ბიზნეს სიახლეები
მცირე ცვლილებების დიდი პოტენციალი
21 სექტემბერი 2020
visibility 1919

ნებისმიერ ჩვეგანს სურს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრება. ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ხელსაყრელი ეკოლოგიური პირობების შექმნა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ხშირად გვესმის ამა თუ იმ ზიანის შესახებ, რომელიც დედამიწას მიადგა: დატბორილი ქალაქები, მდინარეების დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლები, ხანგრძლივი გვალვები და ა.შ. ადამიანის ეკონომიკური თუ სხვა საქმიანობა ზოგჯერ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ეკოლოგიას, როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური მასშტაბით. მსოფლიო მოსახლეობისა და მომხმარებლური კულტურის ზრდასთან ერთად, იზრდება გარემოს მიმართ მიყენებული ზიანიც. 

ზიანის შემცირებისა და სამომავლოდ მისი თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა არის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა. რა არის მწვანე ეკონომიკა? რა სარგებელი აქვს მწვანე ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებს? როგორ გვეხმარება ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში - ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ, ჩვენ გავესაუბრეთ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF)  წარმომადგენელს. GEFF საქართველოში 2019 წლის დეკემბერში გაეშვა. ის შექმნილია EBRD-ის მიერ და ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს მწვანე ტექნოლოგიების შეძენასა და მწვანე პროექტების განხორციელებაში უწყობს ხელს. 

თუ შეგიძლიათ, რომ მწვანე ეკონომიკის შესახებ მოგვიყვეთ? 

მარტივად რომ ვთქვათ, მწვანე ეკონომიკის მიზანია მდგრადი განვითარება გარემოს გაუარესების გარეშე. მწვანე ეკონომიკაში ფინანსური რესურსი მიმართულია მწვანე ინვესტიციებისკენ, გარემოზე ზრუნვაში კი ჩართულია როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და ტექნიკური ძალები. 

რას გულისხმობს „მწვანე ინვესტიციები“? როგორი უნდა იყოს ინვესტიცია, რომ ის „მწვანედ“ დასახელდეს? 

პ2: ინვესტიცია „მწვანე“ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ხდება და განსხვავდება ქვეყნის მიხედვით. საქართველოში, GEFF პროგრამის ფარგლებში, ინვესტიცია „მწვანედ“ რომ დასახელდეს, ის ენერგიის გამოყენებას ან სათბური აირების გამოყოფას მინ. 20% უნდა ამცირებდეს. 

საერთოდ ნებისმიერი მწვანე ინვესტიცია ეკონომიკური და სოციალური სარგებელის მომტანია, როგორც ბიზნესებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, სადაც ნათლად ჩანს თუ რას ნიშნავს მწვანე ინვესტიციები GEFF პროგრამის ფარგლებში და რა სარგებელის მოტანა შეუძლია: 

მწვანე ინვესტიციების ერთ-ერთი ფორმა არის შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. მაგალითად, შენობის კარკასის გაუმჯობესება საბავშვო ბაღისთვის ან ახალი მანქანა-დანადგარის შეძენა წარმოებისთვის. ეს არამარტო ამცირებს ენერგომოხმარებას, არამედ აუმჯობესებს გარემოს. 

მწვანე ინვესტიციაა, ასევე, განახლებადი ენერგიის გამომუშავება. ჩვენ გვქონდა ერთი პროექტი საქართველოში - ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია - რომლის შედეგადაც კომპანიამ ელექტრო ენერგიის გამომუშავება ორჯერ გაზარდა. შედეგად ინვესტიციამ თავი 2 წელიწადში დაფარა. 

მწვანე ინვესტიციაა კლიმატური ცვლილების მიმართ მგდრადობის განვითარებაც. ამის კარგი მაგალითია წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟება მეურნეობაში. ელექტრო და წყლის რესურსის დაზოგვით, ახალი სისტემა ხარჯებსა და ნიადაგის ეროზიის საშიშროებას ამცირებს. 

