ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“
ბიზნეს ბლოგი
27 სექტემბერი 2021
visibility 5410

ბიზნესების განვითარების, გაძლიერების, ხელშეწყობისა და წახალისებისთვის უკვე მეექვსე წელია საქართველოში იმართება მასშტაბური ღონისძიება - ბიზნესდაჯილდოება. პროექტში თიბისი, პარტნიორებთან ერთად, გამოვალენს და დააჯილდოებს იმ მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ქართული ბიზნესსოციუმის გაჯანსაღებასა და განვითარებაში. 


ამ ბლოგში წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ახალ ნომინაციაზე - „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში” - გიამბობთ და გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც ბიზნესებს ამ მიმართულებით შეაფასებენ.




„ბიზნესდაჯილდოება ცხოვრებას ოპტიმისური თვალით გვანახებს, აძლიერებს ბიზნესსექტორს, ხელს უწყობს კომპანიების წახალისებას და საშუალებას აძლევს, ახალი იდეები დანერგონ”, — ასე განმარტავს დავით წიკლაური ბიზნესდაჯილდოების მნიშვნელობას ჩვენს რეალობაში.


მისი თქმით, ახალ ნომინაციაში ჟიური გამოავლენს ბიზნესებს, რომლებმაც რეგიონში სამუშაო ადგილები შექმნეს, დანერგეს ინოვაციები და სხვებსაც გაუჩინეს მსგავსი საქმის კეთების სურვილი. იგი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით დასაფასებელია ისეთი ბიზნესები, რომლებმაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები წარმოქმნეს.


„ვფიქრობ, უნდა გამოვავლინოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც სხვებისთვის მაგალითის მიმცემია, აგრძელებს მნიშვნელოვან ტრადიციას, აცოცხლებს სოფელს და სხვა. წასახალისებელია ისეთი ინიციატივებიც, რომლებიც რთულ პირობებში, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში ხორციელდება”.


დავითი მცირე და საშუალო ბიზნესებს შემდეგ რჩევას უზიარებს: „მნიშვნელოვანია საქმის წამოწყება. თუმცა, დიდ რისკებზე წასვლამდე სჯობს დაფიქრდეთ, რათა იგრძნოთ, რამდენად მყარია ის გეგმა და ნიადაგი, რომელსაც მიჰყვებით. ამასთან, საჭიროა იყოთ ინოვაციურები და ორიგინალურები.”



ეკა ქათამაძის აზრით, ბიზნესდაჯილდოება ყოველწლიურად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ქართულ ბიზნესსამყაროში. იგი ბიზნესებს მოტივაციას აძლევს და ზრდის მათ ხილვადობას.


„ბიზნესები, რომლებიც გასულ წლებში გამარჯვებულის სტატუსით დაჯილდოვდნენ, უფრო და უფრო ვითარდებიან. თავად ღონისძიება კი პრესტიჟულია — მასში მცირე კომპანიების გარდა, დიდი ბიზნესებიც აქტიურად მონაწილეობენ.”


ეკა ამბობს, რომ ამ ნომინაციაში შეფასების მთავარი კრიტერიუმი რეგიონზე დადებითი ზეგავლენის მოხდენაა: „ჩემი დიდი სურვილია, გამოჩნდეს მეტი საწარმო — სწორედ წარმოებას შეუძლია სასიკეთო ცვლილებების მოტანა. გვსურს, ვნახოთ, თუ რამდენად შეცვალა ბიზნესმა გარემო იქ, სადაც მოღვაწეობს, როგორ შეცვალა განწყობა დასაქმების მიმართ, განავითარა ინფრასტრუქტურა და სხვა”.


იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესდაჯილდოების პროექტში პირველად დაინერგა ნომინაცია რეგიონის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული როლის შესახებ, ეკას, როგოროც ჟურის წევრს, მისდამი დიდი ინტერესი და მოლოდინი აქვს. Როგორც თავად გვიამბობს: „ამ ბიზნესების შეფასება ერთგვარი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა”.


მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ეკას ასეთი რჩევა აქვს: „არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის ზომას, მთავარია პირველივე დღიდან ბიზნესი იმართებოდეს ბიზნესის მთავარი პრინციპებით: სისტემატიზირებულად და ზრდაზე ორიენტირებით. ამასთან, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების და წარუმატებლობის — ეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა გაიაზროთ, გაიაროთ და მომავალში გამოიყენოთ.”



„რეგიონში ერთი წარმატებული ბიზნესწამოწყება გადამდებია სხვებისთვის. რეგიონებს სჭირდება სტიმული, რომელსაც ეს დაჯილდოება აწვდის. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ან არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა, არამედ მას სათავეში უდგას კერძო ბიზნესი, ამ შემთხვევაში — თიბისის სახით”, — გვიყვება გვანცა ირემაშვილი.


გვანცა მრავალი წელია რეგიონების საკითხებზე მუშაობს და ამბობს, რომ ერთი ბიზნესის წახალისებითაც კი რამდენიმე პრობლემაზე პასუხის გაცემა შეგვიძლია: „გვინახავს მაგალითები, თუნდაც მაღალმთიან რეგიონებში, სადაც დაცლილი სოფლები ერთმა ბიზნესინციატივამ თავიდან შეავსო სიცოცხლით; შემოიკრიბა მეზობლები და შექმნა ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. რეგიონში ერთი კომპანიაც კი ერთბაშად პასუხობს რამდენიმე პრობლემას —  მიგრაციის, ეკონომიკური განვითარების თუ გარემოს დაცვის კუთხით”. 


