18 აპრილი 25 წუთის საკითხავი
თემები, რომლებსაც იმერეთის ბიზნესფორუმზე გაეცნობით

თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბებიან. ღონისძიებაზე იმერეთის რეგიონში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი შეიკრიბება, რომლებისთვისაც ბიზნესში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა დარგის ექსპერტები ისაუბრებენ.

მიხეილ ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი

თემა: ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები

 

„ფორუმზე დამსწრე აუდიტორიას ჩვენი სააგენტოს ძირითად საქმიანობას გავაცნობ, რომელიც მეწარმეობის განვითარების, ექსპორტის წახალისების, ბიზნესგანათლების, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით ბიზნესისათვის სახელმწიფოს ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმსა და პროგრამას მოიცავს. ასევე, ამ პროგრამებით მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებ. კარგია, რომ თიბისი ბანკი ატარებს ამ სახის ფორუმს და თავს უყრის იმ პოტენციურ და არსებულ ბენეფიციარებს, ვინც სარგებლობს, ან სურვილი აქვს ისარგებლოს ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებით. ბევრ მეწარმესა და ბიზნესის წარმომადგენელს ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია - რა პროგრამებს სთავაზობს მათ სახელმწიფო, ამიტომ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გაზიარება ძალიან დროულია.“

ლაშა ცინცაძე

თიბისი ბანკის უფროსი კორპორატიული ბანკირი

თემა: თიბისი ბანკის კორპორატიული მომსახურება რეგიონებში

 

„ბიზნესფორუმზე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის შესახებ ვისაუბრებ. ჩემი გამოსვლისას განვიხილავ, თუ რა არის ზოგადად კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი, რატომ შეიძლება ეს სფეროები საინტერესო იყოს SME სეგმენტის კლიენტებისათვის და ზოგადად, რა ვითარებაა რეგიონში ამ მიმართულებებით.“

ნიკოლოზ ქურდიანი

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე

თემა: თანამედროვე ტენდენციები ბიზნესში

 

„იმერეთის ბიზნესფორუმი, რომლითაც თიბისის ინიცირებული ფორუმების სერია გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესკლიენტები შეიტყობენ, თუ როგორ უწყობს თიბისი ბანკი თავის და არა მარტო თავის კლიენტებს მათი საქმიანობის განვითარებაში ხელს. ზოგადად, თიბისი ბანკის მხარდაჭერა ბიზნესებისათვის სხვადასხვა მიმართულებისაა - ეს არის ბიზნესგანათლება, ტექნოლოგიური მხარდაჭერა და სხვა. რიგით მეორე ბიზნესფორუმზე მეწარმეები პროფესიონალი სპიკერებისგან მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც მათ სხვადასხვა მიმართულებებით დაემხარება, იქნება ეს მაკროეკონომიკა, სოციალური მედია და მარკეტინგი, თუ გაყიდვების ტექნიკა. ფორუმზე მოსულ ბიზნესკლიენტებს ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებს გავაცნობ. ვისაუბრებ, თუ რას უნდა პასუხობდეს ბიზნესი 21-ე საუკუნეში და როგორ უნდა ავუწყოთ მიმდინარე პროცესებს ფეხი.“

ანდრო დგებუაძე

A live-ის დამფუძნებელი, ტრენერი

თემა: კულტურა 3.0

 

„იყო დრო, როდესაც ადამიანს ისე უყურებდნენ, როგორც უბრალოდ რესურსს, რომელიც უნდა გამოგეყენებინა და მისგან მოგება უნდა მიგეღო. ეს იყო კულტურა 1.0. მოგვიანებით, კაცობრიობა მიხვდა, რომ თავისუფალ ადამიანს მეტის გაღება შეუძლია, ვიდრე მონას. ამ ცვლილებამ მოიტანა კულტურა 2.0. დღეს კი, როდესაც რობოტი და ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ყველა მექანიკურ საქმეს წაართმევს, ჩვენ მხოლოდ კრეატიულობა და გემოვნება შეგვრჩება გასაკეთებელი. რა არის ადამიანში შეუცვლელი, ნამდვილი და ცოცხალი, ის, რასაც ლოგიკით ვერ დაამოდელირებ და როგორ შეიძლება ეს თვისებები გავუძლიეროთ გუნდში მყოფ თანამშრომლებს? - ეს არის გამოწვევა, რაც ახალ კულტურას დაბადებს და რომელსაც მე პირობითად კულტურა 3.0-ს ვეძახი.“

