22 ივლისი 23 წუთის საკითხავი
ქართული კულინარია ბერლინში

მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა.

Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის „ლურჯი მელა,“ რომელიც სხვებისგან არა მხოლოდ ინტერიერით, არამედ გარეთ გაწყობილი მაგიდებით და ჭრელი, ფიგურებიანი, განსხვავებული სუფრებით გამოირჩევა. სუფრები ძალიან ჰგავს ილია ზდანევიჩის მიერ კოკო შანელისთვის დამზადებულ ტექსტილს და ორნამენტებს. ოცხელის შემოქმედება კი მუდმივ „საგამოფენო სივრცედ“ გუგა კოტეტიშვილმა აქცია. რესტორნის სახელი ქართველ სტუმრებს ძველ მულტფილმს ახსენებს, გერმანელებს კი ზღაპარს იმის შესახებ, ლურჯმა მელამ წითური მელებით დასახლებულ ტყეში როგორ გადალახა წინააღმდეგობა და დაიმკვიდრა თავი.

ჩვენს ხელოვნების ნიმუშებს კიდევ რამდენიმე ქართული რესტორნის ინტერიერში ვხვდებით, მაგრამ, უმეტესად, ქართული გარემოს შექმნას ძველი ტრადიციული ჭურჭლის, სასმისების, ხალიჩების, ფარდაგების და სხვა აქსესუარების გამოყენებით ცდილობენ. Torstraße-ზე, რომელიც ასევე ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ქუჩად მიიჩნევა, რესტორანი „სვანი“ ჯერ სახელით იქცევს ყურადღებას, შემდეგ კი ქართული ინტერიერით. ევროპელი სტუმრების ნაწილი აქ ქართულ, მათ შორის, სვანურ  სამზარეულოს აღმოაჩენს, თუმცა ხშირად ისინი რესტორანს სვანეთში მოგზაურობის შემდეგ საგანგებოდ სტუმრობენ.

ბერლინის ქართული რესტორნების ინტერიერი ძირითადად მაინც შერეულია. ევროპულ სივრცეში გამოფენილია ქართული ფარდაგები, პორტრეტები ან სხვადასხვა ღირშესანიშნაობების და ლანდშაფტის ფოტოები, ისე, როგორც „სალხინოში“, „შვილიკოსა“ და „თბილისში.“

რესტორნების უმრავლესობა უმეტესად ქართულ მუსიკას ირჩევს, თუმცა საღამოს ხშირად ისმის რუსული სიმღერებიც. ამას რესტორნების მფლობელები კომერციული ინტერესებით ხსნიან. ქართულ სამზარეულოს ყველაზე კარგად რუსი, უკრაინელი და, ზოგადად, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები იცნობენ, შესაბამისად, ისინი ჯერ კიდევ ყველაზე ხშირი სტუმრები არიან და მათი მოთხოვნა ქართული ფოლკლორი ან რუსული ესტრადაა.

 

კერძები ყველა რესტორანში ადგილობრივი პროდუქტით და ჩვენებური სანელებლებით მზადდება. ქართული გასტორნომია აქაც გამოირჩევა სხვადასხვანაირად მომზადებული და შეკმაზული ხორცისგან მომზადებული კერძებით და ვეგეტარიანული მენიუთი. განსაკუთრებული მოთხოვნაა ფხალზე, ბადირჯანზე და სხვა ნიგვზიან კერძებზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად გერმანელები ნიგოზს კულინარიაში თითქმის არ იყენებენ.

 

ხაჭაპური, ლობიანი, კუბდარი, გებჟალია, კორკოტი - ქართული კერძების სახელების გამეორება უცხოელებს უჭირთ, მაგრამ გემოებს არ ივიწყებენ და კერძებს ვიზუალურად იმახსოვრებენ. მათი გაფორმება კი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მომზადება, ამიტომ სერვირებას გასაკუთრებული ყურადღება ექცევა.

