26 დეკემბერი 23 წუთის საკითხავი
BSH სტარტაპერისთვის

პროგრამა „სტარტაპერს“  კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია - ამჯერად იურიდიული ფირმა BSH შემოუერთდა, რომელიც მომხმარებლებს თითქმის ყველა ტიპის იურიდიულ მომსახურებას  სთავაზობს.

 

„სტარტაპერმა“ და BSH-მა დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის უკვე შექმნეს  სპეციალური პაკეტი, რომელიც ბიზნესისთვის საჭირო თითქმის ყველა ტიპის იურიდიულ მომსახურებას აერთიანებს. შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს შეღავათიან ფასად შეუძლიათ, მომსახურებას კი მათ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი გაუწევს.

 

კომპანიის საქმიანობის, ასევე, სტარტაპერებისთვის სპეციალური შეთავაზების შესახებ, „სტარტაპერთან“ იურიდიული ფირმა BSH-ის დამფუძნებელი, ნიკოლოზ შეყილაძე საუბრობს.

ნიკოლოზ, როდის გამოჩნდა ბაზარზე BSH და რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

 

იურიდიული ფირმა BSH, 2016 წელს, ჩემმა მეგობარმა, ქეთევან ბუაძემ და მე თითქმის 10-წლიანი დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის შემდეგ დავაფუძნეთ. ჩვენი კომპანია კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს მათი საქმიანობის როგორც ყოველთვიურ, ისე, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთჯერად იურიდიულ მხარდაჭერას. თავის მხრივ, ასეთი მხარდაჭერა მოიცავს კლიენტებისათვის როგორც სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, ისე იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტაციის შედგენასა და წარმომადგენლობას დავის შემთხვევაში. კომპანიის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული მომსახურება საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: კორპორატიულ სამართალს (სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა), სახელშეკრულებო, შრომის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს, სანივთო (უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები), საგადასახადო, სამშენებლო, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სამართალს (მაგ. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია) და კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სხვა მიმართულებებს.

 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს მომხმარებელს ყველა ტიპის იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ, გარდა სისხლის სამართლისა და ვფარავთ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის თითქმის ყველა სპექტრს.

 

სექტორები, სადაც ჩვენ კლიენტი ბიზნესები ოპერირებენ, საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს სფეროებია: სამშენებლო ბიზნესი, IT მიმართულება, HORECA, წარმოება, საცალო ვაჭრობა და სხვა.

ვინ არის ის გუნდი, ვისაც თქვენმა მომხმარებელმა თავისი ბიზნესის წარმატება უნდა ანდოს და რით არის გამორჩეული ბაზარზე BSH სხვა მსგავსი ტიპის კომპანიებისგან?

 

ჩვენს პროფესიაში, კვალიფიკაცია  და რეპუტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ეს განაპირობებს BSH-ის წარმატებას. ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდი 7 პროფესიონალისგან არის დაკომპლექტებული. გუნდის თითოეული წევრი, 24 საათის განმავლობაში, თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებლებს მათთვის საჭირო სერვისი უმოკლეს დროში შევთავაზოთ თან ისე, რომ ეს მომსახურება იყოს კვალიფიციური და მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს.  სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორი, რაც BSH-ს ბაზარზე სხვა ამ ტიპის კომპანიებისგან გამოარჩევს.

 

ჩვენ მიერ  BSH-ის დაფუძნება თავიდანვე ემყარებოდა იდეას -  კვალიფიკაციასთან ერთად,  ვყოფილიყავით ძალიან „მეგობრულები“ ბიზნესთან.  ამ პრინციპზე დგას დღესაც კომპანია: ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ,  მოვერგოთ ბიზნესის საჭიროებებს, მათ შორის, პირველ რიგში, ვსწავლობთ ბიზნესპროცესებს და უკვე შემდგომ ვუსადაგებთ სამართლებრივ გადაწყვეტებს. BSH-ის სახით, ბიზნესი იძენს პარტნიორს,  ვინც ბოლომდე მიჰყვება მას „ბრძოლაში“. ამასთან, სადაც შესაძლებელია, აქტიურად ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ ბიზნესებს შორის კონფლიქტური შემთხვევების „მშვიდობიან“ დასრულებას.

BSH ბაზარზე 2 წელია არსებობს. ბუნებრივია,  გამოწვევები, რაც ბიზნესის დაწყებასთან არის დაკავშირებული, თქვენც შეგხვდათ. რატომ გადაწყვიტეთ პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად დამწყები ბიზნესებისთვის სპეციალური პროდუქტის შეთავაზება, და რას მოიცავს ეს პაკეტი?

 

ჩვენ სტარტაპერებში ვხედავთ იმ ახალგაზრდებს, ვინც მომავალ ბინზესს ქმნის. ისინი ენთუზიაზმით სავსე ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ, ის მიდგომები შეცვალონ, რაც აქამდე ბიზნესის კეთების მიმართულებით არსებობდა ქვეყანაში. ჩვენთვის სტარტაპერობა სიახლე არ არის, ვიცით რა სირთულეები ახლავს თან კომპანიის  დაფუძნებას, ეს გზა ჩვენ თვითონაც გავიარეთ ორი წლის წინ. სწორედ ამიტომ, გვინდა, საწყის ეტაპზე ბიზნესებს იმ სერვისებით დავეხმაროთ, რაც მათ განსაკუთრებულად  სჭირდებათ, თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მომსახურება უნდა იყოს შეთავაზებული მათთვის ხელმისაწვდომ ფასად.

 

„სტარტაპერთან“ ერთად შევქმენით სპეციალური პროდუქტი - „BSH სტარტაპერისთვის“, რომელიც შემდეგ სერვისებს აერთიანებს:

  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადებას;
  • საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, ძირითადი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებას (ნასყიდობა, მომსახურება, შრომა, შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ; )
  • სამართლებრივი მხარდაჭერას სასაქონლო / მომსახურების ნიშნების რეგისტრაციისას;
  • საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, სამართლებრივი გარემოს ზოგადი მიმოხილვას;

 

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე https://startuperi.ge/ka/pages/BSH-startaperisTvis,  სადაც დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლაც შეუძლიათ.

 

რა არის BSH-ის სამომავლო გეგმები და რა მიზნების მიღწევაას გეგმავთ უახლოეს მომავალში?

ჩვენი გეგმები, ერთდროულად, ამბიციურიცაა და რეალისტურიც. გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, მომხმარებლებს, დამატებით, ფინანსური და HR სერვისები შევთავაზოთ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, მრავალფუნქციურ კომპანიად  ჩამოყალიბება, სადაც სტარტაპერები თუ ნებისმიერი სხვა კომპანია, განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, შეძლებს მიიღოს დროული და კვალიფიციური, მრავალფუნქციური მომსახურება.

 

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

კომენტარები