ბიზნესმენებსა და მეწარმეებს წარმატების გზაზე ბევრ რამეზე უწევთ უარის თქმა, თუმცა ამ სფეროში ორი რამაა, რისი დათმობაც ნამდვილად გაზარალებს — ეს პრაქტიკული გამოცდილება და სწორი კავშირებია. ზუსტად ამიტომ იქმნება ბიზნეს საზოგადოებები (Business Communities) — ფიზიკური თუ ონლაინ გაერთიანებები, რომელთა მიზანი მეწარმეობის მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარებაა.
ბიზნეს საზოგადოებებში სხვადასხვა პროფილის ექსპერტები, მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესის მმართველები და სტარტაპერები იყრიან თავს. ისინი ერთმანეთს უსმენენ, ესწრებიან ვორქშოპებს, ლექციებს, მოკლე თუ გრძელვადიან კურსებს, რჩევებს იღებენ ისეთი პროფესიონალებისგან, რომლებთან დაკავშირება მანამდე თითქმის წარმოუდგენელი იყო. ერთი სიტყვით, ესაა სივრცე ბიზნესის მხარდაჭერის, მოტივაციის, ცოდნის გადაცემისა და გაძლიერებისთვის.
ბიზნესის გაძლიერება და მხარდაჭერა კი არასდროს ყოფილა ისე მნიშვნელოვანი, როგორც ბოლო ერთ წელიწადში. მოულოდნელ კრიზისთან გასამკლავებლად თიბისიმ ბიზნესებისთვის კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი — ბიზნეს კლუბი ჩამოაყალიბა. თუმცა, სანამ ამ უნიკალურ გაერთიანებას გაგაცნობდეთ, მანამდე მოგიყვებით, რა ტიპის ბიზნეს საზოგადოებები არსებობს საზღვარგარეთ.
რა სახის ბიზნეს საზოგადოებები ყალიბდება მსოფლიოში?
მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებმა იციან, რომ ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირება, მათ შორის ურთიერთობების გაძლიერება და თანამშრომლობა საერთო წარმატების საფუძველია. ისინი ქმნიან სივრცეებს, ბიზნეს საზოგადოებებს, რომელთა მთავარი მიზანი მეწარმეობის განვითარება და თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ამის საუკეთესო მაგალითი საერთო სამუშაო სივრცეებია.
მართალია, სტარტაპები, როგორც წესი, დამფუძნებლების გარაჟში ან საძინებლებში “დგამენ პირველ ნაბიჯებს”, თუმცა თანამედროვე კომპანიების დიდ ნაწილს საერთო სამუშაო სივრცეებში საქმიანობა ურჩევნიათ. მსოფლიოში ცნობილი ტაქსის სერვისი, Uber-იც ასეთ საერთო სამუშაო სივრცეში შეიქმნა. საერთო სამუშაო სივრცეებს შორის წამყვანი კომპანიაა 1871 ჩიკაგოდან, რომელიც სტარტაპებს წვდომას აძლევს ფიზიკურ სივრცეზე (სტარტაპების უმეტესობას ხომ ოფისის ქირაობის საშუალება არ აქვს), რესურსებსა და განათლებაზე. ის ადგილის გარდა, კომპანიებისთვის ერთ ფასდაუდებელ რამეს უზრუნველყოფს — ერთნაირი ინტერესების მქონე მეწარმეებს, სტარტაპერებს, ფრილანსერებსა თუ მათ მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს, რითაც ბიზნესის სწრაფ განვითარებას უწყობს ხელს.
“რაღაც ამაღელვებელს” ჰპირდება მეწარმეებს BizSugar-იც, რომელიც სიახლეების, რესურსებისა და კონტენტის მაძიებელი ბიზნესმენების გასაერთიანებლად შეიქმნა. აქ წევრებს ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიის საშუალება აქვთ, ესწრებიან კურსებს, აქვთ ყოველთვიური დავალება-გამოწვევები, ასევე, იმართება ონლაინ ღონისძიებები.
საინტერესოა ისიც, რომ ბიზნეს საზოგადოებები ფიზიკურ საზღვრებში სულაც არაა მოქცეული. მათ დიდი წარმატებით შეუძლიათ ონლაინ საქმიანობაც. მაგალითად, 199Jobs დავალებების აუთსორსზე შესრულებისთვის შეიქმნა, ის ცნობილ ფლილანსერულ პლატფორმას, Fiverr-ს წააგავს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ, როგორც ამბობენ, 199Jobs-ზე ციფრული საქმისა და სერვისების მიმოცვლა ბევრად უფრო სწრაფადაა შესაძლებელი.