 

მთავარი კერძების ფასები თითქმის ყველგან ერთნაირია, ხორცით დამზადებული - 12-ევროდან იწყება. დესერტის ფასი 5-დან 13 ევრომდე მერყეობს. არსებობს საერთო მენიუ რამდენიმე პერსონისთვის ან განსაკუთრებული შეთავაზება ბავშვებისთვის. ქართული გასტრონომია ბერლინში სტანდარტებს და კლასიკური სამზარეულოს ჩარჩოებს არ ტოვებს. ექსპერიმენტებს შეფმზარეულები იშვიათად მიმართავენ, ძირითადად, იმ მიზეზით, რომ ადგილობრივებმა ან ტურისტებმა ნამდვილი ქართული კულინარია გაიცნონ.

 

ქართულ ღვინოზე განსაკუთრებული მოთხოვნაა. ღვინის ფასები განსხვავებულია. ექსკლუზიური პროდუქციის ფასი 40 ევროს ზემოთაა, სხვა შემთხვევებში კი, ბოთლი ღვინის ფასი 30-ევროს არ სცდება. შეკვეთების დიდი ნაწილი ქარხნულ ღვინოზე მოდის, თუმცა რესტორანი „მიმინო როიალი“ და „გენაცვალე“ სტუმრებს სახლში დამზადებულ ღვინოსაც სთავაზობს და სასმლის ტრადიციული წესით დაყენების წესსაც უხსნის. ღვინის შემდეგ  ყველაზე პოპულარულია ქართული ლიმონათი, ჭაჭა და არაყი, თუმცა „მიმინო როიალის“ მენეჯმენტის ათწლიანი დაკვირვების შედეგად, ქართული ღვინო ხშირად ვიზიტის მთავარი მიზეზია.

 

ქართულ ტრადიციაულ სუფრას „მადლობა“ ტრადიციულ რესტორანში წარადგენს, გათანამედროვებულ ვერსიას კი ლაუნჯ-ბარში, რომელსაც ასევე „მადლობა“ ჰქვია. ლაუნჯ-ბარს ხშირად კორპორატიული საღამოებისთვის ჯავშნიან და ვახშამზე შეკვეთასაც წინასწარ იღებენ.

მესამე წელია, რაც  ბერლინში რესტორანი „თბილისი“ მუშაობს, მაგრამ უკვე Berlin Food-ისა და Tip Berlin-ის ჯილდოების მფლობელია.

 

ასევე მესამე წელია, ქალაქის სხვა ნაწილში ადგილობრობრივებს საქართველოს რესტორანი „სალხინო“ აცნობს,  ამჯერად უკვე სამახსოვრო ბროშურებითაც, და ასე ცდილობს მოგზაურები spend your summer in Georgia კამპანიაში ჩართოს.

 

ბერლინში ქართული კულინარიის და რესტორნების სუსტი წერტილი სერვისია, ეს ონლაინრეკომენდაციებიდან და შეფასებებიდანაც ჩანს, მაგრამ Ratings and Reviews -ში მაინც კმაყოფილი კლიენტების შეფასებები ჭარბობს.

 

მეორე სისუსტე რესტორნების ვებგვერდებია. იშვიათ შემთხვევაში საიტზე მარტივი, მაგრამ ამომწურავი ინფორმაციაა, თანაც რამდენიმე ენაზე. ასევე შესაძლებელია მაგიდის ონლაინ დაჯავშნაც, თუმცა უმეტესად, ინტერნეტრესურსები ძალიან მწირ ინფორმაციას იძლევა და ისიც მხოლოდ გერმანულ ენაზე. არც ერთ რესტორანს ჯერჯერობით ადგილზე მიტანის სერვისი არ აქვს.

 

თითქმის არ არსებობს ქვეყანა და სამზარეულო, რომელსაც ბერლინში არ აღმოაჩენთ ან საგანგებოდ არ შეარჩევთ. ასეთი კონკურენციის პირობებში, მეტნაკლებად ყველა ცდილობს, იმიჯი არა მხოლოდ ხარისხიანი და გემრიელი კერძებით და ღვინით შეიქმნას, არამედ ისინი მომხმარებელს სწორად მიაწოდოს.

 

კომენტარები