სოციალურ მეწარმეობაზე საუბრისას ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ის ქველმოქმედებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა, სინამდვილეში სოციალური საწარმო ბიზნესია საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობით. ასეთი საწარმოები ადამიანებზე ზრუნავენ და სოციუმს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში ეხმარებიან. სოციალურ მეწარმეებს აქვთ უნარი, აწარმოონ პროდუქტი, შექმნან სერვისი ან ისეთი სივრცე, რომლის დახმარებით ადამიანები გარესამყაროს შესახებ გაიგებენ მეტს და იპოვიან საკუთარ თავს ახალ დარგებში.
გაიცანით Social Impact Award-ის 5 გამარჯვებული სოციალური მეწარმე: Butko, Rugs from Racha, CosmoTronix, ChargeX, Curie’s Lab.
Rugs from Racha
“მე ტექსტილის დიზაინს ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში და სწავლის დასრულების შემდეგ რაჭაში დავბრუნდი. იქიდან გამომდინარე, რომ აქ არაა დასაქმების ფართო შესაძლებლობები, გადავწყვიტე, თავად შემექმნა სივრცე, რომელიც ერთი მხრივ გააცოცხლებდა და პოპულარიზაციას გაუწევდა ფარდაგების ქსოვის მივიწყებულ ტრადიციას და მეორე მხრივ ადგილობრივებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენდა”, — ამბობს ანა.
ფარდაგები რაჭიდან ახალგაზრდა ხელოვანის, ანა ჯელაძის სოციალური საწარმოა. საწარმო რაჭაში, ონში გაიხსნება და იმ ადამიანებს უმასპინძლებს და დაასაქმებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელსაქმით, ფარდაგების ქსოვით. ისინი აქ, ადგილზე შეისწავლიან ქსოვას და ნამუშევრების გაყიდვასაც შეძლებენ.
Butko
მცენარეების სასტუმრო ბუტკო მომხმარებლებს მცენარეების დატოვებასა და დაბინავებასთან ერთად, მათ მოვლას, მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში გადარგვას და მიწის განახლებასაც სთავაზობს. გარდა ამისა, ის სატელეფონო კონსულტაციებსაც გაგიწევთ მცენარეების მოვლის შესახებ.
კომპანიის სოციალური არსი ისაა, რომ მობილური ჯგუფები, რომლებიც მომხმარებლებს მცენარეების მოვლასა და გადარჩენაში დაეხმარებიან, დაკომპლექტდება ლგბტქ ადამიანებით. “მე ქალებისა და ლგბტქ თემის უფლებებზე არასამთავრობო ორგანიზაციაში დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და მათი პრობლემები ჩემთვის ნაცნობია, ამიტომ მინდა საწარმოს დახმარებით მათ ეს პრობლემები შევუმსუბუქო”, — ამბობს თამარი.
Charge X
“ჩვენ ისეთ სეგმენტში ვართ, სადაც სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კლიმატის ცვლილება დიდი პრობლემაა და ჩვენ გვინდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ბიზნესმიმართულების განვითარების გარდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გარემოს წინაშე. თუ ამ საქმეს განვავითარებთ და სხვა ადამიანებიც დაგვიდგებიან გვერდით, შევძლებთ, შევამციროთ გარემოზე ზიანი — ეს ყველაფერი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის კეთდება”, — ამბობს დავითი.
ChargeX მწვანე ინოვაციური სოციალური საწარმოა, რომელიც ელექტრომობილების მფლობელებს დამტენი მოწყობილობებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის გაქირავების სერვისს სთავაზობს. თანადამფუძნებელი დავით ხასია გვიამბობს, რომ ელექტრომობილების დამტენების დეფიციტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დგას, ამიტომ ეს სერვისი სარგებელს მოუტანს როგორც მოწყობილობის მფლობელს, ისე იმ მძღოლებს, რომლებიც ქალაქში ელექტრომობილებით გადაადგილდებიან.
Cosmo Tronix
შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობს ახალგაზრდების გუნდი CosmoTronix. ისინი ქმნიან ტექნოლოგიურ სამაგიდო თამაშს, რომლის დახმარებით მოზარდები ელექტროინჟინერიის შესახებ ცოდნას შეიძენენ.
“ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვებს ელექტროინჟინერიის შესახებ ცოდნა მივცეთ. ამ თამაშით ის ადამიანებიც გაერთობიან, რომლებმაც ელექტროინჟინერია უკვე იციან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის, რასაც ვქმნით, ეხმარებოდეს ხალხს განათლების მიღებაში. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ადამიანებისთვის განათლებას ხელმისაწვდომს გავხდით”, — ამბობს დავითი.
Curie’s Lab
“ჩემი მიზანია, ბავშვები დაინტერესდნენ მეცნიერებით და ეს დარგი მათთვის ხელშესახები გახდეს, არ იყოს მეცნიერება მხოლოდ გაუგებარი ფორმულების დაზეპირება. ეს ყუთები დაეხმარება არა მარტო ბავშვებს, ინდივიდუალურად, არამედ რეგიონის სკოლებსაც, რომლებსაც ექსპერიმენტების ჩატარების რესურსი არ აქვთ”, — ამბობს მარიკა.
ექსპერიმენტებისთვის საჭირო ხელსაწყოებით სავსე სამეცნიერო ყუთები პირველ ეტაპზე ბავშვებს სამ ექსპერიმენტს სთავაზობს.
პროგრამა საქართველოში Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით განხორციელდა.