ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციიაში „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“
ბიზნეს ბლოგი
27 ოქტომბერი 2021
visibility 5870

Seb’s Berry

 

კომპანია Seb’s Berry არის ლურჯი მოცვის პლანტაცია, რომელიც მდებარეობს საქართველოში, გურიის რეგიონში, ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში და აწარმოებს უმაღლესი ხარიხსის მოცვს. იგი 2019 წლიდან აქტიურადაა ჩართული ლურჯი მოცვის კულტურის განვითარებაში. Seb’s berry-ის პლანტაციის გაშენებამ ჯაჭვურად წაახალისა გურიაში მოცვის წარმოება. კომპანია გამოირჩევა სიახლეებითა და ბაზარზე აქტიურობით, რაც ჯანსაღ, კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის. ყოველწლიურად, მოცვის კრეფისა და სხვლის პერიოდში კომპანია, თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ასაქმებს 60 ადგილობრივ მოსახლეს.  Seb’s berry-ის ჰყავს 7 შტატიანი თანამშრომელი. ამ ეტაპზე, Seb’s berry თანამშრომლობს ჩინეთის, სინგაპურისა და მალაიზიის ბაზრებზე პარტნიორ კომპანიებთან და მუშაობს, რომ ბაზრის რაოდენობრივი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. კომპანიის მისიაა კაპიტალისა და გაყიდვების ზრდა, რაც თავისთავად  ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, გურიის რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ექსპორტის ზრდასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 

კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია „S’Agro Park“. აღნიშნული კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ კომპლექსურ მომსახურებას:


  • ტერიტორიის გასუფთავებას
  • სპეციალურ ტექნიკას ტორფისა და ნახერხის დასაყრელად
  • აგრო-ქსოვილის მიწოდებასა და დამონტაჟებას
  • სარწყავი სისტემით უზრუნველყოფას
  • ნერგების მიწოდებასა და პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობას

აღნიშნული საქმიანობით კომპანია დამწყებ ფერმერებსა და მეწარმეებს უქმნის მატერიალურ ბაზას,  რომელიც სამომავლოდ მათი ბიზნესის განვითარების პერსპექტივას ქმნის.


 



„მართა ბებოს დამბალხაჭო“

 

ფშავისთვის დამბალხაჭო გამორჩეულ ეთნო პროდუქტია, რომლის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სამწუხაროდ, ეს ტექნოლოგია თაობების წასვლასთან ერთად იკარგებოდა. ამ მივიწყებული ტექნოლოგიის გაცოცხლება და დამბალხაჭოს ფართო მასებისთვიას გაცნობა გახდა ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია 4 წლის წინ, როდესაც პროექტში „აწარმოე საქართველოში“ მცირე გრანტი მოიპოვეს. დაბალხაჭოს დამზადების ტრადიციული ტექნოლოგია ბებიისაგან გადმოეცათ, შესაბამისად ბებიის ხსოვნის უკვდავსაყოფად ბრენდს „მართა ბებოს დამბალხაჭო“ დაარქვეს. ამ მაგალითმა სათავე დაუდო ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გაჩენას რეგიონში, თიანეთში ბევრმა ფერმერმა დამბალხაჭოს წარმოებას მიჰყო ხელი. ასევე ბევრმა ფერმერმა გაზარდა რძის წარმოება და მოამრავლა მსხვილფეხა პირუტყვი. დამბალხაჭო ხელმისაწვდომი გახდა სამომხმარებლო ბაზარზე, როგორც რეგიონში, ისე თბილისსა და ბათუმში. ნიშურმა პროდუქტმა და მაღალმა ხარისხმა განაპირობა პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა. „მართა ბებოს დამბალხაჭო“-ს ზოგადად დამბალხაჭოს პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, შესაბამისად, რეგიონის კერძოდ თიანეთის ცნობადობის გაზრდაშიც.  რეგიონის ცნობადობის გაზრდას და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ახლად დაწყებული აგროტურისტული სერვისების გაანვითარებით ცდილობენ. 2021 ზაფხულში „მართა ბებოს დამბალხაჭომ” მოიპოვა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ გრანტი აგროტურიზმის მიმართულებით. საჭირო ინვენტარით და ინფრასტრუქტურის მოწყობით სასიამოვნო, თბილი გარემო შექმნეს ტურისტებისთვის, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობას წარმოების ციკლში, გასტრონომიულ მასტერკლასებში და დააგემოვნებენ კუთხურ სამზარეულოს.  იმედი აქვთ, გაზაფხულიდან პანდემიურად უსაფრთხო გარემოში შეძლებენ სტუმრების მიღებას.


