23 აპრილი 30 წუთის საკითხავი
თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში

თიბისის ინიციატივით, სპეციალურად ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმი უკვე მეორედ, აჭარის შემდეგ ახლა უკვე იმერეთში ჩატარდა.

 

ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, თიბისი ბანკის კორპორატიული მომსახურება რეგიონებში, თანამედროვე ტენდენციები ბიზნესში, კულტურა 3.0, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, „სილავმარკე“, IFRS for SME, საგადასახადო სიახლეები და გარემო ბიზნესისთვის, მოტივაცია გაყიდვებში - ეს ის თემებია, რომლებიც აუდიტორიამ მთავარ დარბაზში ფორუმის 9 სპიკერისგან მოისმინა.

„თიბისისთვის თბილისთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონებში გავიდეს და დედაქალაქის გარეთ მოქმედ ბიზნესებს წინსვლის საშუალება მისცეს. ფორუმზე თიბისის რეგიონულმა კლიენტებმა შეიტყვეს, თუ როგორ უწყობს თიბისი ბანკი თავის და არა მარტო თავის კლიენტებს მათი საქმიანობის განვითარებაში ხელს და რამდენად მრავალფეროვანია ბიზნესებისათვის ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც ფინანსურთან ერთად არაფინანსურ მიმართულებებსაც გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურად აქტიური საზოგადოება პერიოდულად შეხვდეს ერთმანეთს და მოხდეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ჩვენ მათ ისეთ თემებზე ვესაუბრებით, რომლებიც მოიცავს ყველა საკითხს საბუღალტრო აღრიცხვიანობიდან დაწყებული, კომპანიის კულტურითა და სტრატეგიული განვითარებით დამთავრებული, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი საქმიანობების სწორად წარმართვისათვის. ბიზნესფორუმების სერია გაგრძელდება და ვფიქრობ, მომდევნო ფორუმზე კახეთის რეგიონს მოვიცავთ.“ - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

სპიკერების როლში სხვადასხვა მიმართულების ბიზნესექსპერტებმა დარგის უახლესი ტენდენციები და საკუთარი გამოცდილება იმერეთის რეგიონში მოქმედი 300-მდე ბიზნესის წარმომადგენელს გაუზიარეს. ფორუმმა თავისი ჩანაფიქრი შეასრულა და ბიზნესსოციუმის წევრებმა ღონისძიების ოფიციალურ, შემდეგ კი არაფორმალურ ნაწილში, ერთმანეთი გაიცნეს და მჭიდრო კავშირი დაამყარეს. ასევე, გამოიყენეს შესაძლებლობა - დარგის ექსპერტებისგან და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისგან პირადად მიეღოთ პასუხები და რჩევები საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად თუ განსავითარებლად.

 

 

„ნებისმიერი მიმართულების ბიზნესისათვის მნიშვნელოვან თემაზე - კორპორაციულ კულტურაზე ვისაუბრე. გამომსვლელთან ერთად, ძალიან დიდი სიამოვნებით მსმენელიც ვარ დღეს, იმიტომ რომ ისეთი საკითხები ისე საინტერესოდ იყო გაშლილი ერთ სივრცეში, რომ ბევრ კითხვას, რომლებიც  აქამდე თავში მიტრიალებდა, ნელ-ნელა ახლა და აქ გაეცა პასუხები. გეოგრაფიული ცენტრისგან შორს, რეგიონში ბიზნესის ქონას კიდევ სხვა გამბედაობა, ნიჭი და ცოდნა სჭირდება, ამიტომ ვისურვებდი, რომ მსგავსი სახის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად ჩატარდეს.“ - ანდრო დგებუაძე, A live-ის დამფუძნებელი; ტრენერი.

„ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია მსაგსვი ფორმატის შეხვედრების ორგანიზება გასაკუთრებით რეგიონებში, ვინაიდან რეგიონებიდან ხშირად გვესმის, რომ ინფორმაცის დეფიციტი და მხარდაჭერის ნაკლებობა აქვთ. აქ შეკრებილი ბევრი კომპანიის წარმომადგენელმა არ იცის, როგორ მოემზადოს ახალი, იმ მნიშვნელოვანი რეგულაციებისათვის და ფინანსებისა და აღრიცხვიანობის რეფორმისათვის, რომელიც წელს სრული დატვირთვით ამოქმედდება. ძალიან დიდი რაოდენობის კომპანიები არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა ვალდებულნი არიან ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩემი პრეზენტაციის ფარგლებში მიმოვიხილე ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი SME კარეგორიისთვის და ამ სტანდარტის დანერგვის ნაბიჯებსა და უპირატესობებზე ვისაუბრე.” - მარიამ ქოიავა, SavvY Consulting-ის მმართველი პარტნიორი.

