრო სჭირდება. მისი უპირატესობა სენსორული ეკრანია, საიდანაც ბრძანებების გაცემა და ინფორმაციის კონტროლია შესაძლებელი. თუმცა აპარატის ეფექტიანი მუშაობისთვის მისი ინტერნეტთან დაკავშირებაა საჭირო, Wi-Fi ან სიმ-ბარათი. ამის მიუხედავად Travis Touch გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერია. ჰოლანდიური კომპანია მომხარებელს მუდმივად ახალ პროდუქტს სთავაზობს.  Travis Touch Plus ფასი 200 აშშ დოლარია.

 

 

ამ დროისთვის ერთადერთი გაჯეტი, რომელიც ქართულადაც თარგმნის არის Vasco Translator Mini 2. აპარატი 70 გრამს იწონის და  სულ 50 ენას „ფლობს“. მისი ფასი ამჟამად 289 დოლარია. იმის მიუხედავად, რომ Vasco-ს პროდუქცია ბაზარზე 2008 წლიდან არსებობს, რეიტინგში მისი ქულა ხუთიდან 4,43 -ია. სხვა მწარმოებლებისგან განმსხვავებით Vasco მოგზაურობისთის საჭირო კიდევ რამდენიმე ხელსაწყოს უშვებს. კომპანიის სათავო ოფისი აშშ-შია, თუმცა წარმომადგენლობა აზიასა და ევროპაშიც მუშაობს.

 

საერთო ჯამში ბაზარზე მომხარებლისთვის დიდი არჩევანია, შედარებით მაღალ ფასად შესაძლებელია ისეთი გაჯეტის ყიდვა, რომელიც არა მხოლოდ ვერბალურ ნაწილს თარგმნის, არამედ წარწერას ან ფოტოს კითხულობს, ავტომატურად აახლებს პროგრამას და შესაბამისად ლექსიკონს, მუშაობს სხვადასხვა დისტანციაზე, ავტომატურად ამოიცნობს ენას ან საგანგებოდ არის დამუშავებული სპეციფიკური, მაგალითად, სამედიცინო ან ტექნიკური დიალოგების გადასათარგმნად.

 

 

ასეთ გაჯეტებს რამდენიმე უპირატესობა აქვთ - მათი დახმარებით ენების შესწავლა იოლია, რადგან მცირე ზომის გამო მათი მუდმივად ტარება პრობლემას არ წარმოადგენს.

 

რაც მთავარია მოსახერებელია მოგზაურობის დროს, რადგან დროსა და ენერგიას ზოგავს, აიოლებს კომუნიკაციას და გამოსადეგია თითქმის ყველა ქვეყანაში.

 

მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე წარმატებით თარჯიმნებსაც ჩაანაცვლებს - რამდენიმე მოწყობილობის რეკლამაში უკვე გაჩნდა რეკომენდაციები, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებზეც.

 

სპეციალისტებისა და მოყვარულების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი მოწყობილობები უფრო ეფექტიანად მუშაობს, ვიდრე სმარტფონებში არსებული აპლიკაციების უმრავლესობა. მაგრამ ამის მიუხედავად, სხვადასხვა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველდღიური გამოყენებისთვის Google Translate უკონკურენტოა.

 

კომენტარები