ის აღნიშნავს, რომ პროექტში „გამჭვირვალე და ადეკვატური” კრიტერიუმებია დადგენილი — „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია ოპერირებს ბაზარზე ესა თუ ის კომპანია, ან როგორია მისი ბრუნვა, -  ყველას ეძლევა თანაბარი შანსი, არავინ რჩება ყურადღების მიღმა”.


გვანცას რჩევა მცირე ბიზნესებს: „მარცხსა და დასასრულს შორის, ტოლობის ნიშანი არ უნდა დასვათ. Მარცხი თუ შეცდომა უნდა იყოს წინსვლისა და ხელახალი მცდელობის მიზეზი. არ შეწყვიტოთ განვითარება —- მსოფლიო გიჟური ტემპით ვითარდება და თუ ჩვენ ფეხი არ ავუწყვეთ მას, ძალიან ჩამოვრჩებით.”



„მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება ბანკისგან, რომელიც ზრუნავს ღირებულებათა ჯაჭვის შექმნაზე”, — ამბობს მედეა ტაბატაძე.


ახალი ნომინაციის შესახებ კი აღნიშნავს, რომ ისეთი ბიზნესების გამოჩენის მოლოდინი აქვს, რომლებიც რეგიონებში ამაღლებენ ცნობიერებას, ქმნიან გარკვეული ტიპის ცოდნასა და კონკურენტულ გარემოს — სტიმულს აძლევენ სხვა კომპანიებსაც, რაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ბაზრისა და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის.


მედეა მიიჩნევს, რომ ბიზნესდაჯილდოებაში კომპანიებმა არა მხოლოდ გამარჯვებისთის, არამედ სულ მცირე ახალი გამოცდილებისთვის მაინც უნდა მიიღონ მონაწილეობა - „ესაა ძალიან საინტერესო და სტრუქტურირებული პროცესი. თუნდაც სააპლიკაციო ფორმის შევსებისას, ბიზნესის მფლობელს ბევრი რამის გადააზრება უწევს. ამასთან, მას მხარს დაუჭერს და დაეხმარება ისეთი ძლიერი ინსტიტუტი, როგორიც თიბისია. ეს კი დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში უდავოდ მნიშვნელოვანია”.


მცირე ბიზნესებს იგი ურჩევს: „თუ გულით გჯერათ იმის, რისი გაკეთებაც გსურთ, ნამდვილად ყველაფერი გამოგივათ. მცირე ბიზნესებს განსაკუთრებით სჭირდებათ მხარდაჭერა: კარგია, თუ მათ ეყოლებათ მრჩევლები გამოცდილი ბიზნესებიდან — ეს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა. და ბოლოს, დამფუძნებლის ღირებულებები გავლენას ახდენს მის წარმატებაზე — ბიზნესებს ვუსურვებ ამ ღირებულებებში სიმტკიცეს.”



გვანცა მელაძის აზრით, ბიზნესდაჯილდოება აღვივებს სამეწარმეო სულისკვეთებას და ახალისებს ბიზნესის წარმოებას ქვეყანაში.  


„უკანასკნელი ორი წელი განსაკუთრებით მძიმე იყო ისეთი რეგიონისთვის, სადაც ბიზნესის ბრუნვა ერთ მოსახლეზე რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე თბილისში. ველი კანდიდატებს, რომლებმაც ბოლო დროის გამოწვევები გადააქციეს შესაძლებლობებად და გამოიყენეს ეს შესაძლებლობები არა მარტო საკუთარი ბიზნესების, არამედ მის გარშემო არსებული გარემოს გასაუმჯობესებლად”, — გვიამბობს ის.


გვანცა აღნიშნავს, რომ გასულ წლებში ბიზნესდაჯილდოებებზე აღმოაჩინა არა მარტო ახალი ბიზნესები, არამედ ახალი ბიზნესდარგებიც, რომელთა შესახებ მანამდე არ სმენოდა. მისი თქმით, მხოლოდ მონაწილეობითაც კი, ბიზნესები შეძლებენ უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკუთარი მიღწევები, მიზნები. „დაჯილდოების განაცხადის შევსებისას, მოცემული შეკითხვები ბევრ რამეზე დააფიქრებს მეწარმეებს და შესაძლოა, ახალი იდეების დაბადებასაც შეუწყოს ხელი. ბიზნესდაჯილდოება არის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი შორიდან შეიცნო შენი ბიზნესი, დაინახო სისუსტეები და სიძლიერეები, გააანალიზო შესაძლებლობები”.


გვანცა ახალბედა ბიზნესებს ურჩევს, დაისახონ ამბიციური გრძელვადიანი მიზნები და რეალისტური მოკლევადიანი გეგმები. „რაც შეეხება ბიზნესდაჯილდოებაში წარმატების მიღწევას, ახალბედა კომპანიებს ვურჩევ, მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი მიღწევები, მათ ხელთარსებულ შესაძლებლობებთან მიმართებით.”


ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე  www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან. ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.