ბლოგერები
როგორ შეიცვლება კვების ინდუსტრია მომავალში?
ბიზნეს ბლოგი
15 აპრილი 2021
visibility 8180

გასული საუკუნის 40-იან წლებში ჟურნალ Life-ში ვისკის ერთ-ერთი კომპანიის რეკლამა გამოჩნდა. ხასხასა ფერებში დახატულ ფუტურისტულ ილუსტრაციაზე ჩანდა ღია ფურგონი, რომელიც სამზარეულოს ფუნქციებს ითავსებდა, მზარეულები კი ცხელ-ცხელ კერძებს ხალხს სახლებში, პირდაპირ ზღურბლთან ურიგებდნენ. თითქმის 80 წლის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პროგნოზი მეტნაკლებად გამართლდა — მართალია, კურიერები გზადაგზა კერძებს ჯერ არ ამზადებენ,  მაგრამ ის მაინც ცხადია, რომ მიტანის სერვისი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

საინტერესოა, როგორ შეიცვლება კვების ინდუსტრია მომავალში? საით მიდის პროცესი, რომელიც პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა? — ამის გასაგებად კიდევ 80 წელი მოცდა არ მოგვიწევს, რადგან პასუხები უკვე აქვთ თიბისისა და Visa-ს, რომლებიც, პლატფორმა kovzy.com-თან თანამშრომლობით, რესტორნებს ონლაინ გაყიდვების არხების შექმნას სთავაზობენ. მათი დახმარებით რესტორნები ეფექტიანად წარმართავენ საკუთარ საქმიანობას და მარტივად მისწვდებიან მომხმარებლებს.

ინიციატივა თიბისისა და Visa-ს ბიზნესის მხარდაჭერის ერთობლივი პროგრამის — “შექმენი შენი ონლაინ მაღაზია” ფარგლებში ხორციელდება. 50 რესტორნისთვის ვებსაიტების შექმნას სწორედ ეს ორი კომპანია აფინანსებს. ჩვენ მოგიყვებით, კიდევ რით ისარგებლებენ პროექტში მონაწილე რესტორნები  და როგორ გამარტივდება მათი ყოველდღიურობა მალე. მანამდე კი მოკლედ გეტყვით, რატომაა ციფრული სერვისების დანერგვა და ტექნოლოგიური ელემენტების კვების ინდუსტრიაში ინტეგრირება ბიზნესის განვითარების უალტერნატივო გზა.

როგორ შეიცვლება ადამიანების ქცევა და კვების ინდუსტრიის ტენდენციები?

“წარმოიდგინე, შედიხარ რესტორანში, სადაც საეჭვოდ ცოტა მაგიდა დგას, თუმცა იქვეა ორი დიდი დახლი: ერთი კერძების ასაღებად, იქვე რომ ისადილო ან წაიღო, მეორე კი — კურიერებისთვის. სამზარეულოში მზარეულები ფუსფუსებენ, სასადილო სივრცეში სიჩუმეა, ახლომახლო კი შეკვეთისთვის მომლოდინე კურიერების რიგი დგას. რესტორანმა შენი მისვლა პარკინგიდანვე გაიგო. შეტყობინება უდასტურებს, რომ შიგნით ჭამას აპირებ. აპლიკაცია შენთვის განკუთვნილი მაგიდის ადგილსამყოფელს გიჩვენებს და გეკითხება “თქვენ, ალბათ, როგორც ყოველთვის?” — შეაბიჯე თუ არა რესტორანში, მზარეულები დატრიალდნენ და შენთვის ჩვეული შეკვეთის მზადება დაიწყეს. გამოსვლისას კი შეიძლება ისიც შეამჩნიო, რომ კურიერები კერძებს იქვე, ჩასაკეტ კარადებში თბილად ინახავენ მანამ, სანამ მომხმარებელი არ გამოჩნდება”, — ეს პროგნოზი Deloitte-ს ეკუთვნის. ანგარიშში, რომელიც 2020 წელს გამოიცა, კვების ინდუსტრიის არცთუ შორეული მომავლის პერსპექტივებია განხილული.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კვების ინდუსტრიის მომავალს სამი რამ განსაზღვრავს. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ თანამედროვე მომხმარებლებისთვის მომსახურების მოხერხებულად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია — ეს გამოიხატება ეგრეთ წოდებული Drive-through თუ “თან წაიღე” მომსახურების, ისევე როგორც საკურიერო სერვისის პოპულარობით. მეორე — დღეს მარტივი ციფრული მომსახურების საჭიროება ყველგან დგას, მათ შორის — კვების ინდუსტრიაშიც, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მომხმარებლებს სურთ, რესტორნებმა “იცნონ” ისინი და, უახლესი მიღწევების დახმარებით, მათზე მორგებული სერვისები შეიმუშაონ. და მესამე —  კორონავირუსის პირობებში უსაფრთხოების შენარჩუნება აუცილებელია — ცხადია, სახლიდან მუშაობისა და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდების ერთწლიანი და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ისტორია უკვე ცვლის ჩვენს ქცევებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის მომავალშიც იქონიებს გავლენას კვებასთან დაკავშირებულ ჩვევებზე.