ტურიზმი, კვება, აუდიტი, ფინანსები - მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის ამ და სხვა მიმართულებების წარმომადგენლებმა პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა, ბიზნესსიახლეები და გამოცდილება წარმატებით გაიზიარეს, რაც თიბისის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - ბიზნესის მხარდაჭერის მთავარი იდეა და მიზანია.

 

„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი გრძნობს ყურადღებასა და მხარდაჭერას ისეთი მსხვილი კომპანიისგან, როგორიც თიბისი ბანკია. შეხვედრა გამოვიდა ძალიან ნაყოფიერი და პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული. აქ ის საზოგადოება შევიკრიბეთ, რომელსაც ნამდვილად გვჭირდება უახლესი ინფორმაციისა და ტენდენციების საქმის კურსში ყოფნა. კიდევ ერთხელ დავინახეთ და გავიაზრეთ რა აკლია ჩვენს ბიზნესსაქმიანობებს.“ - რუსუდან ჟორჟოლიანი, კომპანია „აუდიტ-პროფესიონალის“ პარტნიორი.

 

„თიბისი ბანკთან უკვე 20 წლინი ურთიერთთანამშრომლობა გვაკავშირებს. ეს იყო პირველი კომპანია  90-იან წლებში, რომელმაც ჩვენი კურსდამთავრებულები დაასაქმა და ეს თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. ფორუმი მნიშვნელოვანია, რეგიონში როგორც ბიზნესსექტორის, ასევე საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისათვის. კომპანია დღემდე უწყობს ჩვენი სტუდენტების დასაქმებას ხელს. ერთი სიტყვით, თიბისი ბანკი ჩემთვის ნამდვილად არის ლავმარკი.“ - ნანა შონია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი.

 

ბიზნესფორუმის მეორე ნაწილი მთავარ დარბაზში გამოსვლების პარალელურად, ვორქშოპების ფორმატით გაგრძელდა. ბიზნესსოციუმის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესებისა და სურვილის მიხედვით 3 სხვადასხვა ოთახში გადანაწილდნენ, სადაც მათ დარგის სპეციალისტები დახვდნენ და ისეთი თემები გააცნეს, როგორებიცაა: სასტუმროების მენეჯმენტი, ფინანსურად სტაბილური კომპანიის აწყობა, სოციალური მედია და რეკლამა.

 

„სოციალური მედიისა და რეკლამის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ. შეხვედრა ინტერაქციული გამოვიდა, ძალიან ბევრი პრაქტიკული შეკითხვა დაისვა. მივხვდი, რომ აქ შეკრებილ ბიზნესსეგმენტს ამ კუთხით ცოდნა და გამოცდილება აკლია, თუმცა ამ ვორქშოპის შემდეგ ნამდვილად ეცოდინებათ რა ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების ადამიანი უნდა აიყვანონ გუნდში ამ საქმისთვის.“ - ირაკლი ჩხეიძე; „Space”-ის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი.

„სარესტორნო ბიზნესს წარმოვადგენ. ფორუმზე ისეთი სიახლეები და ცოდნა გაგვიზიარეს, რომლითაც რეგიონული ბიზნესები სამწუხაროდ განებივრებულები არ ვართ. მსგავსი სახის შეხვედრა და ინიციატივა ჩვენთვის არის იმედი, რომ ბაზარზე ერთგული პარტნიორი გვყავს, რომელიც ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე.“ - ლაშა გვენეტაძე, შპს „რეროს“ დამფუძნებელი.

 

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმების პარტნიორია „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (EFSE).

„ფონდის მთავარი მისიაა რეგიონში  და მათ შორის საქართველოში, მცირე და საშუალო ბინზესების მხადრაჭერა. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - თიბისი ბანკთან, რომელიც არასაფინანსო მხარდაჭერის კუთხით ბიზნესსექტორს მუდმივად საინტერესო ინიციატივებს სთავაზობს, მაგალითად: ყოველწლიური ბიზნესდაჯილდოება, სტარტაპერი და სხვა. ეს ყველაფერი მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს - სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი. დღევანდელი ღონისძიებაც ამის დასტურია. რეგიონული ბიზნესფორუმის იდეაა უახლესი ინფორმაცია, მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები გააცნოს ბიზნესგარემოს. ფორუმი ბიზნესკონტაქტების დამყარების შესანიშნავი საშუალებაა. ეს ყველაფერი ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის განვითარებაზე ახდენს დადებით გავლენას, რაც პირდაპირ თანხვედრაშია EFSE-ს მისიასთან.“ - ივანე ლექვთაძე, EFSE-ს წარმომადგენელი.

 

რეგიონული ბიზნესების წარმომადგენლები თიბისის ორგანიზებთ აჭარისა და იმერეთის შემდეგ, უკვე სხვა რეგიონში, მომდევნო ფორუმზე შეიკრიბებიან.

 

კომენტარები