 

 


 

GG travel

 

GG travel იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაინახა ენგურჰესზე მოტორიანი ნავებით გასეირნების პოტენციალი და საკუთარი სახსრებით განახორციელა პროექტში ინვესტიცია. 2019 წელს არა მხოლოდ ნავები დაიმატეს, არამდე ინფრასტრუქტურის განვითარებაც მოახდინეს, ამჟამად კომპანიის საკუთრებაშია ექვსი განსხვავებული მოცულობის მოტორიანი ნავი. კომპანიამ 6 ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა და გამოავლინა ენგურჰესის ტურისტული პოტენციალი, რომლის ათვისებაზეც ადგილობრივმა მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო მუშაობა, თუმცა სამწუხაროდ პანდემიამ ეს პროცესი შეანელა. კომპანიის წარმატებულმა საქმიანობამ გამოიწვია ენგურჰესის ტურისტული პოტენციალის გაზრდა და მომიჯნავე სექტორების განვითარება, როგორიცაა კვების ობიექტების დატვირთვა მესტია-ჯვრის მონაკვეთზე. ენგურჰესზე კატერებით გასეირნების სერვისს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ტურისტული კომპანიებისგან, დაინერგა მათზე მორგებული ტურები. მიუხედავად მძიმე ტურისტული და ეკონომიკური წლებისა, GG travel-ს არ შეუწყვეტია საქმიანობა. კომპანიის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა ტურისტულმა კომპანიამ უკვე იცის და აქტიურად იყენეს სერვისს თავიანთი ტურების გასამრავალფეროვნებლად.



 



კურორტი ნუნისი


კურორტმა ნუნისმა ფუნქციონირება დაიწყო 2002 წელს. ეს გახლდათ რთულად მისადგომი ადგილი ხარაგაულის ტყე პარკში, თავდაპირვლეად აქ არ არსებობდა არანაირი დასაქმების საშუალება, რის გამოც ადგილობრივები ტოვებდნენ საცხოვრებელ სახლებს. კურორტმა ფუნქციონირება დაიწყო მოუწესრიგებელ და რთულად მისადგომ ადგილას, დღეისათვის კი ნუნისი არის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტეროტორიაზე (ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე). ნუნისი არის ბალნეო-კლიმატური კურორტი რომლის უნიკალურობასაც განსაზღვრავს ორი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - სამკურნალო წყლები და უნიკალური ფლორა და ფაუნა. კურორტი ნუნისი დამსვენებელს სთავაზობს ნუნისის უნიკალური წყალის გამოყენებით, კანის დაავადების სამკურნალო ეფექტურ პროცედურებს, კერძოდ სრულიად იკურნება ან მნიშვნელოვნად მცირდება ისეთი კანის დაავადებები როგორიცაა ფსორიაზო, ატოპიური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი და სხვ.

 

კურორტის გახსნამ ხელი შეუწყო ისეთ ფაქტორების განვითარებას როგორიცაა,  პირველი ინტერნეტ ანძა, რომლის დადგმაც მოხერხდა მაგთისთან მოლაპარაკების შედეგად,  რამაც გააჩინა როგორც მობილური, ასევე ინტერნეტ კავშირი მოსახლეობაში. ადგილობრივების წახალისება: კურორტი ნუნისის მიერ შეძენილი საკვები პროდუქტების 95% არის ადგილობრივი წარმოების. ინფრასტრუქტურის განვითარება: ტურისტების ზრდასთან ერთად გაიზარდა სახელმწიფოს ჩართულობა და დაიწყო გზის დაგება, ამ ეტაპისთვის დასრულებულია გზა სადგურ მოლითიდან სოფელ ნუნისამდე. ადგილობრივი ჰოსტელების გახსნის წახალისება: სტუმრები რომლებიც ჩამოდიან სამკურნალოდ, თუმცა ვერ ახერხებენ სასტუმროს ნომრებით სარგებლობას, ირჩევენ ჰოსტელებს,  სწორედ კურორტი ნუნისი გახდა ბიძგი ახალი საოჯახო სასტუმროების გასახსნელად. დღეისათვის ნუნისში ფუნქციონირებს 15-მდე ჰოსტელი. დასაქმება: კურორტზე მუდმივად დასაქმებულია 30 თანამშრომელი, სეზონზე - 70, აქედან დასაქმებულთა 90% არის ადგილობრივი მოსახლეობა. სამომავლოდ დაგეგმილია, რომ კურორტმა 4-ვე სეზონზე შეძლოს დამსვენებლის მიღება, ამისათვის იგეგმება 120 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო შენობის დამატება, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, რენოვაცია სპა/საპროცედურო ცენტრის, რაც მთლიანობაში 53 %ით გაზრდის ტურისტების რაოდენობას და შესაბამისად დასაქმებულების რიცხვს.


