ბიზნეს სიახლეები
როგორ გავყიდო ჩემი პროდუქტი ქართულ იკომერს პლატფორმებზე?
ბიზნეს ბლოგი
11 ივნისი 2024
visibility 3726



როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც იკომერი სწრაფად განვითარებადი პლატფორმაა და მისი მომსახურებით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს. იკომერს ვებგვერდები, იგივე ელ. კომერციის პლატფორმები, წარმოადგენს ონლაინ მაღაზიებს (მობილურ აპლიკაციებს), რომლებზეც განთავსებულია თითქმის ყველა ტიპის პროდუქცია და რომლებიც მომხმარებლებს მრავალფეროვანი ონლაინ გადახდის საშუალებას და სწრაფ საკურიერო მომსახურებას სთავაზობს.


სტატისტიკის მიხედვით, იკომერს საიტების წილი ქართულ ბაზარზე, ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 პროცენტით იზრდება. დღეს მომხმარებლისთვის მსგავს ონლაინ პლატფორმებთან ურთიერთობა, თითქმის ყველა პროდუქტის შერჩევისა და შეძენის ოპტიმალური ფორმაა. პანდემიამ ქართული იკომერს საიტების განვითარებას ხელი შეუწყო. ამის კვალდაკვალ მომხმარებლის ქცევაც შეიცვალა. შეზღუდვების მოხსნას ონლაინ ვაჭრობის წილი არ შეუმცირებია – მომხმარებელი იკომერს საიტების და შეძენილი ჩვევის ერთგული რჩება.


საქართველოში VELI.store, Vendoo და Extra.ge ელ. კომერციის მთავარი პლატფორმებია. მათზე პროდუქციის განთავსება ნებისმიერი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – როგორც გაყიდვის, ისე ცნობადობის გაზრდის ხელშესაწყობად.

VELI.store-ის ბრენდის ხელმძღვანელის თათია კარიაულის, თქმით, საიტზე ამა თუ იმ კომპანიის მიერ პროდუქტის განთავსება უმარტივესად ხდება.


„2023 წლის კვლევებზე დაყრდნობით, „ველი“ ქართულ იკომერს პლატფორმებს შორის მომხმარებლის რჩეულია. ბრენდი ყოველთვის უსმენს მომხმარებელს და ითვალისწინებს მათ ინტერესს პროდუქტის განთავსებისას, ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება და კომპლექტდება ხარისხიანი პროდუქტებით.

ველიზე პროდუქციის განთავსების პირველი ეტაპი ჩვენი მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირებაა ნებისმიერი ფორმით – სოციალური ქსელით, მეილით თუ ჩატით აპლიკაციაში. ამის შემდეგ ჩვენი მხარდაჭერის გუნდი, ბიზნესის სპეციფიკის მიხედვით, შესაბამისი მიმართულების კატეგორიის მენეჯერთან დააკავშირებს დაინტერესებულ კომპანიას“.

VELI.store ბიზნესებს, განსაკუთრებით კი სტარტაპებს, რომლებსაც სურთ ველის დახმარებით კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე გავიდნენ, ურჩევს, წინასწარ მოამზადონ თავიანთი წამოწყების პრეზენტაცია, რომელშიც თვალსაჩინოდ ახსნიან ბიზნესის იდეას, ასევე პროდუქციის შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ბიზნესის შემთხვევაში, პროდუქციის შენახვა ველის საწყობში აუცილებლად უნდა იყოს შესაძლებელი.


Extra.ge ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს სთავაზობს ბაზარს მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, პროდუქტის ტრანსპორტირებას, რეკლამირებას, რეკომენდაციებს კონკურენტულ გასაყიდ ფასზე, შეფუთვაზე და ა. შ. Extra.ge-ზე პროდუქტის განთავსება და თანამშრომლობის დაწყება ძალზე იოლია. Extra.ge-ს მარკეტინგის დირექტორის, მარიშა გოგოლაურის თქმით, პროცესი სულ რამდენიმე მარტივი ეტაპისაგან შედგება.


Extra-ზე ამ ეტაპზე განთავსებულია 150 000-ზე მეტი პროდუქტი. მერჩანტს შეუძლია განათავსოს მისი სრული ასორტიმენტი. პროდუქტის მაქსიმალური რაოდენობა არ არის შეზღუდული. მხოლოდ პროდუქტის ფასი არ უნდა იყოს იმაზე მეტი ვიდრე ნებისმიერ პლატფორმაზე თუ ფიზიკურ მაღაზიაში, რადგან ექსტრა მომხმარებლებს საუკეთესო ფასის გარანტიას სთავაზობს .


Vendoo-ზე ნებისმიერი კომპანიის რეგისტრაცია ერთ დღეში ხდება. პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელის, ნიკა ჩილინდრიშვილის, თქმით, კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ პროცესზე პასუხისმგებლობას უკვე Vendoo იღებს.

„ამის შემდეგ მთლიანად ჩვენ მხარეს არის პროცესი: ყიდვა, გადახდის მეთოდები, მომხმარებლისგან თანხის აღება და ა. შ. ასევე მიტანის ნაწილი. მთავარია, გვქონდეს კონკრეტული მისამართი, საიდანაც ეს პროდუქტები უნდა წამოვიღოთ. ამ ნაწილს ჩვენი კურიერები აგვარებენ“.


შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება იმავე დღიდან მესამე დღის ჩათვლით. საიტზე სხვადასხვა ოფციაა, რომელსაც მომხმარებელი ირჩევს. იმავე დღეს მიტანა ფასიანია. მეორე და მესამე დღეს – უფასო.


პროდუქტიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, Vendoo მარკეტინგულ მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს. თუ პროდუქტი მოთხოვნადია, მისთვის მარკეტინგული ბიუჯეტი გამოიყოფა. თუ მომხმარებელი მხოლოდ ნახავს, მაგრამ არ შეიძენს პროდუქტს, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე დღის განმავლობაში Vendoo შეახსენებს, რომ შესყიდვა დაასრულოს. მომხმარებელს შეუძლია, სხვადასხვანაირი გადახდის მეთოდით ისარგებლოს – ბარათით, განვადებით, განაწილებით, კრიპტოვალუტით – გადახდის ყველა მეთოდით, რომელიც ქართულ ბაზარზეა რელევანტური.