გარეთ კვება აღარ ნიშნავს იმას, რომ რესტორანში ვისადილებთ

Deloitte-ის ექსპერტები მომხმარებელთა ქცევის კიდევ ერთ ცვლილებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეცვლილი რეალობა მომხმარებლებს უბიძგებს, ადგილზე მიტანის თუ “თან წაიღე” სერვისით პანდემიის დასრულების შემდეგაც აქტიურად ისარგებლონ, შესაბამისად, რესტორნებმა ეს ცვლილება თავიანთ ბიზნესმოდელებზე უნდა ასახონ და გაციფრულების გზას დაადგნენ.

ამასთან, ისინი ყურადღებას ამახვილებენ  საკურიერო სერვისის, როგორც რესტორანსა და მომხმარებელს შორის შუამავლის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მათი თქმით, ერთი მხრივ, ის მაშველი რგოლია კომფორტული მომსახურების მოყვარული კლიენტებისთვის, თუმცა სწორედ ეს შუამავლობა აფერხებს კვების ობიექტსა და მის მომხმარებელს შორის მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას და ამასთან, დაწესებული საკომისიოების გამო, შესაძლოა, ის რესტორნებისთვის ფინანსური თვალსაზრისით ნაკლებად მომგებიანი იყოს.

სწორედ ამიტომ, დღეს ბევრი ბრენდი ცდილობს, მიტანის სერვისიც თავად დანერგოს და ამით პროცესებზე მეტი კონტროლი მოიპოვოს. ეს არამხოლოდ შეკვეთა-მიტანაზე თვალყურის დევნებას გულისხმობს, არამედ მარკეტინგული თვალსაზრისითაც გარკვეულ სარგებელს უკავშირდება: ასე რესტორნები უკეთ აკვირდებიან ტენდენციებს, ქცევებს, შესაბამისად, იციან, ვინ არიან მათი მომხმარებლები,  შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ როგორ აქციონ ისინი ლოიალურ კლიენტებად, როგორ მოერგონ მათ სურვილებს, საჭიროებებს და მოიპოვონ მათი ნდობა. ეს კი მხოლოდ ერთი ხერხით — ციფრული სერვისების აქტიურად განვითარებითაა შესაძლებელი. როგორ? ამაზე პლატფორმა Kovzy.com-ის დირექტორი, სანდრო დარსაველიძე გვესაუბრა.

 

შექმენი შენი ონლაინ რესტორანი თიბისის, Visa-სა და Kovzy.com-ის დახმარებით

მომხმარებლებთან უშუალო კავშირი, პირდაპირი შეკვეთის მიღების შესაძლებლობა, საკომისიოების დაზოგვა — ეს ნაწილია იმ უპირატესობებისა, რასაც კვების ინდუსტრიაში ჩართული კომპანიები ონლაინ რესტორნის შექმნით მიიღებენ. თიბისისა და ვიზას ფინანსური მხარდაჭერით, პლატფორმა Kovzy.com მათთვის ერთ დღეში შექმნის ვებსაიტს და QR მენიუს. კვების ობიექტები ვებსაიტზე დაამატებენ კერძებს, დააინტეგრირებენ თიბისის Ecommerce ტერმინალს და დააკავშირებენ მიწოდების სერვისებს. გარდა ამისა, კომპანიები უფასოდ მიიღებენ ფოტოგრაფის მომსახურებას, შესაბამისად, ვებსაიტზე განთავსებული კერძების სურათები მადისაღმძვრელი და ესთეტიკურად სასიამოვნო იქნება.

სანდრო დარსაველიძე აღნიშნავს, რომ თიბისი და Visa, Kovzy.com-თან კოლაბორაციით, ბიზნესებს სრულ ციფრულ გადაწყვეტას სთავაზობენ, რაც მათ მომავლის ტენდენციებთან ფეხის აწყობაში დაეხმარებათ.

“ინდუსტრიაში ონლაინ გაყიდვების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია პანდემიამდეც არსებობდა, თუმცა შექმნილმა ვითარებამ პროცესები საგრძნობლად ააჩქარა, შესაბამისად, გლობალურად, საკვების მოხმარების დაახლოებით 70% ონლაინ გაყიდვების სხვადასხვა ფორმაზე მოდის, საქართველოში ეს მონაცემები 40-50%-ის ფარგლებში მერყეობს. ამასთან, მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს ტენდენცია პანდემიის შემდეგაც შენარჩუნდება” — ამბობს სანდრო დარსაველიძე.