 

 

 


 

ბარაქა


აგრარული სექტორის გაახალგაზრდავებისა და ევროპული ცოდნა გამოცდილების მასშტაბურად გავრცელებისთვის დაარსდა აგროკომპანია ბარაქა, რომელიც ფერმერებს რეგიონებში არსებული აგრომაღაზიათა ქსელით სთავაზობს მეურნეობაში მცენარეთა მოვლა-მოყვანისთვის ყველა საჭირო პროდუქციას - სასუქებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სათესლე მასალებს. ბარაქას გუნდის ერთ-ერთი მამოძრავებელია აგრარულ სექტორში ინოვაციური მიგნებებისა და სამეცნიერო მიღწევების სიღრმისეულად შესწავლა, მათი ადაპტაცია საქართველოს კლიმატური პირობებისა და ფერმერთა მოთხოვნების შესაბამისად.

ბრენდის დაარსებასთან ერთად, კომპანიამ გამოყო 2 მილიონი ლარი და დაიწყო მრავალწლიანი პროექტი, რომლის მიზანიც აგრარული სექტორის გაახალგაზრდავება და არსებული კვალიფიკაციური კადრების დეფიციტის შევსებაა. პროექტის ფარგლებში ბარაქამ მიიღო 10 მოტივირებული ახალგაზრდა 3 წლიანი სწავლებისა და 5 წლიანი დასაქმების პერიოდით. დღესდღეისობით ახალგაზრდა აგრონომები ყოველდღიურ რეჟიმში გადიან გადამზადების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ გადაეცათ საცდელ-სადემონსტრაციო დანიშნულების მიწები, სადაც მთელი წლის განმავლობაში ახდენენ ჯიშთა გამოცდებს, უცხოური კომპანიების ტექნოლოგიების პრაქტიკაში გადმოტანას, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტურობის კვლევასა და შედარებას, ასევე, ბიოლოგიური პროდუქტების გამოცდებს. ახალგაზრდა აგრონომები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობის შემდეგ სამეცნიერო კონსულტანტებთან ერთად შედეგების ანალიზს ახდენენ. ამის შემდეგ გადაირჩევა წარმატებულ ტექნოლოგიები და ეფექტურ პროდუქტები, რომელებიც შესაძლოა, სხვასხვა კულტურის მიმართულებით დაინერგოს.


 

 



გოლდენ ფარმს

 

"გოლდენ ფარმს"-ი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის კენკრის მწარმოებელ კომპანიას დასავლეთ საქართველოში. ჯამურად პროექტი მოიცავს 100 ჰა მდე კენკრის გაშენებას. დაახლოებით 90 ჰა მოცვის ბაღს ხობის მუნიციპალიტეტში, ხოლო 10 ჰა მარწყვს სენაკის მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე გაშენებულია 20 ჰა მოცვი და 2 ჰა მარწყვი, რომელიც წლის ბოლოსთვის გაორმაგდება. "გოლდენ ფარმს"-ი თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სანერგეებთან, რათა უმაღლესი ხარისხის მცენარეები უზრუნველყოს  და მომხმარებლებს საუკეთესო კენკრა შესთავაზოს, ხარისხის და გემოს მიხედვით. 2021 წელს მივიღეთ გლობალური გ.ა.პ. (GLOBALG.A.P.) სერტიფიკატი. ეს არის ფერმის უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მოიცავს საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვას მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით. კომპანიის მთავარი მიზანია, მოახდინოს კენკრის გაყიდვას ევროკავშირსა და „გალფის“ ქვეყნებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს, როგორც სამუშაო ადგილებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. გარდა ამისა, "გოლდენ ფარმს"-ი ამჟადა არის თანამედროვე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობის პროცესში, რომელიც მოემსახურება როგორც კომპნიის ოპერაციებს, ასევე ადგილობრივ ფერმერებს. ახალი ობიექტი ხობში (დასავლეთ საქართველოში) განთავსდება და ის ადგილობრივი მოსახლეობისთვის 1000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.



