17 დეკემბერი 32 წუთის საკითხავი
ბიზნესდაჯილდოება 2018 დასრულდა

2018 წლის ბიზნესდაჯილდოება დასრულდა და გამარჯვებულების ვინაობაც ცნობილია. თიბისის დაფუძნებული წლის მთავარი და ყველაზე მასშტაბური ბიზნესღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა, სადაც წლევანდელი პროექტის ყველა მონაწილე, ორგანიზატორები და ბიზნესსფეროს წარმომადგენლები იმ კომპანიების ვინაობის გასაგებად შეიკრიბნენ, რომლებიც ოთხთვიან ბიზნეს-მარათონში 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. 18 ფინალისტიდან შერჩეული გამარჯვებულების სია ასეთია:

 

წლის ბიზნესი:

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“  ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე იურიდიულ მხარეს.

 

„შარშან მოწვეული სტუმრის სტატუსით ვესწრებოდი ბიზნესდაჯილდოების ღონისძიებას. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მონაწილეობის მიღება. მადლობა თიბისის და განსაკუთრებული მადლობა თიბისი ლიზინგს, რომელმაც საშუალება მოგვცა ჩვენი ბიზნესისათვის საჭირო ტექნიკა შეგვეძინა.“ - ირაკლი ტყებუჩავა, „გროს ენერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი.

„ბიზნესდაჯილდოების ფინალური ღონისძიება იმის დასტურია, რომ EFSE წარმატებულ თანამშრომლობას აგრძელებს ფონდის სტრატეგიულ პარტნიორთან - თიბისი ბანკთან. ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ბიზნესის არასაფინანსო  მხარდაჭერას, სადაც თიბისი ნამდვილად გამორჩეულია ბაზარზე და ეს პროექტიც ამის ნათელი მაგალითია.“ - ვანო ლექვთაძე, „EFSE”-ს წარმომადგენელი.

წლის ქართული პროდუქტი:

კომპანიამ „გეფერინი“ 2014 წელს ჩანთების მასიური წარმოება დაიწყო, რასაც ეტაპობრივად საფულეების, ქამრების, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის წარმოებაც დაემატა. დღეს „გეფერინის“ პროდუქცია მსოფლიოს 9 ქვეყანაში გადის. კომპანიამ მოახერხა  მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა.

 

„ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ბაზრისთვის, რადგან მას ძალიან დიდი ხელშეწყობა მოაქვს მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის. ასეთი ჯილდო ჩვენთვის პირველია და მინდა ჩვენს გუნდს მივულოცო, რომელიც 5 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა საუკეთესო პროდუქტის შესაქმენლად.“ - ილია გეფერიძე, „გეფერინის“ დამფუძნებელი.

„ბიზნესდაჯილდოება ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან კერძო სექტორი და ამ სექტორში განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და წარმატების საწინდარია. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებითა და გულისყურით  ვაკვირდებით ამ სფეროს ყველა წარმომადგენელს.“ - გიორგი ქობულია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

წლის სტარტაპი:

„თიერსი“ საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა, რომელიც მწყობირდან გამოსულ მეორად საბურავებს გადაამუშავებს და მისგან ისეთ სასარგებლო პროდუქტებს იღებს, როგორებიცაა კაუჩუკის გრანული და ფოლადის ბოჭკო. 2 წლის განმავლობაში კომპანიამ 1000 ტონა საბურავი გადაამუშავა, რომლის 60% ბუნებაში იყო გადაყრილი.

 

„მადლობა თიბისის, იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა ჩვენი კარგი საქმე ყველასთვის გაგვეზიარებინა. ჩვენი პროდუქტი მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვისა და ეკოლოგიისთვის, რადგან იმპორტირებულ პროდუქტს ვანაცვლებთ და ვქმნით პროდუქტს, რომელიც აქამდე საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში არ იწარმოებოდა.“ - ზურაბ ბაზღაძე, „თიერსის“ დირექტორი.

წლის ტურისტული ბიზნესი:

„Ecotour Georgia“ პატარა ტურისტული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც შემომყვანი ტურიზმია. კომპანიის მიმართულება (Birdwatching, wildlife watching tours)  ფრინველებზე და ზოგადად ველურ ბუნებაზე დაკვირვების ტურიზმია. კომპანია მსურველებს პროფესიონალი ფოტოგრაფების მომსახურებასაც სთავაზობს.

 

„ეს გამარჯვება ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო ცნობადსა და საზოგადეობისათვის კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.“ - გიორგი რაჯებაშვილი,  „Ecotour Georgia“-ს დირექტორი.

