ბიზნეს სიახლეები
Windfor’s x საქართველოს ამერიკელი მეგობრები
ბიზნეს ბლოგი
25 ოქტომბერი 2021
visibility 2827



საკომუნიკაციო სააგენტო, Windfor’s Tbilisi  წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილეა. Სარეკლამო სააგენტესოსა და American Friends of Georgia-ს კოლაბორაციამ საკმაოდ ხმაურიანად ჩაიარა. თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი პროექტი – Dze-Georgian Project ძეგვის თავშესაფრის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კამპანიაა. პროექტის ექაუნთ მენეჯერის, თინათინ ხაფავას თქმით, სწორედ ამ კამპანიის წარმატების გაზიარება გახდა ვინდფორსისთვის ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მთავარი მოტივი. 

„ბიზნესდაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ბიზნესების წასახალისებლად. წელს ჩვენც გადავწყვიტეთ მონაწილეობა, რათა კიდევ ერთხელ, ყველასთვის შეგვეხსენებინა ძეგვის თავშესაფარი და ჩვენი პროექტი Dze-Georgian Project“ – თინათინ ხაფავა. 

ფილანთროპია ვინდფორსისა და American Friends of Georgia-ს ერთობლივი კამპანიის მთავარი მიმართულებაა. პროექტის ავტორები შეეცადნენ, რომ ქველმოქმედება, ადამიანების საჭიროებებზე ფიქრი და ემპათია სოციუმის ყოველდღიურობის ნაწილად ექციათ. ამ გზავნილების საზოგადოებამდე მისატანად კი მოდის ენა და გამოსახვის თანამედროვე საშუალებები აირჩიეს.  ასე შეიქმნა პროექტი Dze-Georgian Project, რომლის მთავარი აქტორები ძეგვის თავშესაფრის მკვიდრები არიან.

 „მოდური ტანსაცმელი და აქსესუარები საყოველთაო ყურადღების ცენტრში მარტივად ექცევა. ქუჩის მოდა – ქურთუკები, მაისურები, კედები, რომლებიც 90-იან წლებში გვეცვა, კვლავ აქტუალურია და ხშირ შემთხვევაში, დღევანდელი ჩაცმულობის სტილის განუყოფელი ნაწილს წარმოადგენს. სარეკლამო ბროშურებსა თუ მუსიკალურ ვიდეორგოლებში ხშირად შევხვედრივართ ადამიანებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინერების შექმნილი, ძვირადღირებული ტანისამოსით იწონებენ თავს. თუმცა, არიან სხვებიც – მსგავსი, ზოგჯერ იდენტური ჩაცმულობით, მაგრამ მათზე თითქმის არავინ საუბრობს. მათი სოციალური მდგომარეობა მთლიანადაა დამოკიდებული საზოგადოების ჩართულობასა და ამ საზოგადოებაში არსებულ ფილანთროპიის კულტურაზე.  ამიტომაც, გადავწყვიტეთ სწორედ ამ ადამიანებისკენ მიგვეპყრო საზოგადოების ყურადღება და შევქმენით - „ძე – ქართული პროექტი“ – ტანსაცმლის ფსევდო ბრენდი, რომლის უკან ყველასთვის კარგად ნაცნობი სახელი – ძეგვია“ – ვკითხულობთ პროექტში.

ვიდეო, რომელიც ამ კამპანიის პირველი ნაწილის მთავარი კომპონენტია, სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და თავისი შთამბეჭდავი, დინამიური იმიჯით, სახასიათო ტიპაჟებითა და მათი სამოსის მიმზიდველი, 

თითქოს ძველი, მაგრამ სრულიად ახლებურად დანახული დიზაინით, საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო. ვიდეორგოლში ძეგვის თავშესაფრის მკვიდრი სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანები მონაწილეობენ და თავიანთი ყოველდღიური სამოსით პოზირებენ.

ძეგვის თავშესაფარი 1995 წელს დაარსდა და თავდაპირველად, უსახლკარო ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. 2010 წლიდან კი აქ სხვადასხვა ასაკის, ფიზიკური თუ მენტალური საჭიროების მქონე ადამიანები და მარტოხელა დედები ცხოვრობენ. დღეისათვის, აქ უკვე 80-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ვინდფორსსა და American Friends of Georgia-სთან ერთად, კამპანიის მეორე ტალღაში სხვა ქართული კომპანიებიც ჩაერთნენ: ჟუჟუნა; მარიამ გვასალია; ლაკო ბუკია; ალტერსოქსი, SITUATIONIST; Anuka Tavartkiladze Product Design; Person; მტკვარზე • MTKVARZE; ეზო • ezo.;  დედაენის ბარი; პური გულიანი; Colibri; სულაკაურის გამომცემლობა; KHIDI; Vintylator ვინტილატორი;  რაბაზარია • Rabazaria; Ceramic Studio 1300 Jibu/Taso; DALOOD - დალოოდი;  Objects; ზომა • Zoma; Sarajishvili, 0711; წინანდლის პრემია / Tsinandali Award.

Dze-ს ლოგოს საკუთარ პროდუქციაზე განთავსებით, ქართულმა ბრენდებმა ძეგვის თავშესაფრის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და პროდუქციისა თუ მომსახურების გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი თავშესაფარს გადასცეს. კოლაბორაციის ფარგლებში 20-მდე პროდუქტი შეიქმნა.