 



რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლატფორმ

 

საიახტო სფერო, რომელიც არ არსებობდა საქართველოში,  რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლატფორმის მეშვეობით განვითარდა. 2017 წელს მცირე კაპიტალით დაწყებული ბიზნესი, რომლის მიზანიც იყო,  რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდი საიახტო ინდუსტრიაში და იახტების მშენებელი კომპანია საქართველოში შემოსულიყო. დღეისათვის საქართველოში გაყიდულია 11 იახტა, დასაქმებულია ათეულობით ადამიანი. საქართველო და აჭარის რეგიონი ოფიციალურად გამოჩნდა მსოფლიო საიახტო რუკაზე.



 



ენელაი


სამედიცინო ცენტრი ენელაი ფუნქციონირებს ქ. ზუგდიდიში 2015 წლიდან და უკვე წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. კლინიკა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურეობის ფართო სპექტრს სთავაზობს პაციენტებს. სამედიცინო ცენტრ ენელაიში რეგონის მოსახლეობას საშუალება აქვს ჩაიტაროს როგორც კონსერვატული მკურნალობა, ასევე ქირურგიული ოპერაციები, როგორც ღია ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით, ხელმისაწვდომია პლასტიკური და ბარიატრიული ქირურგიული მომსახურება. კლინიკაში ტარდება ონკოქირურგიული, ტრავმატოლოგიური ოპერაციები, სამედიცინო ცენტრის მომსახურებით სარგებლობს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა, მათ შორის ეროვნებით აფხაზები. სამედიცინო ცენტრ ენელაის შექმნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის სერვისები, რისთვისაც აქამდე რეგიონიდან უწევდათ გასვლა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მათ დანახარჯებს. კლინიკაში ფუნქციონირებს სამეგრელო ზემო სვანეთში ერთადერთი პათოლოგ-ანატომიური ლაბორატორია, ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური კვლევებისთვის, რაც ამცირებს რეგიონში პაციენტის დიაგნოსტირებისთვის დროს. სამედიცინო ცენტრში 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით დასაქმებულია 90 ადამიანი, მუდმივად იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. სამედიცინო ცენტრის ძირითადი მახასიათებლებია: პაციენტთათვის ხელმისაწვდომი მომსახურეობა, თბილი და სანდო გარემოს შექმნა, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა, მომსახურეობის ხარისხის მუდმივი კონტროლი, ზრდა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება.


 



ზეტი


საერთო სამუშაო სივრცე ზეტი არის ადგილი, სადაც, შეღავათიან ფასად, ნებისმიერს შეუძლია იქირაოს ადგილი ერთ დიდ ოფისში, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და კომფორტული ავეჯით. სივრცეს აქვს სხვადასხვა ზონები: საპრეზენტაციო ოთახები, სპეციალური კაბინები ვიდეო შეხვედრებისთვის, მოსასვენებელი კუთხეები სათამაშო კონსოლებითა და სამაგიდო თამაშებით. სივრცე ზეტში ადამიანებს შეუძლიათ ყოველთვიურად იმდენი წევრისათვის შეიძინონ შესაბამისი პაკეტი, რამდენიც იმ მომენტისვის არის ჩართული პროექტში. ამ სივრცით ხშირად სარგებლობებენ სტუდენები სამეცადინოდ, ფრილანსერები სამუშაოდ, ორგანიზაციები სასწავლო კურსების ჩასატარებლად და კომპანიები გასაუბრებისთვის ახალი კადრების შესარჩევად. სივრცე ზეტში ხშირად ნახავთ მოკლე შესვენებებზე სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, როგორ საუბრობენ ერთმანეთში მათთვის საინტერესო თემებზე. მოკლე გასაუბრება (small talks) უბრალოდ, განტვირთვის კარგი საშუალებაა, სწორედ ასეთ შეხვედრებზე იბადება იდეები ბიზნესისთვის, სოციალური პროექტისთვის, მიმდინარე ამოცანის გადაჭრის საინტერესო მეთოდის ან/და სულაც კარგად გასართობი საღამოს. 2020 წელს გაიხსნა ფილიალი ისტორიული ქუთაისის შუაგულში, ცნობილ „თეთრ ხიდთან“, რომელიც ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის მიმზიდველი ადგილია. ეს ერთდროულად, საქმიან ნაწილშიც მდებარეობს და იზოლირებულიც არის ქალაქის ხმაურისაგან.