მისი თქმით, ბაზარზე არიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები, საკურიერო კომპანიები, რომლებმაც “პანდემიის დროს კვების ინდუსტრია გადაარჩინეს და მომხმარებლებს კომფორტი შეუქმნეს”, თუმცა, აუცილებელია, რომ ამ პლატფორმების გამოყენებასთან ერთად, რესტორნებს პირდაპირი გაყიდვების არხიც ჰქონდეთ. 

“პანდემია მალე დასრულდება, მაგრამ მომხმარებელთა ქცევა კვების თვალსაზრისით რადიკალურად შეიცვლება და რესტორნებს მოუწევთ, ამ რეალობას მოერგონ. ჩვენ კი მათ შესაძლებლობას ვაძლევთ, ახლა დაიწყონ ეს პროცესი, შეაჩვიონ მომხმარებელი ცვლილებებს, ისევე, როგორც, მეორე მხრივ, ვასწავლოთ მომხმარებლებს, რა უპირატესობები აქვს რესტორნიდან პირდაპირ შეკვეთას”, — აღნიშნავს სანდრო დარსაველიძე.

Kovzy.com-ის დირექტორი პირდაპირი გაყიდვების არხის სამ უპირატესობაზე საუბრობს. პირველი, როგორც აღნიშნავს, საკომისიოს გარეშე გაყიდვების გენერირების საშუალებაა. შედეგად, რესტორნებს საშუალება ეძლევათ, შემოსავალი მთლიანად მიიღონ და საკურიერო კომპანიებს წილი შემდეგ გადაუხადონ.

მეორე უპირატესობად ის მოიაზრებს შესაძლებლობას, რესტორნებმა და საკურიერო კომპანიებმა ტრანსპორტირების ღირებულება გაიზიარონ ან მეორე მხრივ, გარკვეული ღირებულების შეკვეთაზე, სურვილის შემთხვევაში, თავად რესტორნებმა დაფარონ ეს ხარჯი.

ხოლო მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი — ესაა პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან. “პირდაპირი გაყიდვის არხით რესტორანს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია თავისი მომხმარებლების შესახებ, რაც მათთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად, კლიენტის მოზიდვა ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისი შენარჩუნება, შესაბამისად, ამ არხით რესტორნებს საკუთარ თავში ინვესტირების საშუალებაც ეძლევათ, რადგან როცა რაიმე კერძს პირდაპირ გაყიდიან, თანვე ეცოდინებათ, ვინაა მისი მომხმარებელი, მომავალში შესთავაზებენ მას სპეციალურ ფასებს, აქციებს და ეცდებიან, გახადონ ისინი ლოიალურები”, — აღნიშნავს სანდრო და ამატებს, რომ პირდაპირი გაყიდვების წილი უკვე გლობალურად გახდა კვების ინდუსტრიაში ჩართული ბიზნესების წარმატების საზომი. 


რას მოიცავს თიბისის, Visa-სა და Kovzy.com-ის შემოთავაზება?

ინიციატივის ფარგლებში ბიზნესებისთვის სრულყოფილი E-commerce პროდუქტი იქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვებსაიტი აღჭურვილი იქნება ონლაინ ვაჭრობისთვის საჭირო ყველა ფუნქციონალით. მასში ჩაშენდება კალათა, ტელეფონის ნომრით ვერიფიკაცია, რუკები და საკურიერო კომპანიების სერვისებიც კი. საინტერესოა ისიც, რომ Kovzy.com თითოეულ მონაწილეს QR მენიუს გადასცემს, რაც ბიზნესებს სამომავლოდ Online და Offline გაყიდვების ერთ სისტემაში მოქცევის საშუალებას მისცემს. 

გარდა იმისა, რომ თიბისის, Visa-სა და Kovzy.com-ისგან ბიზნესები სრულმასშტაბიან ციფრულ მომსახურებას მიიღებენ, ისინი ვებსაიტის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან 6 თვით თავისუფლდებიან, აგრეთვე, თიბისის E-commerce-ით 2 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. 

„ჩვენ ვიცით, რა სირთულეების წინაშე დგას სარესტორნო ბიზნესი, გვინდა მათ დავეხმაროთ ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. საკუთარი ვებსაიტის შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან”, — ამბობს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

ასე რომ, სარესტორნო ბიზნესს უკვე აქვს უნიკალური საშუალება, ყოველგვარი ბარიერის გარეშე ინდუსტრიის ტენდენციებს ფეხი აუწყოს და ინოვაციური ტექნოლოგიები საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქციოს. დროთა განმავლობაში ბიზნესი ისევ გაძლიერდება, მანამდე კი მათი გაციფრულების პროცესით ბიზნესისა და მომხმარებლების ქცევაში დამკვიდრდება ახალი სტანდარტები, რომლებიც შედეგს პანდემიის დასრულების შემდეგაც გამოიღებს.