ყველა ზემოთხსენებული ტექნოლოგია: წვეთოვანი სისტემა, გათბობის სისტემა, ახალი მანქანა-დანადგარები, მწვანე ინვესტიციებისა და მწვანე ტექნოლოგიების რამდენიმე მაგალითია. 

გავრცელებულია მოსაზრება, რომ მწვანე ტექნოლოგიები ტრადიციულ ტექნოლოგიებზე ძვირია. შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს მოსაზრება? 

ადრე უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე ახლა. დღესდღეობით, ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს, რომელიც ხელმისაწვდომია და ამასთან „მწვანეა“, მაგალითად აერატორები, მზის ენერგიაზე მომუშავე გამათბობლები და ა.შ. შესაძლოა, რომ „მწვანე“ ტექნოლოგია ტრადიციულზე ძვირი იყოს, თუმცა დასაფიქრებელია ისიც, რომ მისგან მირებული გრძელვადიანი დანაზოგი, პირველად ინვესტიციას ყოველთვის აღემატება. მაგალითად, ენერგოეფექტური გამათბობელი და კარ-ფანჯარა 20-30% გიმცირებთ კომუნალურ ხარჯებს. მოხმარების ხანგრძლივობაზე რომ გადაამრავლოთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დამაზოგი გამოგივათ. 

თუ შეგიძლიათ, რომ რამდენიმე მწვანე ტექნოლოგიის მაგალითი მოგვიყვანოთ, რომელიც ბიზნესმა შეიძლება გამოიყენოს? საქართველოში თუ გვაქვს ამის მაგალითები? 

ნებისმიერ სექტორში მომუშავე ბიზნესს შეუძლია მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში არსებულმა გზის სამშენებლო კომპანიამ შეიძინა ასფალტის მწარმოებელი დანდგარი, რომელმაც გააორმაგა მათი წარმადობა, წარმოების ენერგომოხმარების ზრდის გარეშე. 

სამშენებლო ბიზნესიდან კიდევ ერთი კარგი მაგალითია, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი გლდანში, რომელიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წყალობით, წელიწადში $240,000 დანაზოგს აკეთებს. ცენტრი ენერგოეფექტური სენდვიჩ-პანელებით, თანამედროვე გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემებთ და ენერგოეფექტური ლიფტებითა და ესკავატორებით აშენდა. 

აგრობიზნესიდან წვეთოვანი სარწყავი სისტემაც ვახსენეთ, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 

მწვანე ტექნოლოგიები წარმოებაშიც ფართოდ გამოიყენება: არსებობს უამრავი მანქანა-დანადგარი - პირველადი მასალის გადამუშავებიდან დაფასოებამდე - რომელიც ზოგავს რესურსსა და ხარჯებს, ან ამცირებს გარემოსადმი მიყენებულ ზიანს. 

რას გვეტყვით ტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენება კერძო პირებსაც შეუძლიათ? მაგალითად, თითოეული ჩვენთაგანის საცხოვრებელ სახლში. ზოგადად, უნდა მოხდეს თუ არა მწვანე ტექნოლოგიებისა და მასალების გათვალისწინება საცხოვრებელი სახლის ან ბინის მშენებლობისას, თუ არის ზომები, რომელიც უკვე აშენებულ შენობაში შეიძლება, რომ მივიღოთ? 

რა თქმა უნდა, თუ საცხოვრებელი სახლი დაგეგმარების ეტაპზეა, კარგია მწვანე ტექნოლოგიების თავიდანვე გათვალისწინება. თუმცა, უკვე აშენებული სახლის მეტად ენერგო და რესურს ეფექტურად გადაკეთებაც შეიძლება. 