 



GGM


2016 წელს ბათუმში, მართვის კომპანია GGM-ის იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ბიზნეს კომპანია, რომელიც შეცვლიდა გავრცელებულ სტერეოტიპულ კულტურას - ბიზნესი ნიშნავს "ფულიანი ხალხის გაერთიანებას", რომელსაც მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს. GGM-მა რეგიონში შექმნა მოდელი, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს კრიზისის სრულად დაძლევაში, დაფინანსების მოძიებაში, წარმოების ხელშეწყობასა და მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვაში. GGM-მა პანდემიისას შექმნა ბიზნესპროექტი მშრალი ხილის საწარმო აჭარის მაღალმთიანეთში, რომლისთვისაც ხუთი სხვადასხვა წყაროსგან (სახელმწიფო პროგრამები, USAID/CNFA, EU/CENN) მოიძია დაფინანსება და დღეს უკვე ქართული ბრენდი "კერკი" ბაზარზე გასასვლელად ემზადება. საწარმო ახლა სატესტო რეჟიმში მუშაობს, სადაც მთავარ საწარმოო ძალას ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს. ,,კერკის’’ ჩირი, ტყლაპი, ცუკატი, თხილეული და ჩურჩხელა ბაზარზე დეკემბერში გამოჩნდება. GGM-ის მომდევნო 5 წლის გეგმაა, მშრალი ხილის საწარმოების ქსელის შექმნა, პროდუქციის წარმოების ხარისხის კიდევ უფრო დახვეწა, მაღალი წარმადობის მიღწევა და როგორც ქართული, ასევე სხვადასახვა ქვეყნის ბაზარზე აქტიური ექსპორტის განხორციელება. GGM-ის მსხილი წარმატებული პროექტებია ასევე შეჩერებული მშენებლობების დასრულება, სამედიცინო ცენტრებისა და ტურისტული ობიექტებისთვის დაფინანსების მოძიება.


 



ვიტა გარდენია


ვიტა გარდენია არის ბუტიკური სასტუმრო წყალტუბოში რაიონში. სასტუმროს უნიკალურობა მდგომარეობს რამდენიმე ასპექტში, კერძოდ: მას აქვს საკუთარი უნიკალური ტყე-პარკი და ეკო-სისტემა. 2018 წელს აღნიშნულმა ეზო-პარკმა საქართველოს მასშტაბით ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ნომინაციებში სუფთა რეგიონი, საუკეთესო, სუფთა და ლამაზი ეზო. იგი დღესაც სასიამოვნოდ აოცებს მნახველებს და სტუმრებს მისი სილამაზით და უნიკალურობით. სასტუმრო შედარებით ახალია, თუმცა უმალვე მოიპოვა პოპულარობა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებში, მომსახურების მრავალფეროვნებით, პერსონალის კეთილგანწყობით, სიმყუდროვითა და სიმშვიდის განცდით, უნიკალური გარე ლანდშაფტით, რითაც ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი რეგიონში, როგორც გამორჩეულად სასარგებლო და საინტერესო დასასვენებელი ადგილი, სამომავლოდ ტურისტული მზარდი ნაკადებისა და მათთვის შესათავაზებელი ახალი რესურს-პოტენციალის გათვალისწინებით (სამედიცინო მომსახურება, სპა, ველოსიპედებით გასეირნება სპორტული აქტიობები და სხვა).


 



მედიქალ სითი


“მულტიპროფილური ჰოსპიტალი მედიქალ სითი და ინფექციური დაავადებათა მართვის ცენტრი“ ფოკუსირებულია ბაზრის წილისა და მომგებიანობის ზრდაზე. ის რეგიონში (ქალაქი ქუთაისი) ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა და სარგებლობს მოსახლეობის მაღალი სანდოობით. დაფუძნების დღიდან,  კომპანიაში ჩამოყალიბდა ადამიანების გუნდი, რომელიც იზიარებს კომპანიის განვითარების ერთიან ხედვას და ყველაფერს აკეთებს ერთ დროს სრულიად უსიცოცხლო საწარმოს მუდმივად პროგრესირებად კომპანიად გარდასაქმნელად. კომპანიის ძირითადი ფინანსური და საწარმოო მაჩვენებლები იზრდება წლიდან წლამდე, რაც განხორციელებული ინვესტიციების, კონკრეტული საქმიანობების გაუმჯობესებისა და განვითარების პროგრამების შედეგია.

