ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“
ბიზნეს ბლოგი
22 ოქტომბერი 2021
visibility 4680


სოლიდ გრუპი

 

კომპანია „სოლიდ გრუპი“ დაარსების დღიდან საკუთარ მოვალეობად აღიქვამს წვლილი შეიტანოს სოციალურ განვითარებაში. საწყის ეტაპზე პრიორიტეტულ მიმართულებებს გუნდისთვის ჯანდაცვა და სოციალური დახმარება წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც კომპანია სხვადასხვა სოციალურ ორგანიზაციებსა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებს დაეხმარა. რაც შეეხება ჯანდაცვას, ეპიდემიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოავლინა არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელთა გამოსწორებაშიც წვლილის შეტანა კომპანიამ საკუთარ პასუხისმგებლობად მიიღო. აღნიშნულის ფარგლებში გართულებული საბაჟო თუ შიდა რეგულაციების მიუხედავად, კომპანიამ უზრუნველყო ხარისხიანი ლაბორატორიული პროდუქციის იმპორტი და პროდუქციის უმეტესი ნაწილი საჭიროებისამებრ უსასყიდლოდ გაანაწილა არაერთ კლინიკაზე, რითაც საკუთარი წვლილი შეიტანა ვირუსული შემთხვევების დროულ აღმოჩენასა და პრევენციაში. დღეს, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გარდა, განათლებაზე ზრუნვა გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანიის მიზანია, სტუდენტების დახმარება აკადემიური განვითრების ამოცანების განხორციელებაში, ასევე კურსდამთავრებულების დასაქმების უზრუნველყოფა, ზრუნვა მათ კარიერულ განვითარებაზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში კომპანია სწორედ სტუდენტების დახმარებით ზრუნავს საზოგადოებაში ჯანდაცვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ღონისძიებების მოწყობაზე. 



 



ოჯახის ექიმი

 

კომპანია 30 წელია ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით აქტიურ სამედიცინო მომსახურეობას ეწევა.  მათ შორის არის უშვილობასთან დაკავშირებული და დემოგრაფიული პრობლემები. თითქმის 3 წელია კომპანიამ დანერგა თერაპიული მკურნალობის მეთოდი თანამედროვე ტექნოლოგიებით - "ორთოპედიული გინეკოლოგია" და გამოუშვა სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელო ექიმებისა და სტუდენტებისათვის. კომპანია მკურნალობის თანამედროვე მეთოდს, დარგობრივი ასოციაციის საშუალებით, აქტიურად ნერგავს სამედიცინო დაწესებულებებში. 


 



კოდალა

 

საოჯახო მეურნეობას „კოდალა“ 450 სკა ფუტკარი ჰყავს, რომლის მოშენებაც ოჯახმა 70 წლის წინ დაიწყო. მეურნეობიდან ყოველწლიურად საშუალოდ 5000 კგ თაფლს და ფუტკრის სხვა პროდუქტს იღებენ. კოდალამ შეძლო, ჩამოეყალიბებინა პასუხისმგებლიანი სამეზობლო საზოგადოება, სადაც ფერმერები და მეფუტკრეები ერთმანეთის ინტერესს ითვალისწინებენ.  საქართველოს სამ რეგიონში, მეურნეობის დისლოკაციების რეგიონებში: მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, კახეთი _ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე მოხდა იმის აღიარება, რომ ფუტკრები და სხვა დამმტვერავები მიჩნეულ იქნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების საერთო სისტემის ნაწილად, სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად. ამ გზით მიღწეულ იქნა აღნიშნულ რეგიონებში სხვადასხვა ქიმიური პესტიციდების ჩანაცვლება ბუნებრივი სასუქებით, ან მინიმუმ, მათი მოხმარების მკაცრი რეგულირება. შეიქმნა საქართველოში ერთ-ერთი პირველი და სამედიცინო-სამეცნიერო ბაზაზე დაფუძნებული აპითერაპიის ცენტრი, რომელსაც აქვს მოქმედი აპი-კაბინა. COVID-19-ის პანდემიამ ადამიანების ჯანმრთელობას მრავალმხრივი ზიანი მიაყენა, სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადება გრძელდება პოსტკოვიდურ პერიოდშიც. ეს ის სფეროა, რომელშიც აპითერაპიის ცენტრი აქტიურ მონაწილეობას იღებს. 





 

ლევიოსა


მოძრაობის სივრცე "ლევიოსა" 2021 წლის 30 მარტს გაიხსნა და თავიდანვე მიზნად ისახავდა ადამიანებისათვის ცეკვისა თუ ვარჯიშის მაქსიმალურად მრავალფეროვანი არჩევანი შეეთავაზებინა ადამიანებისთვის. ეს გამოწვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პანდემიის პირობებში, როდესაც ახალმა რეალობამ არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასაც შეუქმნა საფრთხე. ჩანაფიქრმა გაამართლა - ლევიოსა ძალიან მალე გახდა არაერთი ადამიანის საყვარელი სივრცე, სადაც ასაკისა და სქესის განურჩევლად ყველას შეუძლია საკუთარი მოძრაობის პოვნა - იქნება ეს პილატესი, არგენტინული ტანგო, ჰიპ-ჰოპი, კარატე, ზუმბა, ბალეტი, იოგა, ცეკვის თერაპია თუ სხვა.