30 სექტემბერი 31 წუთის საკითხავი
აგროტურიზმი - დასვენებისა და განვითარების ფორმა

აგროტურიზმი, როგორც დასვენებისა და განვითარების ფორმა, მსოფლიოში აღიარებული მიმართულებაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. კაპიტალისტური წნეხებით, ურბანიზმით, არანორმალური სამუშაო რიტმით გადაღლილი ადამიანიები თავს სულ უფრო ხშირად აფარებს ბუნებას, სოფელს, ეფლობიან პასტორალურ ცხოვრებაში - მონაწილეობენ სოფლის მეურნეობაში, უვლიან შინაურ ცხოველებს, მუშაობენ მიწაზე, ინტერესდებიან სოფლად შემორჩენილი უძველესი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით. ასეთნაირად ადამიანები ცოტა ხნით ნებაყოფლობით შორდებიან ცივილიზაციის დაძაბულ რიტმს და ბუნებასთან ყოველდღიური ურთიერთობით იკრებს ძალას, რაც მათ ქალაქში ცხოვრების გასაგრძელებლად სჭირდება.

ევროპაში აგროტურიზმის აქტიური განვითარება გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. 1971 წელს საფრანგეთში დაფუძნდა ასოციაცია - „ტურიზმი სოფლად“, რომელმაც დაიწყო ტურისტული ორგანიზაციების სახელმწიფო მასშტაბით კოორდინირება. ასოციაციის მუშაობის შედეგად, 1986 წელს, 8 მილიონმა ფრანგმა (ტურისტების 1/4 ) დასასვენებლად სოფლად წასვლა გადაწყვიტა, ხოლო 1987 წელს საფრანგეთის სოფლებში უკვე 9.2 მილიონი ფრანგი და 5,2 მილიონი უცხოელი აგროტურისტი ისვენებდა. დღეისათვის საფრანგეთში აგროტურიზმიდან შემოსავალი საერთო ტურიზმის 10%-ია.

 

იტალიაში სახელმწიფო და კერძო ინიციატივების აქტიურობის შედეგად, 1990 წლისთვის დარეგისტრირებული 10 000 აგროტურისტული ობიექტიდან შემოსული თანხა 350 მილიონ დოლარს აჭარბებდა. დღეისათვის იტალია აგროტურიზმის პოპულარობით ევროპის ლიდერი ქვეყანაა.

 

ავსტრია, რომელიც თავისი სამთო კურორტების წყალობით, ტურისტულ მექად იქცა, დღემდე აქტიურად დებს ინვესტიციებს აგრო და ეკოლოგიურ ტურიზმში. 2018 წლისთვის ავსტრიაში აგროტურიზმიდან შემოსულმა მოგებამ ათობით მილიარდი ევრო შეადგინა. დღეისათვის ფერმერების დაახლოებით 10% აქვს შესაძლებლობა, სტუმრებს სასტუმრო საკუთარ მეურნეობაში  შესთავაზოს. საერთო ჯამში ავსტრიელი ფერმერები დღეში დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს მასპინძლობენ, რომელთა მეოთხედიც უცხოურ ტურისტებზე მოდის.

მსოფლიოში ყოველდღიურად 700 მილიონამდე ადამიანი მოგზაურობს, რომელთაგანაც 12-30% აგროტურისტია. საფრანგეთში ტურისტების მხოლოდ 7% ჩერდება სასტუმროში, დანარჩენი 93% ფერმებსა თუ კემპინგს ირჩევს.

 

მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის შეფასებით აგროტურიზმი ტურიზმის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების ხთეულში შედის და პოპულარობის მიხედვით მეორე ადგილზეა საზღვაო ტურიზმის შემდეგ. აქტუალური მონაცემებით აგროტურიზმიდან შემოსული თანხა ევროპაში საერთო შემოსავლის დაახლოებით 20-30% შეადგენს.

 

ევროპის აგროტურიზმის ფედერაციის (EuroGites) მონაცემებით, ევროპის 27 ქვეყანაში განთავსებულია 100 000-ზე მეტი ტურისტული ობიექტი. ბრიტანელი ფერმერების დაახლოებით 60%-ის ძირითადი შემოსავალი აგროტურიზმიდან შენოსული თანხაა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პოლონეთში კი ამ ბიზნესით ფერმერების 13% ცხოვრობს.

საქართველოში აგროტურიზმის განვითარება დაახლოებით 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება. თუმცა, ტურიზმის ეს სახე აქ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

 

ექსპერტების აზრით, საქართველოში აგროტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული ობიექტები შეიქმნას უკვე არსებულ მეურნეობებში. სასურველია, მასპინძელი თავად იყოს ჩართული სოფლის მეურნეობის ცოცხალ პროცესში. სწორედ ავთენტური გარემო და მასში ჩართულობა იზიდავს სოფლად საგანგებოდ ჩასულ ადამიანს. გამართულ მეურნეობაში სასტუმრო ობიექტების შექმნა და კეთილმოწყობა რამდენიმე ძირითადი საკითხის მოგვარებას გულისხმობს. აგროტურიზმის განვითარების სპეციალისტის, ვერიკო ხომერიკის აზრით, ტურისტების საქართველოს სოფლებით დაინტერესება თანმიმდევრულად უნდა მოხდეს. ძირითად საკითხებთან ერთად, როგორებიცაა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გამართული ფერმერული მეურნეობა, რაც  გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას, აუცილებელია, შეიქმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რათა დაინტერესებულმა ადამიანებმა მარტივად შეძლონ ტექნიკური მხარეების მოგვარებაც.

