წარმატების ისტორიები
Soplidan.ge - სოფლის პროდუქტები ონლაინ
21 აგვისტო 2020
visibility 2289


დღეს კომპანია სოფლიდან.ჯი ს დამფუძნებელი, ნათია ნინიკელაშვილი ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობს და თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ ადამიანებმა ეკოლოგიურად სუფთა პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღონ სახლიდან გაუსვლელად. 

როგორც ნათია ნინიკელაშვილი გვიყვება, უსაფრთხოების ზომები აქამდეც მკაცრად იყო დაცული და „სურსათის ეროვნული სააგენტო“ თითქმის ყველა მიმართულებით ამოწმებდა პროდუქციას. 

„ახალ სტანდარტებზე გადავეწყვეთ, გუნდი ორ ნაწილად დავყავი, რათა მაქსიმალურად მოერიდონ ერთმანეთთან კონტაქტს. იმ დროს, როცა ადამიანები უხელფასო შვებულებაში გადიან, ჩვენ შევძელით და 7 ახალი კადრი დავიმატეთ. ეს ადამიანები, ძირითადად, საწყობში და მიტანის დროს მუშაობენ. Soplidan.ge აქამდეც დისტანციურად მუშაობდა, რამაც პროცესები გაამარტივა. მიუხედავად ამისა, ბევრი რამის შეცვლა მაინც მოგვიწია. კორპორატიული კულტურა უფრო განვავითარეთ და არსებული რეკომენდაციბი მაქსიმალურად გავითვალისწინეთ, რათა უსაფრთხოება მეტად დაგვეცვა, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე - მომხარებლებისთვის. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა თითოეულმა მათგანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები“ - გვიყვება ნათია ნინიკელაშვილი. 

მისი თქმით, Soplidan.ge-ს კონცეფციის გადახედვაც მოუწია და პროდუქციის ჩამონათვალში „ბაკალეაც“ დაამატეს, სადაც 50-მდე სხვადასხვა საკვები შედის, მათ შორის: შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა და ა.შ. 

გარდა ამისა, მიტანის სერვისი თბილისში და მის შემოგარენში (კოჯორი, წყნეთი) უფასო გახდა. 

„გადახდის საშუალებებიდან სრულად ამოვიღეთ ნაღდი ანგარიშსწორება და უკონტაქტო გადახდაზე გადავედით. რაც შეეხება მოწოდებას, ბოლო პერიოდში ტრანსპორტირება გართულდა და ჩვენც სხვადასხვა გზის ძიება გვიწევს, რათა პროდუქტები მივიღოთ. ვეცდებით ასორტიმენტი არ შევამციროთ და რომელიმე პროდუქტის ამოღების შემთხვევაში ალტერნატივა ვიპოვოთ“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

 

Soplidan.ge-ს სტრატეგია ნათელია - მიიღო პრევენციული ზომები, რათა კრიზისებს უფრო მომზადებული შეხვდე. შედეგად, დღეს სტარტაპის ოპერაციათა სისტემა სრულადაა გამართული და მომავალი 2-3 თვის განმავლობაშიც ხარვეზის გარეშე შეძლებს მოსახლეობის სურსათით მომარაგებას. 

კომპანიას არც სოციალურად დაუცველი ჯგუფები ავიწყდება და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მათი საკვებით მომარაგებაზეც ზრუნავს.