წლის ქალი მეწარმე:

„სანტა“ - ალპურ ზონაში არსებულ ყველის საწარმოში სხვადასხვა სახეობის ყველი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, საკუთარი ნედლეულით, მაღალი სტანდარტების დაცვით მზადდება. ფილოლოგი დარეჯან კანთელაძე თბილისიდან 120 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე 20 წლის წინ დასახლდა. მიტოვებული ფერმების ნანგრევები შეისყიდა და იჯარით მიწის ნაკვეთები აიღო. ადგილობრივი ბერძნებისგან დაცლილ სოფელში სხვადასხვა კუთხიდან ეკომიგრანტები და დევნილები ჩამოასახლა, რომლებსაც სამუშაო და სახლები მისცა. დღეს საწარმოში 5 სახეობის ყველი - ქარხნული, იმერული. სახაჭაპურე, ლორი და გაუდა მზადდება. ძველი ფერმების ნანგრევებითა და რამდენიმე ადამიანით დაწყებული მეურნეობა დღეს 35 მუდმივ თანამშრომელს, 500 ჰექტარ მიწასა და 270 პირუტყვს ითვლის.

 

„მადლობა ყველას, ვისაც ახარებს ჩვენი ქვეყნის დოვლათი და ვინც ნამდვილ, ქართულ პროდუქტს ქმნის. ჩვენი საწარმოს შრომა და თავდადება ენითაღუწერელია.“ – „სანტას“ წარმომადგენელი.

„ეკონომიკა, სადაც მეტი ქალია ჩართული, ბევრად უფრო დინამიური და განვითარებულია. ამას ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს. ჩემი სურვილია, რომ ამ ტენდენციას საქართველომ კიდევ უფრო სწრაფად აუწყოს ფეხი. ამ ფონზე სასიამოვნოა, რომ ბიზნესდაჯილდოების პროექტში წლის ქალი მეწარმის ნომინაცია გაჩნდა. იმედია, რომ ეს პროექტი მოტივაციის წყარო იქნება იმ ქალბატონებისათვის, ვისაც სურვილი აქვთ, რომ მომავალ წელს ამ სცენაზე იხილონ საკუთარი თავი.“ - სევერიან ღვინეფაძე, „EBRD“-ის მცირე და საშუალო  ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების ჯგუფის მენეჯერი საქართველოში.

 

ბიზნესი დადებითი გავლენისთვის:

„ჯეო მულჩი“ - მულჩირება ნიადაგის მოშიშვლებული, დამუშავებული ზედაპირის ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით გადაფარვაა. მულჩი გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში,  ასევე დეკორატიული მცენარეების, ეზოების, ბაღებისა და ზოგადად ლანდშაფტის დიზაინის გაკეთილშობილებისა და მოვლისათვის. „ჯეო მულჩი“ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი მულჩის მწარმოებელი კომპანიაა.

„ჩემთვის სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა ის რომ, საზოგადოებისათვის სასარგებლო ნომინაციაში გამარჯვებულები სწორედ ჩვენ გავხდით.“ – მიხეილ მესტვირიშვილი, „ჯეო მულჩის“ დირექტორი.

„მიხარია,  რომ შესაძლებლობა მოგვეცა თიბისისთან სწორედ ამ ნომინაციის ფარგლებში გვეთანამშრომლა.  ვფიქრობ, რომ ნომიანცია - ბიზნესი დადებითი გავლენისთვის მოტივაცია და სტიმული იქნება სხვა მსხვილი თუ მცირე ბიზნესებისათვის იმისთვის,  რომ მათ თავიანთი ძირითადი საქმიანობის გარდა, ისეთი პროექტებიც განახორციელონ, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით გაველნას მოუტანს საზოგადოებას.“ - ქეთი ებანოიძე, “Tbilisi Impact Hub”-ის თანადამფუძნებელი.

„მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე პროექტში ჩართულობა მატულობს და მოხარული ვარ, რომ 3 წლის განმავლობაში პროექტმა ეს მასშტაბი შეიძინა. 2 ნომინაცია - წლის ქალი მეწარმე და ბიზნესი დადებითი გავლენისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლე და გამოწვევა იყო წლევანდელი პროექტისათვის. მიმაჩნია, რომ დღევანდელ ბიზნესპროცესებში კორპორაციული სოციალური პასუსიმგელობისა და ქალი მეწარმეების როლის წამოწევა  დროული იყო. წლევანდელი პროექტი დასრულდა, თიბისი კი აგრძელებს საქართველოში ბიზნესებისათვის მხარდაჭერას.“ - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილე.

 

წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეგორიის ჯილდო იყო დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.

 

ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება და საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება, ასევე ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას. ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს 344-მა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა. პლატფორმამ 3 წლის მანძილზე ჯამში 1600-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.

კომენტარები