14 სექტემბერი 12 წუთის საკითხავი
ბიზნეს დაჯილდოება 2018 - ის ჯილდოები!

ბიზნესებისთვის კონკურენტულ გარემოში კომპანიის გაყიდვებისთვის უშუალოდ პროდუქტთან ერთად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის მისი მიწოდების ფორმა და საკომუნიკაციო არხები, რომლების საშუალებითაც ბიზნესი საკუთარ კლიენტებთან ურთიერთობს.

 

სწორედ ამიტომ, თიბისის ბიზნესდაჯილდოება  წელს გამარჯვებულ კომპანიებს სთავაზობს არჩევანი გააკეთოს შემდეგ სამ ჯილდოს შორის.

  • ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ გვერდი - ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში კომპანია მიიღებს მასზე მორგებულ ციფრულ სტრატეგიას და ვებ გვერდს.

“ალბათ, დღეს უკვე აღარ ღირს იმის განხილვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული კომუნიკაცია და სტრატეგია ნებისმიერი ბრენდისთვის. თუ რამდენიმე ხნის წინ ციფრული მიმართულება მარკეტინგის შემადგენელი ნაწილი იყო, დღეს ეს მდგომარეობა უკვე რადიკალურად შეიცვალა და მთლიანად მარკეტინგის დიჯიტალიზაცია მოხდა, რაც პირველ რიგში, ნიშნავს „ციფრულად“ ფიქრს და შემდეგ მასალის გენერირებას. ჩემი აზრით, ყველაზე მოკლე გზა მომხმარებლის გონებამდე ციფრულ არხებზე გადის“.  - ტატო ნორაკიძე, თიბისის ციფრული მარკეტინგის უფროსი მენეჯერი

  • ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია - გამარჯვებული ბიზნესებისთვის, რომლებიც ამ ჯილდოს აირჩევენ, შეიქმნება სტრატეგიული ბრენდ პლატფორმა და მომზადდება ახალი საიმიჯო რგოლი.

„ბრენდინგი ხანდახან არასათანადოდ ფასდება და ბიზნესპროცესისგან განყენებულ ნაწილად აღიქმება ან სულაც „სარეკლამო“ დანიშნულებით განიხილება. სინამდვილეში ბრენდი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამ კატეგორიის წახალისება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მგონია, რადგან ბრენდის სტრატეგია და მარკეტინგი ძალიან დიდ როლს თამაშობს, როგორც დიდი, ისე დამწყები კომპანიების წარმატებაში. ციფრულ სამყაროში ბრენდის ძალა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ყურადღებისთვის ომში ყოველთვის საუკეთესო იარაღია.“ - ნინო ეგაძე, თიბისის მარკეტინგის დირექტორი

  • პროგრამული გადაწყვეტა (პროგრამული უზრუნველყოფა) - გამარჯვებული კომპანიისთვის, რომელიც არჩევანს ამ ჯილდოზე შეაჩერებს, გაანალიზდება მისი ბიზნესპროცესები და შეირჩევა  მისთვის  საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.

„ალბათ წარმოუდგენელია დღევანდელ დღეს ბიზნესის მართვა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე - ეს იქნება რუტინული პროცესების ავტომატიზაცია თუ პროდუქტების ციფრული არხებით მიწოდება. აუცილებელია ბიზნესის განვითარების პარალელურად ტექნოლოგიური განვითარებაც იყოს მთავარი პრიორიტეტი. ტექნოლოგიური ცვლილებები შეიძლება მოხდეს ბიზნესის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე და ყველა სტრუქტურაში. საბედნიეროდ საქართველოში უკვე არსებობს მრავალი კომპანია თუ სტარტაპი, რომელიც ქმნის კლიენტზე მორგებულ პროდუქტს ან სთავაზობს თავის მზა გადაწყვეტილებას“. - გიორგი კაპანაძე, სფეისის UX არქიტექტი.

 

ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაცია  17 სექტემბერს დაიწყება. ნოემბერში დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს გამოავლენს, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა!

კომენტარები