საზოგადოებებს ქმნიან ისეთი გიგანტური კომპანიებიც, როგორებიცაა ფლეისთეიშენი ან სტარბაქსი. “ჩვენ გვჯერა, რომ საოცარი რაღაცები ხდება, როცა დიდებულ ყავასა და დიდებულ ადამიანებს ერთად მოუყრი თავს”, — ამბობენ სტარბაქსში, რომლის ონლაინ საზოგადოება “იდეებით, ენთუზიაზმითა და ინტერესითაა სავსე”. ამ ერთობაში ადამიანები იდეებს ცვლიან და მეტიც, თავად კომპანიასაც აწვდიან რჩევებს პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. მათი დახმარებით ყავის გიგანტმა მრავალი რეცეპტი თუ ინოვაციური სიახლე დანერგა.
თიბისის ბიზნეს კლუბი და მისი ფეისბუქჯგუფი, როგორც ქართული ბიზნეს საზოგადოების საუკეთესო მაგალითი
“ახლახან ციფრული მარკეტინგის კურსს დავესწარი, პავლე გაბრიჭიძე უძღვებოდა, თიბისის ბიზნეს კლუბის წევრი ვარ და მათი ორგანიზებული იყო” — რამდენიმე დღის წინ სრულიად მოულოდნელად მითხრა ჩემმა მეგობარმა, მიხეილმა, რომელსაც უბრალოდ სოციალური მედიის ავან-ჩავანზე ველაპარაკებოდი. ცხადია, ციფრულ მარკეტინგზე ბევრი აღარ გავაგრძელეთ და თიბისის ბიზნეს კლუბის წევრობით დავინტერესდი.
მიხეილს საშუალო ზომის ბიზნესი აქვს და მის გასაფართოებლად ყოველდღიურად ახალ გზებს ეძებს; ის ბიზნეს კლუბის წევრი რამდენიმე თვის წინ გახდა და ახლა, როცა კითხვები უჩნდება, რჩევებს კლუბში მასზე ბევრად გამოცდილი პროფესიონალები აძლევენ, ესწრება შეხვედრებს და სარგებლობს სხვადასხვა ხელსაყრელი შეთავაზებით. “იცი, რა კარგი შემოთავაზებები მომდის, ცოტა ხნის წინ Windfor’s-ის სოციალური მედიის სტრატეგიაზე იყო ფასდაკლება. წარმოიდგინე, რა მაგარია, თან ხომ იცი, ფეისბუქის ამუშავება სულ მინდოდა. თან ბიზნეს კლუბის წევრებს ქეშბექიც აქვთ ფეისბუქ რეკლამაზე”, — კმაყოფილმა გამიმხილა ციფრული მიზნებიც.
ბიზნეს კლუბი გასული წლის ბოლოს შეიქმნა. მიზი მიზანი ბიზნესის მხარდაჭერა, წევრებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, სანაცნობო წრის გაფართოება და სოციალიზაციაა. კლუბის წევრებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობა, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, კითხვა-პასუხის სესიებსა და პანელურ დისკუსიებზე დასწრება შეუძლიათ.
“ბიზნეს კლუბი მუდმივ სიახლეებზეა აგებული. კონცეპტუალურად ის გამოწერის მოდელზეა დამყარებული და კლუბში გასაწევრიანებლად ბიზნესმენმა პროდუქტებისა და მომსახურების სხვადასხვა ღირებულების ნაკრებიდან ერთი უნდა შეიძინოს, თუმცა ამის მიღმა მას აქვს ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა შემოთავაზებას მოიცავს. ეს შემოთავაზებები კი ხშირად იცვლება”, — ამბობს თიბისი ბიზნესის ბრენდ მენეჯერი, ანი გვათუა. ახლა კი ბიზნეს კლუბის წევრების კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, ფეისბუქ ჯგუფიც იქმნება და მასში გასაწევრიანებლად ბიზნესმენებს მოწვევა მალე გაეგზავნებათ.
“მართალია, საზოგადოებას და ბიზნესს მძიმე პერიოდი უდგას, თუმცა ვფიქრობ, ახლა კარგი დროა ასეთი გაერთიანების შექმნისთვის. აქ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები იქნებიან და თავისუფალი გარემო ჩამოყალიბდება კითხვების დასმისთვის, რჩევის მიღებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. გვსურს, ჯგუფის წევრებმა იცოდნენ, რომ ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხს მიიღებენ”, — გვიყვება ანი გვათუა.
ჯგუფის უპირატესობა ისიცაა, რომ ამ სივრცეში არამხოლოდ ბიზნესმენები, არამედ სხვადასხვა დარგის ექსპერტებიც მოიყრიან თავს და კლუბის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე პროფესიონალური პასუხს გაცემას შეძლებენ. ჯგუფი აქტიური იქნება — აქ ყოველდღე გაიმართება საინტერესო შეხვედრა, კითხვა-პასუხის სესიები, ამასთან, სხვადასხვა დროს ჯგუფის მართვის საშუალება ექნება რომელიმე დარგის ექსპერტს და ის მთელი დღის განმავლობაში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
ასე რომ, აქ და ახლა თიბისი ქმნის ბიზნეს საზოგადოებას, რომელიც სამომავლოდ დარგის გაძლიერებას, კავშირების გამყარებასა და მთლიანად, ქართული ბიზნესის წარმატებას შეუწყობს ხელს.