 

„პოტენციური სტუმრისთვის ინსპირაციის წყარო ძირითად შემთხვევებში ტურისტული ობიექტების ინტერნეტგვერდებია.  რაც უფრო დახვეწილი და კომფორტულია ეს მედია, მით უფრო მარტივდება გადაწყვეტილების მიღება. აქ, ცხადია, იგულისხმება ყველაფერი - დაწყებული დიზაინიდან, დამთავრებული დაჯავშნის კომფორტული მექანიზმებით. ამასთანავე, სასურველია, ობიექტი წარმოდგენილი იყოს ძირითად საინფორმაციო არხებზე, თანამშრომლობდეს რეგიონში არსებულ სხვა ობიექტებთან, სისტემატურად აახლებდეს ინფორმაციას. ერთი სიტყვით, ორიენტირებული იყოს სტუმრის ინტერესებზე. სასურველია, წინასწარ განისაზღვროს სტუმრების მოლოდინები და შემდეგ სწორად წარიმართოს ისინი. მასპინძელმა სტუმრებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შემოგარენზე, თავად შესთავაზოს აქტივობები, პირადად ეურთიერთოს სტუმრებს და, რაღა თქმა უნდა, უზრუნველყოს კომფორტული საცხოვრებელი პირობები, რაც გულისხმობს მაქსიმალურ ხარისხს და სტუმრის მოთხოვნებზე გათვლილ ინტერიერსა თუ ინფრასტრუქტურას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოფლად ჩასული ადამიანისთვის მთავარი ადეკვატური გარემოა, მას სოფლის ეგზოტიკა, ტრადიციული გარემო იზიდავს და არა, ვთქვათ, ძვირფასი თანამედროვე ავეჯი თუ ტექნიკა.“ - ამბობს ვერიკო ხომერიკი.

ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობის, უნიკალური ეთნოკულტურის თვალსაზრისით საქართველო საუკეთესო ქყვეყანაა ამ სფეროს განვითარებისთვის. მრავალფეროვანი კონტრასტული ბუნება, მდიდარი ფლორა და ფაუნა, დიდი სამონადირეო თუ სათევზაო სივრცე, ტყის ფონდის სიდიდე და უნიკალურობა, სამთო-სათხილამურო ტრასები, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლები, სოფლად შემორჩენილი უნიკალური კულტურული თავისებურებები და წეს-ჩვეულებები -  რთველი, ღვინის დაყენების ქართული მეთოდი, ყველის ამოყვანის თავისებური სტილი, ტრადიციული რიტუალები,  და ცხოვრების წესი - ის პირობებია, რომლებმაც, შეუძლებელია, გულგრილი დატოვოს ტურისტი.

 

სოფლის ეგზოტიკური გარემო - ფერმა, მეურნეობა - ერთი მხრივ, ტურისტებს იზიდავს, მეორე მხრივ კი სარგებელი მოაქვს სოფლის მოსახლეობისთვისაც - მოტივაციას უქმნის მათ, გააუმჯობესონ, გააჯანსაღონ გარემო, აამაღლონ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და, შესაბამისად, გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური პირობები, აიმაღლონ ცხოვრების დონე. ერთი სიტყვით, განტვირთვა-დასვენების საუკეთესო ფორმასთან ერთად, აგროტურიზმი თავის თავში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ეკოლოგიის დაცვასა და ბიზნესში გარკვეულ კონკურენციასაც გულისხმობს, რაც ამ სფეროს სწრაფი განვითარების პერსპექტივას ერთიორად ზრდის.

 

ვერიკო ხომერიკის აზრით, საქართველოში აგროტურიზმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას სთავაზობს ფერმერი სტუმარს - რამდენი სტუმრის განთავსება შეუძლია სასტუმროში, საშუალოდ რა დატვირთვა აქვს სასტუმროს წლის განმავლობაში, დამატებით რა სერვისებს სთავაზობს ტურისტებს, იყენებს თუ არა ადამიანურ რესურსს ოჯახის წევრების სახით, თუ დამატებით უწევს მომსახურე პერსონალის დაქირავება.

მოკლედ, როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, აგროტურიზმიდან შემოსული სარგებელი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებს ფერმერი მის ხელთ არსებულ რესურსს (კაპიტალი, სამუშაო დრო, ინვენტარი, კვალიფიკაცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა). მთავარი კი, როგორც ყველა საქმეში, ამ ბიზნესშიც მონდომება, სიზუსტე და ხარისხზე ორიენტირებული შრომაა.

 

აქვე შეგახსეებთ, რომ სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ფერმერული მეურნეობა განავითარონ  და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ან რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.

 

ახალი სტარტპ სესხი აგრო ტურიზმისთვის განკუთვნილია იმ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ, საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში  ტურისტული საქმიანობის წამოწყება, სადეგუსტაციო კუთხის, მარნის, მცირე საოჯახო სასტუმროს ან კოტეჯების მოწყობა, ასევე  ადგილობრივი და უცხოელი  ტურისტების გამასპიძნლება მათ მიერ წარმოებული პროდუქტით.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სტარტაპერის ვებ-გვერდზე: https://www.startuperi.ge/ka/agro-loan

კომენტარები