ოთარ ნადარაია

თიბისი ბანკის უფროსი ეკონომისტი

თემა: მაკროეკონომიკური მიმოხილვა

 

„ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია, რადგან სასესხო და სხვა პროდუქტების შეთავაზების გარდა, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ბანკი ბიზნესის მრჩეველიცაა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ბანკის შემთხვევაში. ჩემი გამოსვლა მაკროეკონომიკურ მიმოხილვას მოიცავს. მნიშვნელოვანია ეკონომიკის ტენდენციების გაანალიზება და კონკრეტულ ბიზნესგადაწყვეტილებებში მათი ასახვა. გამოსვლისას მიმოვიხილავ საერთაშორისო გარემოს, საქართველოს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში ბოლოდროინდელ ტენდენციებს. აუდიტორია ჩემგან ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზსაც მოისმენს.“

კონსტანტინე ქამუშაძე

თიბისი ბანკის ბრენდისა და კრეატიული პროექტების განყოფილების უფროსი

თემა: „სილავმარკე“

 

„არსებობს ერთადერთი ადგილი, სადაც ბრენდები ცხოვრებენ და ეს ადგილი გულია. მართალია, სიყვარულის ფორმულას Excel-ი ვერ ითვლის, მაგრამ მაინც გვჯერა, რომ არსებობს რაღაც ალგორითმი, რომელიც გულისაკენ მიმავალ გზას გაცილებით მოკლეს და სასიამოვნოს გახდის.“

მარიამ ქოიავა

SavvY Consulting-ის მმართველი პარტნიორი

თემა: IFRS for SME

 

“წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ფინანსებისა და აღრიცხვიანობის კუთხით სრული დატვირთვით ამოქმედდება. ძალიან დიდი რაოდენობის კომპანიები არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა ვალდებულნი არიან ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩემი პრეზენტაციის ფარგლებში მიმოვიხილავ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს SME კარეგორიისთვის და ვისაუბრებ ამ სტანდარტის დანერგვის ნაბიჯებსა და უპირატესობებზე.”

სოფო გოლეთიანი

Colliers International Georgia-ს კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი

თემა: მოტივაცია გაყიდვებში

 

„მიზნამდე მისასვლელი გზისა თუ გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვას საფუძვლად უდევს მონდომება, რასაც ჩვენ მოტივაციას ვეძახით. მოტივაცია ნებისმიერი საქმის დაწყების წინ გვესაჭიროება და ამის მასტიმულირებელი შესაძლებელია იყოს, როგორც კონკრეტული ადამიანი, ასევე ბევრი ისეთი მოტივატორი ცხოვრებაში, როგორებიცაა: ემოცია, კარგი წიგნი, ჯანსაღი გარემო... თუმცა, ამ ფონზე არსებობენ ადამიანები, რომლებიც კი არ ელიან, არამედ თავად მოქმედებენ. ეს - თვითმოტივაციაა. თუ როგორია თვითმოტივირებული გამყიდველი და როგორ ცვლის თვითმოტივაცია გაყიდვების პროცესში შედეგებს - სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებ ბიზნესფორუმზე.“

 

პარალელურად ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ვორქშოპებს და მათთვის საინტერესო  ისეთ საკითხებზე მიიღონ ინფორმაცია, როგორებიცაა: სასტუმროების მენეჯმენტი, ფინანსურად სტაბილური კომპანიის აწყობა, სოციალური მედია და რეკლამა.

კომენტარები