6 ივლისი 15 წუთის საკითხავი
3 თვიანი სტარტაპკურსი დასრულდა

თიბისის პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში „სტარტაპკურსი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა. კურსი, რომელმაც თავიანთ საქმიანობაში ყველაზე წარამატებულ 12 სტუმარს უმასპინძლა, მთელი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდა და შეეხო ბიზნეს იდეის ფორმირებისა და მისი განხორციელების ყველა საფეხურს. პროექტის შინაარსობრივი მრავალფეროვნების წყალობით, სტუდენტება ცოდნა მიიღეს ერთმანეთისგან განსხვავებული და ამავდროულად წარმატებული ბიზნესის შექმნისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელი თემების შესახებ. კურსის ბოლოს კი მათ თავიანთი პრეზენტაციებით დაამტკიცეს, რომ პროექტმა შეასრულა თავისი მიზანი, მიეცა ახალგაზრდებისთვის საბაზისო ცოდნა და ინსპირაცია თავიანთი იდეების რეალობად ქცევისა და მუდმივი ძიებისთვის. პროექტის რამდენიმე მონაწილემ მალევე გაითვალისწინა სტარტაპკურსის მთავარი მოწოდება - „შენი ჯერია“ - და უკვე შექმნა კიდეც თავისი სტარტაპი.

 

 

კურსის დახურვის დღეს მონაწილეებმა წარადგინეს მიღებული ცოდნის საფუძველზე ფორმირებული სტარტაპიდეები, რომელთაგან ჟიურიმ ორი საუკეთესო გამოავლინა. გამარჯვებული სტარტაპიდეების ავტორები თიბისის მხარდაჭერით გერმანიაში, Idea lab-ის კონფეენციაზე გაემგზავრებიან.

 

 

 

გუგა გიორგაძე, სტარტაპკურის გამარჯვებული :

კურსის ყველა სპიკერის ლექციას დავესწარი და თითოეული მათგანისგან ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რომლებიც ჩემს სტარტაპში გავაერთიანე. ვფიქრობ, ეს გახდა წარმატების წინაპირობა.

ჩემი პროექტი არის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს აპლიკაციის მეშვეობით ვიპოვოთ თავისუფალი პარკინგი და სურვილის შემთხვევაში მოვახერხოთ გარკვეული დროით ადრე დაჯავშნა. სისტემის ასაწყობად ვიყენებთ სმარტ ტექნოლოგიებს. მართალია ჩვენ დამწყებები ვართ, მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიხელმძღვანელოთ დიდი კომპანიების გამოცდილებით, გავითვალისწინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ჩვენი სისტემა ვაქციოთ იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებულად.

 

გეგა თათულიშვილი,  სტარტაპკურსის გამარჯვებული :

სტარტაპკურსსში გამარჯვება თავიდანვე იყო ჩემი მიზანი. კურსმა მომცა მოტივაცია, მაქსიმალურად დამეხვეწა და წარმატებით განმეხორციელებინა ჩემი იდეა.

Digitalmed არის პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში, რომელიც უნიკალური ალგორითმებითაა შექმნილი და შესაძლებლობას იძლევა დასვას პირველადი დიაგნოზი, გაუწიოს პაციენტს ექიმთან ვიზიტის კონსულტაცია. მისი გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო დანიშნულებითაც, რადგან ის აერთიანებს სამედიცინო სფეროში დაგროვებულ ძალიან დიდ ცოდნას.

 

 

ვაკო ბენაშვილი, სტარტაპკურსის მონაწილე:

სტარტაპკურსმა მომცა ცოდნა, რომლის მიღების შესაძლებლობა მანამდე არ მქონია. როგორი უნდა იყოს კარგი ფიჩი, როგორ უნდა გამართო სტარტაპი ფინანსურად, როგორ უნდა განავითარო ბრენდი - ამ საკითხებში გარკვევა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. დავრწმუნდი, რომ აუცილებელია მუდმივი განვითარებისთვის ბრძოლა, შრომა და ყველა წვრილმანი დეტალის გათვალისწინება.

 ჩემი სტარტაპიდეა ონლაინ განათლებას უკავშირდება, რაც გულისხმობს ქართული დიჯიტალპლათფორმას შექმნას განათლების მისაღებად. ვიდეოები, რომლებშიც სხვადასხვა სფეროს წარმატებული სპეციალისტები ლექციებს წაიკითხავენ, თემებისა და სირთულის მიხედვით დაიყოფა. საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულებისთვის ეს ექნება დისტანციურად, დროის დაკაგვის გარეშე მათთვის საინტერესო სფეროში ცოდნის მიღების საშუალება.

 

 

“ბიზნესი და ტექნოლოგიები დღეს ერთმანეთთან განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირშია. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სტარტაპების დახმარება და ყოველთვის მზად ვიქნებით ასეთი ბიზნესების მხარდასაჭერად.“ - თამარ ჟიჟილაშვილი, თიბისი ბიზნესის მართვის დირექტორის მოადგილე.

 

ახლა BTU-ს სტარტაპკურსის სტუდენტებს თავადაც თამამად შეუძლიან თქვან - „შენი ჯერია“!

 

 

კომენტარები