8 ნოემბერი 13 წუთის საკითხავი
წარმატების და დაბრკოლებების ნამდვილი ისტორიები სტარტაპერებისგან

5 ნოემბერი სტარტაპერებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სრულად გაყიდული 500 ბილეთი და  თავის სფეროში უკვე წარმატებული 30 სპიკერი  - ეს SPOTLIGHT 2017-ია, რომელიც წელს, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად საზოგადოების წინაშე წინა წლებისგან სრულიად განსხვავებული ფორმატით წარდგა და მთლიანად სტარტაპების თემას მიეძღვნა. მიზეზი - დამწყები ბინზესების წახალისება და  იდეებისა და ინფორმაციის გაცვლით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა.  

ერთი დღის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში პარალელურად მიმდინარე პანელ დისკუსიებითა და ლექციებით,  დღის მეორე ნახევარში კი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფეროს წარმომადგენელეთა 13 წუთიანი ინსპირაციული გამოსვლებით სტარტაპერებმა არაერთი  სასარგებლო რჩევა მიიღეს და კონკრეტული მაგალითებით სპიკერების გამოცდილება გაიზიარეს.


 

30 სპიკერი განსხვავებული სფეროებიდან, მათ შორის სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გამოცდილებით და   საერთო სტარტაპერული ხედვით გაერთიანდა. მათ შორის იყვნენ: დათო გოგიჩაიშვილი, ლევან ბახია,  გიორგი პოპიაშვილი, ლევან გიორგაძე, ქეთა ლომიძე, ვახო ვახტანგიშვილი, ანდრო დგებუაძე, შოთა ჩინჩალაძე, ალექსი ჩიქოვანი, თეკუნა გაჩეჩილაძე, მედეა ტაბატაძე...


 

როგორ „ვიპოვოთ საკუთარი თავი“ პროფესიისგან სრულიად  განსხავებულ  სფეროში; რა არის აუცილებელი სტარტაპის დასაწყებად? ნიშნავს თუ არა წარუმატებელი მცდელობა დამარცხებას?! როგორ ახერხებენ ქალი სტარტაპერები ერთდროულად წარმატებული იყვნენ პირად და ბიზნესსაქმიანობაში; როგორ შეიძლება ინსპირაციულმა სიტყვამ ახალი ბიზნესის დაწყებისკენ გვიბიძგოს; როგორ შევარჩიოთ გუნდი „მაგარი საქმეების“ საკეთებლად; არის თუ არა დაგვიანებული სტარტაპის 55 წლის ასაკში დაწყება; როგორია სტარტაპგარემო და სტარტაპის პოტენციალი საქართველოში; ეს იმ თემების მხოლოდ ნაწილია,რომელთა შესახებაც სპიკერებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აუდიტორიას გაუზიარეს.


 

რადგან პანელ დისკუსიები და ლექციები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა, Spotlight-ზე მისულ სტარტაპერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო  დისკუსიას დასწრებოდნენ. თუმცა მათ ვისაც, ყველა სპიკერის მოსმენის  სურვილი ჰქონდა, spotlight-ის ორგანიზატორებმა ეს სურვილიც გაითვალისწინეს და Spotlight-ის ჩანაწერები უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება.