6 მაისი 9 წუთის საკითხავი
აპლიკაციების კონკურსის ფინალისტი - Inventors

ადამიანების ცხოვრებაში ხშირად ყოფილა ისეთი მომენტი, როცა ავტომობილის ნაწილი უფუჭდება, მის შესაცვლელად კი უამრავი დრო, ენერგია, ფული და ნერვები იხარჯება. თანაც, შეიძლება საბოლოო შედეგი მაინც წარუმატებელი აღმოჩნდეს და ნაწილი მალევე გაფუჭდეს.

 

გიორგი რობაქიძემ ამ პრობლემის გადაჭრის გზა იპოვა და თიბისის აპლიკაციების კონკურსზე წარადგინა აპლიკაციას Inventors, რომელიც რამდენიმე ფუნქციას ითავსებს. აპი მომხმარებლებს სთავაზობს იდეალურ მდგომარეობაში საჭირო ნაწილების მოძიებას, რელევანტურ ფასს, მდგომარეობის განსაზღვრას, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციებს.

 

ამ ყველაფრისთვის კი აპლიკაციას ძალიან მცირე დრო სჭირდება. იმდენად მცირე, რომ რეალურ ცხოვრებაში დაკარგულ დღეებს ვერც კი შევადარებთ. სასურველი ნაწილების, მომწოდებლისა და ხარისხის მოსაძიებლად, აპლიკაციას 10-დან 30 წუთამდე სჭირდება.

 

გიორგი რობაქიძე პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ტექნოლოგიების სფერო დიდი ხანია იზიდავს. სანამ საკუთარი აპლიკაციის განვითარებას დაიწყებდა, კერძო ბიზნესი ჰქონდა, პარალელურად კი სხვადასხვა კომპანიებისთვისაც მუშაობდა. დღეს რეალური შანსი აქვს, რომ განავითაროს ინოვაციური სერვისი ავტოინდუსტრიაში, რომელიც ცხოვრებას ყველა იმ ადამიანს გაუმარტივებს, ვისაც მანქანა ჰყავს.

 

თიბისის აპლიკაციების კონკურსში გამარჯვება მისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალობას, რადგან დამატებითი ინვესტიცია პროგრამული ნაწილის და მახასიათებლების დახვეწაში ძალიან დაეხმარება.

 

„თიბისის აპლიკაციების კონკურსი რეალური შანსია იმისთვის, რომ ყველა ჩანაფიქრი დროულად განვახორციელოთ. აქტიტურად ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, გამარჯვების შემთხვევაში კი ეს პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდება“, - ამბობს გიორგი. 

 

მისი თქმით, ასეთი ტიპის კონკურსები დადებითად მოქმედებს მოტივაციაზე და ეხმარება იდეების მქონე ადამიანებს მიზნების მიღწევაში.

 

„ყოველთვის აღვნიშნავ, რომ თიბისის ინიციატივები სტარტაპების წასახალისებლად ძალიან დადებითად მოქმედებს ყველა ინოვატორზე, რომლებსაც სიახლეების დანერგვა სურთ. ეს კონკურსი ამის ნათელი მაგალითია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამ ინდუსტრიის, ისე მთლიანად ბაზრის განვითარებისთთვის“, - გვითხრა გიორგიმ.

 

კომენტარები