2016 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წარმატებისაკენ, როდესაც შპს “მულტიპროფილური ჰოსპიტალი მედიქალ სითი და ინფექციური დაავადებათა მართვის ცენტრის“ მიერ დაიწყო ახალი კლინიკის მშენებლობა, რომლის მთავარი მიზანია რეგიონში შექმნას უპრეცედენტო სამედიცინო სერვისი, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას მიიღოს მაღალი სტანდარტების სამედიცინო მოსახურება, ქვეყნიდან გაუსვლელად.


 



ედენა


სოციალური საწარმო ედენა მდებარწობს ონში, 2015 წლიდან მუშაობს ტრადიციული რეწვის შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემაზე.  დღეს სახელოსნო ასაქმებს 20-მდე ქალბატონს მათ შორის ორ შშმ პირს. ედენას წევრებისთვის ეს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ასევე იმავე ლოკაციაზე მდებარეობს სოციალურო ეთნო-ტურისტული მაღაზია, რომელიც 13-მდე ადგილობრივ მეწარმეს ეხმარება ტურისტული პროფუქტის გაყიდვა-რეკლამირებაში, ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ლოკაციაა ონში. სახელოსნო წარმოადგენს რაჭული სუვენირების ერთადერთ საამქროს რაჭაში.


 

 



უნიკი

 

უნიკი ქმნის ტანსაცმელს და ფეხსაცმელს 0 თვიდან 7 წლამდე ასაკის პატარებისთვის. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, განსხვავებული სტილით, ხელმისაწვდომი ფასებით. ყველა ნივთი იქმნება ისეთი ზრუნვითა და სიყვარულით, როგორსაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, პატარები იმსახურებენ. უნიკის საწარმო მდებარეობს კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, ძალიან ახლოს საოკუპაციო ხაზთან.  საწარმოში დასაქმებული ადგილობრივები კმაყოფილები არიან სამუშაო ადგილის სოფელში არსებობით. საწარმო სოფელში ერთი წელია რაც გაიხსნა, ამ დროში კომპანიამ ახალი პროდუქტების, ფეხსაცმლის ხაზის დამატება და წარმოების გაზრდა მოახერხა.


 



Promogogonebi

 

კომპანიაში დასაქმებულია 300 პრომო გოგონა. ფილიალები მდებარეობს: ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, ზუგდიდიში, თელავში, რუსთავში და თბილისში. კომპანია ხელს უწყობს თინეიჯერების განვითარებას და შრომისუნარიანობის გამომუშავებას. რეგიონებში აჩენს კონკურენციას ბაზარზე და ასევე აჩენს მეტ სამუშაო ადგილს. ხოლო ეს მოტივირებული ახალგაზრდები ზრდიან სხვადასხვა კომპანიების გაყიდვებს ყოველდღიურად და რეგიონში ბრენდების პოპულარიზაციას ახდენენ.

 



ლოპოტა სპა რეზორტი


კახეთის რეგიონში არსებული ლოპოტა სპა რეზორტი 2008 წელს დაარსდა როგორც შვიდოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო. ბუნებრივი ტბის გარშემო გაშენებული ლოპოტა სპა რეზორტი დღესდღეობით 232 ოთახს აერთიანებს, რომელიც ტბის გარშემო 14 შენობაშია განაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთის და ხელბურთის კორტებს, ტენისის კორტებს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ლოპოტა სპა რეზორტი დააარსა გოგა მაისურაძემ - ადამიანმა, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის საზღვრების გაფართოებას. მისმა შორსმჭვრეტელმა იდეამ, შორეულ ტბაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ, წარმოშვა ლოპოტა სპა რეზორტი, რომელიც სავსეა ფართო ინფრასტრუქტურითა და პრემიუმ კლასის მომსახურებით. რეზორტის წარმატებამ გზა გაუხსნა მთლიანად კახეთის რეგიონს, რაც მას საქართველოს ერთ -ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცევს. რეზორტზე დასაქმებულ ადამიანთა 50% მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელია, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით ხდება ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა. ლოპოტა წელიწადში საშუალოდ 45,000 ტურისტს მასპინძლობს, მომდენო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, რათა აქ სტუმრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს დამსვენებლებისთვის.