საცხოვრებელ სახლში მწვანე ტექნოლოგია ძირითადად 3 სფეროს ეხება: 

1. გაგრილება 

2. ცხელი წყლის მომარაგება 

3. სითბოს დანაკარგის შემცირება ანუ შენობის კარკასის გაუმჯობესება (კერძო სახლებისთვის) 

მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით სამივეს გაუმჯობესებაა შესაძლებელი. მაგალითად, ოჯახს შეუძლია კარ-ფანჯრის ენერგოეფექტურით შეცვლა, ან გამათბობელი სისტემის ჩანაცვლება. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, საცხოვრებელი სახლი მეტად ეფექტური, კოფორტული და ჯანმრთელი ხდება. 

შესავალში ჩვენ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის შესახებ მოკლედ ვახსენეთ. თუ შეგიძლიათ, რომ ამის შესახებ მეტი გვიამბოთ? როგორ უწყობს ეს პროგრამა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ხელს? 

ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკის ეს პროგრამა, ფინანსურ რესურსსა და პროფესიულ კონსულტაციას სთავაზობს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც თავის მხრივ საბოლოო მომხმარებლებს მწვანე ტექნოლოგიებსა თუ მწვანე პროექტებს უფინანსებენ. დღემდე, პროგრამა 26 სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს. საქართველოში, პროგრამა 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და უკვე წარმატებით სხვადასხვა პროექტი დააფინანსა. პროექტს ორი საერთაშორისო დონორი ჰყავს:  მწვანე კლიმატის ფონდი (GCF)  და  ავსტრიის ფედერალური სამინისტრო (BMF)

GEFF-ს აქვს დაფინანსების ორი გზა: 

1. წინასწარ განსაზღვრული ინვესტიციები. თუ თქვენ იცით რომელი თანამედროვე ტექნოლოგიის შეძენა გსურთ, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ის მწვანე ტექნოლოგიის სარჩევში , სადაც დაგხვდებათ ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც, $300,000 (ან ექვ. სხვა ვალუტაში) ფარგლებში, წინასწარ დამტკიცებულია GEFF ფინანსირებისთვის. 

2. უფასო ტექნიკური კონსულტაციის ფარგლებში შეფასებული ინვესტიციები. თუკი თქვენ გაქვთ პროექტი, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება, თქვენ შეგიძლიათ GEFF-ის უფასო კონსულტაცია მოითხოვოთ, რის შედეგადაც GEFF-ის ექსპერტები გააანალიზებენ თქვენს პროექტს და საუკეთესო გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებენ. 

რა როლი უკავია ტექნიკურ შეფასებას ამ პროგრამაში? როგორ ხდება მწვანე პროექტების შეფასება? 

როგორც აღვნიშნე, GEFF პროგრამა, არამარტო დაფინანსებას, არამედ საკონსულტაციო მხარდაჭერასაც გულისხმობს. ჩვენ გვყავს ინჟინრების გუნდი, რომლის დახმარებითაც პროექტის დეტალურ ანალიზს ვახდეთ, როგორც ფინანსური ასევე ტექნიკური კუთხით. მაგალითად, თუ რომელიმე კომპანიას სურს ახალი დანადგარის შეძენა: ის მიმართავს ჩვენს პარტნიორ ბანკს. ბანკი თავის მხრივ აფასებს კომპანიის გადამხდელუნარიანობას, ხოლო შემდგომ ჩვენ გვიკავშირდება პროექტის ანალიზისთვის. ჩვენ ვითვლით თუ რა რესურსებსა და თანხებს ზოგავს კომპანია, რამდენით მცირდება CO2 გამოყოფა და ა.შ. 

რომელიმე წარმატებული პროექტი თუ შეგიძლიათ, რომ დაგვისახელოთ, რომელიც საქართველოში განხორციელდა? 

საქართველოში პროგრამის გაშვების დღიდან ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს სხვადასხვა ინდუსტრიიდან, ჰიდროელექტრო სადგურიდან დაწყებული, ნიგოზის საწყობებით დამთავრებული. ყველა ჩვენი პროექტი შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერედზე,https://ebrdgeff.com/georgia/projects/  ნახოთ, სადაც პროგრამის, დაფინანსების მიღებისა და ჩვენი ფინანსური პარტნიორების შესახებაა ინფორმაცია ხელმისაწვდომი.