30 მაისი 8 წუთის საკითხავი
„სტარტაპ კვირეულის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

„სტარტაპ კვირეული“, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ეს იყო პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა.

 

„სტარტაპ კვირეულმა“ შექმნა სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეებმა ერთმანეთს გააცნეს თავიანთ საქმიანობა და დაამყარეს საქმიანი კავშირები. 5 დღის განმავლობაში სტარტაპერები გაეცნენ ყველა შესაძლებლობას, რასაც მათ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე.

დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალი უცხოელი მენტორებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები მიეღოთ.

 

იური, ბათუმი: „თბილისში სპეციალურად კვირეულისთვის ჩამოვედი ბათუმიდან. მაქვს ჩემი კომპანია, ვაწარმოებ ხის ნავებს. დაინტერესებული ვარ ბიზნესის გაფართოებით და მინდოდა, გამეგო, რა დამატებითი დაფინანსების წყაროები არსებობს ქვეყანაში. კვირეულზე დასწრების შედეგად მივხვდი, რომ დაფინანსების მოსაპოვებლად სიახლე უნდა შევამატო ჩემს პროდუქციას. აუცილებლად ვიფიქრებ, როგორ გავაკეთო ეს“.

მარინე, თბილისი: „ერთ-ერთ საჯარო უწყებაში ვმუშაობ. სოციალურ ქსელში შემთხვევით ვნახე კვირეულის შესახებ ინფორმაცია. მაშინვე დავრეკე სამსახურში და შვებულება ავიღე, რომ კვირეულის არცერთი დღე არ გამომეტოვებინა. გაოცებული ვარ, თურმე რამდენი შესაძლებლობა არსებობს. კვირეულის შემდეგ, 40 წლის ასაკში გადავწყვიტე თავი დავანებო ჩემს მონოტონურ სამსახურს და ცვლილებები განვახორციელო ცხოვრებაში“.

 

„სტარტაპ კვირეული“ შედეგზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც რეგულარულ სახეს მიიღებს და წელიწადში ორჯერ ჩატარდება. პროექტი თბილისის შემდეგ უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებს, სადაც ანალოგიური ღონისძება 26-29 ივნისს გაიმართება.

„სტარტაპ კვირეულის“ შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.startupweek.ge.

კომენტარები